ახალი ამბები

ჯანაშვილი: მერაბიშვილმა გვიბრძანა, რომ 26 მაისს რაც შეიძლება ბევრი მომიტინგე დაგვეკავებინა

3 თებერვალი, 2014 • • 1111
ჯანაშვილი: მერაბიშვილმა გვიბრძანა, რომ 26 მაისს რაც შეიძლება ბევრი მომიტინგე დაგვეკავებინა

მან ისაუბრა იმ გეგმის შესახებ, რომლის მიხედვითაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მიტინგის დაშლა უნდა განხორციელებულიყო. ჯანაშვილის ინფორმაციით, მიტინგის დაშლამდე გაიმართა თათბირი, სადაც ვანო მერაბიშვილისაგან გაიცა ბრძანება, რომ აქციის დაშლის პარალელურად მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა დაეკავებინათ. მისი თქმით, ამის მიზანი იყო ის, რომ შემდეგ ხალხი უკან არ მიბრუნებულიყო და აღლუმის გამართვისთვის ხელი არ შეეშალა:

 

“ამ ხალხს ქუჩა–ქუჩა რომ არ დაეწყო ბოდიალი, უკან რომ არ დაბრუნებულიყვნენ და აქციები არ გაემართათ გვითხრა მაქსიმალურად მეტი ადამიანი დააკავეთო”, – ამბობს ჯანაშვილი. თუმცა, როგორც ის განმარტავს, მერაბიშვილს არ გაუცია გაზის გამოყენების ან ძალის გადამეტების ბრძანება.

 

“თავიდანვე არ ვაპირებდით გაზის გამოყენებას, ზუსტად მახსოვს, რომ მინისტრმა გასცა ბრძანება და მითხრა, რომ უთხარი: ეს არ არის მხოლოდ ბრძნება, ჩემი თხოვნაცაა, რომ გაზი არ გამოიყენოთო”, – განაცხადა ჯანაშვილმა.

 

მისივე თქმით, გეგმის მიხედვით, 1200–კაციან ჯგუფს რუსთაველის გარშემო ქუჩები უნდა დაეკავებინა, შემდეგ უნდა მიწოლოდა ხალხს და თავისუფლების მოედნისკნენ ჩაეყვანა, სადაც 1000–კაციანი პოლიციური ჯგუფით მერაბიშვილის მეორე მოადგილე გია ლორთქიფანიძე იყო გამაგრებული. თუმცა, როგორც ჯანაშვილმა განაცხადა, მოვლენები ზუსტად ისე არ განვითარდა, როგორც დაგეგმეს: კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ–ერთი დანაყოფი, რომელიც პარლამენტში იყო გამაგრებული, მას არ დაემორჩილა და პარლამენტის ტერიტორია დატოვა:

 

“ისინი არ უნდა გამოსულიყვნენ იმ ადგილიდან, მაგრამ გამოვიდნენ და ხალხს დაუწყეს ცემა. მე დავუკავშირდი ვანოს და ვკითხე: რა უნდა გამეკეთებინა… მან კი, მითხრა, არ იდარდო…”.

 

ამის შემდეგ, როგორც ჯანაშვილმა დაკითხვაზე განაცხადა, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ მინისტრი თავად იღონებდა რამეს, თუმცა მსგავსი რამ არ მომხდარა. როდესაც პოლიციელებმა ხალხის წაყვანა დაიწყეს თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ჯანაშვილის განცხადებით, მან დაინახა, რომ ლორთქიფანიძის დანაყოფი, რომელიც მოედანზე უნდა ყოფილიყო მიმაგრებული, რუსთაველის გამზირის მიმართულებით მიდიოდა და გამზირი გადაკეტილი იყო:

 

“მე ვუთხარი ლორთქიფნიძეს, რატომ დაიძრა [დანაყოფი], რადგან ეს გეგმაში არ შედიოდა, მაგრამ ასეთი პასუხი მივიღე: ვიღაც დაზიანდა და  იძულებული ვიყავით დავძრულიყავითო”.

 

ჯანაშვილს დაცვის მხარემ დაუსვა შეკითხვა იმის თაობაზე იყვნენ თუ არა აქციის მონაწილეები აგრესიულად განწყობილი და თუ უპირისპირდებოდნენ სპეცრაზმს:

 

“ჩემს რაზმთან დაპირისპირება არანაირი არ ყოფილა, მაგრამ ქვემოთ რომ ჩავიდნენ და პოლიცია დახვდათ იმათთან კი, ერთმანეთს ეხმარებოდნენ, თეთრი მილები ეჭირათ, ხელჩართული ბრძოლა იყო”, – განაცხადა მოწმემ.

 

ჯანაშვილი მიიჩნევს, რომ მიტინგის დაშლა არ უნდა მომხდარიყო ისე, რომ ერთი გასასვლელიც კი არ ყოფილიყო დატოვებული მოსახლეობისთვის. რაც შეეხება გაზის გაშვებას, ჯანაშვილმა განაცხადა, რომ თავდაპირველად რეზინის ტყვიის ნაცვლად გაზის კაფსულა თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომელმა შეცდომით გაისროლა, ამის შემდეგ კი გაზი კოსნტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა გამოიყენა. 

 

შეკითხვაზე იყო თუ არა ეს მიტინგის დაშლის ის გეგმა, რომელზეც მან ხელი მოაწერა ჯანაშვილმა განაცხადა, რომ სამინისტროში არსებობდა დაშლის შესაძლო ვარიანტებიდან გამომდინარე რამდენიმე დოკუმენტი და საბოლოოდ მას არ წაუკითხავს რომელ დოკუმენტზე მოაწერა ხელი.

 

“ძირითადად ორი ვარიანტი იყო, პირველი ვარიატნის მიხედვით მომიტინგეები უნდა აგვეყვანა კინო რუსთაველის ტერიტორიაზე, მაგრამ მე ვთქვი, რომ იქ პატარა ტერიტორიაა, იქიდანაც აგრესია, აქედანაც აგრესია და რთული სიტუაცია შეიქმნებოდა, ხალხი გაიჭყლიტებოდა, ამიტომ გადაწყდა მომიტინგეები თავისუფლებისკენ მიგვემართა”, – განაცხადა ჯანაშვილმა.

 

მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ დატოვა ნინო ბურჯანაძის ესკორტმა რუსთაველის გამზირი:

 

“დავინახე, რომ ესკორტი მიდიოდა რუსთაველზე და პირდაპირ გაიარა პოლიციელებში”.

 

პროკურორის შეკითხვაზე, იყო თუ არა რუსთაველზე დატოვებული სხვა ადგილი ისე, რომ ესკორტს ხალხისთვის გვერდი აევლო, ჯანაშვილმა უპასუხა, რომ არა, “სხვა გასასვლელი არ ყოფილა”.

 

 

ვანო მერაბიშვილის საქმეზე მოწმეების დაკითხვის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დილიდან განახლდა. დღეს ჩვენება ნინო ბურჯანაძემაც მისცა.

 

 

აქციის დაშლა თბილისში. 26.05.2011/ფოტო: Reuters
აქციის დაშლა თბილისში. 26.05.2011/ფოტო: Reuters

 

მასალების გადაბეჭდვის წესი