საზოგადოება

დისკრიმინირებული სქესი

6 თებერვალი, 2014 • 4046
დისკრიმინირებული სქესი

საქართველო იმ ქვეყნების სიაში რჩება, სადაც სელექციური აბორტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რატომ არჩევენ ქართველები შვილის სქესს და რა სტერეოტიპების გამო მცირდება გოგონების შობადობა ქვეყანაში?

“ბათუმიდან ორი დღის წინ მყავდა პაციენტი, რომელიც თბილისში სწორედ შვილის სქესის დადგენის გამო ჩამოვიდა. მითხრა, თუ გოგოა არ მინდა, რადგან ბიჭი უნდა გავაჩინოო”, – გვეუბნება მანანა ქოჩიაშვილი, რომელიც თბილისში “რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უშვილობის ცენტრში” რადიოლოგად მუშაობს. მისი დაკვირვებით, სქესის სელექციური შერჩევის შემთხვევები ქვეყანაში დღესაც ფიქსირდება, თუმცა წინა წლებთან შედარებით, ტენდენცია შემცირებულია.

მანანა ქოჩიაშვილის თქმით, 2006 წლამდე სქესის დადგენის მიზნით ექოსკოპისტებთან მასობრივი დინება იყო. ბოლო წლებში კი შემთხვევებმა იკლო: “თვეში შეიძლება ერთი-ორი შემთხვევა დაფიქსირდეს”.

რადიოლოგის თქმით, სქესის სელექციის შემთხვევები ისევ ხშირია ეთნიკურად აზერბაიჯანულ მოსახლეობაში და აჭარაში.

“ჩვენ პირდაპირი მითითება გვაქვს, რომ მშობლებს ბავშვის სქესი არ გავუმხილოთ, ეს მთელ მსოფლიოში კანონითაა აკრძალული. მე, პირადად, 41 წლის ასაკში გავაჩინე მეოთხე შვილი და ჩემს კოლეგებსაც იმავეს ვურჩევ, როცა აბორტს ახსენებენ”, – გვეუბნება რესპონდენტი. იგი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მესამე შვილის გაჩენაზე პატრიარქის განცხადებამაც იქონია გავლენა.

“საერთოდ, კითხვა გაჩენა-არგაჩენაზე მესამე შვილის შემთხვევაში ჩნდება. თუ ორი გოგონა ჰყავთ, მესამე გოგო აღარ უნდათ. თუ ორივე სქესის შვილი ჰყავთ, მაშინ საერთოდ აღარ უნდათ გაჩენა. ასეთი აბორტების რიცხვი ძალიან დიდია. კლინიკაში მინიმუმ ექვსი მედიკამენტოზური აბორტი კეთდება ყოველდღე”.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 2006 წლიდან 2012 წლის ჩათვლით 186 812 გოგო და 207 842 ბიჭი დაიბადა. ანუ ბიჭები, გოგონებთან შედარებით, 21, 030-ით მეტნი დაიბადნენ.

ანგისის დედათა და ბავშვთა ცენტრის მეან-გინეკოლოგის ლევან ქორიძის აზრით, სქესთა ასეთი თანაფარდობა სელექციური აბორტების შედეგია.

“სხვანაირად ამხელა სხვაობას ვერ მივიღებდით. ბუნებრივი პროცესის შემთხვევაში, სქესთა თანაფარდობა თითქმის თანაბარია”.

სქესთა შორის ბუნებრივ პროპორციებად, როგორც ევროსაბჭოს კვლევაშია მოცემული, მიჩნეულია, როცა 100 გოგონას 105 ბიჭი შეეფარდება. საქართველოს შემთხვევაში ეს პროპორციები ასე გამოიყურება – 100 გოგონაზე 111 ბიჭი.

“მქონია შემთხვევა, როცა უთქვამთ, – “თუ გოგოა, არ მინდა”. ერთი პაციენტი საერთოდ წავიდა, როცა აბორტზე უარი ვუთხარით. არ ვიცი, სხვაგან მოიშორა ნაყოფი თუ გააჩინა. ძირითადად სოციალური მიზეზებით ამბობენ შვილის გაჩენაზე უარს, ან მენტალური მოტივით, ბიჭი ურჩევნიათ”, – ამბობს ლევან ქორიძე.

ანგისის დედათა და ბავშვთა ცენტრში 2013 წელს 443 ორსულია აღრიცხული. შარშან ხელოვნური აბორტის მაჩვენებელი არის – 528.

ჩვენ შევეცადეთ გასული წლის გენდერული მონაცემები ბათუმის სამშობიარო სახლიდანაც მოგვეპოვებინა. 2013 წელს აქ 1751 ბიჭი დაიბადა და 1610 – გოგონა.

ბათუმის ხუთი საბავშვო ბაღის მაგალითზე სამიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვების გენდერული თანაფარდობა ასე გამოიყურება: გოგო – 524, ბიჭი – 579.

სამეანო გინეკოლოგიის და ქალთა კონსულტაციის ექიმის, მარინე მინდიაშვილის აზრით, ბავშვის სქესის მიმართ მშობელთა ინტერესი ისევ ძალაში რჩება. თუმცა არის შემთხვევები, როცა ექიმის კონსულტაციის შემდეგ მშობელი არასასურველ ნაყოფს მაინც იტოვებს.

“ჩვენ ვაძლევთ მოსაფიქრებელ დროს და გვქონია შემთხვევები, როცა ბავშვი დაუტოვებიათ. თუმცა, ის შედეგი, რაც სტატისტიკურად იკვეთება, მაინც არის სელექციური აბორტების შედეგი, რადგან, როგორც წესი, გოგონები ბიჭებზე მეტნი იბადებიან ხოლმე”.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, ნილს მიუჟნიკსის წერილში, რომელიც ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის ვებგვერდზეა განთავსებული, წერია:

“მდედრობითი სქესის ემბრიონების სელექციური აბორტების თემა ცნობილი არის ინდოეთიდან და ჩინეთიდან, თუმცა ის ასევეა გავრცელებული ევროპის ზოგიერთ ნაწილშიც. ეს მეტად დისკრიმინაციული პრაქტიკა საზოგადოებაში ქალის არაპრივილეგირებული როლიდან მომდინარეობს. აუცილებელია მასთან ბრძოლა და მისი კანონით აკრძალვა.”

ევროპის საბჭოს კვლევებში შობადობის სქესობრივი დისბალანსი საქართველოს გარდა ფიქსირდება მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში, ასევე ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანაში. ასევე ალბანეთში და უფრო იშვიათად მონტენეგროში, კოსოვოში და იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკის – მაკედონიის ზოგიერთ ნაწილში.

“ამ ფენომენს ვხვდებით ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ემიგრანტთა ზოგიერთ თემში. ცნობილია, რომ აღნიშნული დისბალანსის მიზეზს ჩანასახის სქესის მიხედვით მოშორება წარმოადგენს. სქესის შერჩევითი აბორტები დისკრიმინაციულია და უნდა აიკრძალოს”, – ვკითხულობთ ნილს მიუჟნიკსის განცხადებაში.

“განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის კავშირ პროგრესის” ხელმძღვანელი ნინო გაბუნია მიიჩნევს, რომ სელექციური აბორტების მთავარი მიზეზი ქართველი მამაკაცების დისკრიმინაციული დამოკიდებულებაა სქესის მიმართ. “რადგან მათ ურჩევნიათ ჰყავდეთ ბიჭი, ვიდრე – გოგო”.

“თუ ოჯახში ორი ქალიშვილი ჰყავთ, მესამე აუცილებლად უნდა იყოს ბიჭი. აბორტს თუ ვერ იკეთებს ქალი, მანამდე აჩენენ ბავშვებს, სანამ ბიჭი არ შეეძინებათ. მრავალშვილიანი ოჯახების გარკვეული მაჩვენებელი ასეთ სელექციურ ოჯახებზე მოდის. იყო ფაქტები, როცა ქალზე ძალადობდნენ არასასურველი ნაყოფის მოცილების გამო”.

ნინო გაბუნიას აზრით, თუკი პრობლემების სეგრეგაციას მოვახდენთ, პირველ რიგში აუცილებლად დადგება სოციალური და დროის დეფიციტის ფაქტორი, რაც ხშირად ხდება სელექციური აბორტების მიზეზი. თუკი ადრე ქონების გადანაწილების და მემკვიდრეობის საკითხი იდგა უფრო წინ, 21-ე საუკუნეში სხვა ფაქტორებმა ჩაანაცვლა ეს თემა. დღეს ქალები უფრო დაკავებული არიან გარე საქმიანობით, ძიძის დაქირავების აუცილებლობა როცა დგება, ბუნებრივია, 2-3 ბავშვის შემთხვევაში ძიძის მომსახურება უფრო ძვირდება, ამიტომ ეს საკითხი აისახება შობადობაზეც.

“რაც შეეხება სახელმწიფოს ჩარევას, ვფიქრობ, ეს საკითხი არის ოჯახის დასაგეგმი და სახელმწიფოს არ აქვს უფლება აბორტის საკითხებში ჩაერიოს. გარდა მორალური შემთხვევისა, თუ კატასტროფის წინაშე დგება ქვეყნის გენოფონდი.

გოგონა იქნება თუ ბიჭი, შვილი უნდა იყოს მნიშვნელოვანი და არა სქესი. მენტალური პრობლემები სოციალურ- კულტურული ასპექტებიდან იქმნება და მისი ცვლილება რთული და დროში გაწერილი პროცესია. წესით, თუკი სოციალური ფაქტორებით მიუდგებიან სელექციური აბორტების თემას, ბიჭს გაცილებით მეტი სჭირდება, მაგალითად, რაც მეტი ბიჭი გყავს, იმდენი ბინა გჭირდება. მემკვიდრეობის ფაქტორიც აისახება სქესთა სელექციაზე, რადგან მენტალურად საქართველოში ქონების მემკვიდრედ, გვარის გამგრძელებლად მოიაზრება ბიჭი და არა გოგო”.

ნინო გაბუნია მიიჩნევს, რომ დროთა განმავლობაში ეს ტენდენციაც იცვლება, რადგან თუკი ათი წლის წინ საზოგადოების 60 პროცენტი მხოლოდ ბიჭს განიხილავდა ოჯახის ერთადერთ მემკვიდრედ, დღეს ეს მაჩვენებელი 30-40 პროცენტით შემცირდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი