ახალი ამბები

ფონდ “კურაციოს” კვლევით, საქართველოში ჯანდაცვის მომსახურების ხარისხი გაუარესდა

27 იანვარი, 2014 • • 2459
ფონდ “კურაციოს” კვლევით, საქართველოში ჯანდაცვის მომსახურების ხარისხი გაუარესდა

კითხვაზე, ბოლო 6 თვის მანძილზე როგორ შეიცვალა ზოგადად სამედიცინო მომსახურების ხარისხი ქვეყანაში, გამოკითხულ რესპონდენტთა 21,9% პასუხობს, რომ “ოდნავ ან მნიშვნელოვნად გაუარესდა.” ამავე ფონდის მიერ ჩატარებული წინა კვლევის შედეგებით (2013 წლის აპრილი) ეს მაჩვენებელი 14.1% იყო. 



რესპონდენტთა მაჩვენებელი, ვინც თვლის, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხი ქვეყანაში ”არ შეიცვალა”, თითქმის იგივე რჩება მეორე ტალღაში. 

“ზოგადად, ექსპერტები თვლიან, რომ მთავრობას ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ქმედითი ნაბიჯები ჯერ არ გადაუდგამს,”- წერია “კურაციოს” კვლევაში. 

 

კვლევაში ყურადღება გამახვილებულია სხვადასხვა საკითხზე, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სფეროს შეეხება. ეს არის საყოველთაო დაზღვევის მოსალოდნელი შედეგები ჯანდაცვის სფეროში კერძო ინვესტიციებზე, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების სავარაუდო გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხი, სამედიცინო განათლება,  ჯანდაცვის დაფინანსების პოლიტიკა და ა.შ.

 

“მეორე გამოკითხვისას მიღებული ზოგიერთი შეფასება  უფრო ოპტიმისტური აღმოჩნდა, თუმცა ასევე წარმოჩინდა საკითხები, სადაც პესიმისტურმა მოლოდინებმა იმატა,”- წერია კვლევის შედეგების შეფასებაში.

 

რაც შეეხება კვლევის სხვა ძირითად დასკვნებს, ასეთია: 

 

  • ბოლო 6 თვის მანძილზე ჯანდაცვის სფეროში მთავრობის მიერ გატარებული ინიციატივები ზოგადად ეფექტური იყო – ამ პერიოდში სკეპტიკოსთა წილი საგრძნობლად შემცირდა 52.4%-დან 33%-მდე;
 
  • მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ახლა უფრო მეტი რესპონდენტი მიიჩნევს ეფექტურად, თუმცა დარგის დაფინანსების მოცულობა შეფასებულია როგორც “ნაკლებად ადეკვატური”;
 
  • მიუხედავად სახელმწიფო დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდისა, ექსპერტთა მოლოდინები, რომ ჯანდაცვა უფრო ხელმისაწვდომი გახდება და/ან ფასები დაიკლებს, მეორე ტალღაში უფრო მეტად პესიმისტური გახდა;
 
  • მეორე ტალღაში შემცირდა ოპტიმისტური მოლოდინები 38.8%-დან 25.5%-მდე, რომ მედიკამენტების ფასები შემცირდება, რაც ალბათ იმით არის განპირობებული, რომ ექსპერტების 47.3% თვლის, რომ ფარმაცევტული ბაზრის მართვა-რეგულირების კუთხით ბოლო 6 თვეში მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა;
 
 
  • ექსპერტების შეფასებით, ისევე როგორც პირველ ტალღაში, კვლავაც პრობლემურად რჩება სამედიცინო მომსახურების ხარისხი და სამედიცინო განათლების სისტემა;
 
  • სამედიცინო კადრის მომზადების სისტემა, ექსპერტების უმრავლესობის აზრით, კვლავაც არ პასუხობს დღევანდელობის მოთხოვნებს და 69.8% აღნიშნავს, რომ ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯები ბოლო 6 თვეშიც არ გადადგმულა;
 
  • საყოველთაოდ ცნობილია, რომ დარგის განვითარებისთვის აუცილებელია საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება. ექსპერტების დიდი ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე გატარებული პოლიტიკა ხელს შეუწყობს კერძო ინვესტიციების ზრდას სადაზღვევო ინდუსტრიაში (70.3%) თუ სამედიცინო დაწესებულებებში (61.6%);
 
  • ექსპერტები თვლიან, რომ დარგში გატარებული პოლიტიკა გაზრდის სახელმწიფოს როლს სადაზღვევო კომპანიებში (54.9%) და სამკურნალო დაწესებულებებში (76.9%);

 

“ექსპერტების მიერ პოზიტიურად აღქმული შედეგები და ტენდენციები, სავარაუდოდ, განაპირობა სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული პრიორიტეტების მკაფიო ფორმულირებამ და კომუნიკაციამ პროგრამული და/ან სახელმწიფო დოკუმენტებით და მედიით. უარყოფით შედეგები კი სავარაუდოდ გამოწვეული იყო სახელმწიფოს მხრიდან განცხადებული პრიორიტეტების ან არარსებობით, ან არასაკმარისი დეტალიზაციით,”- ნათქვამია კვლევის შეფასებაში.

 

მკვლევართა დასკვნით, მთავრობის მხრიდან დარგის პრიორიტეტების მკაფიოდ და გამჭვირვალედ ჩამოყალიბებამ და ადეკვატურმა კომუნიკაციამ შესაძლებელია პოზიტიური გავლენა იქონიოს დარგის მომავალზე და, შესაბამისად, საზოგადოებრივ აზრზე.

 

“კურაციოს” განმარტებით, კვლევაში მონაწილე ექსპერტები წარმოადგენენ სამინისტროებს და სამთავრობო სტრუქტურებს, სამედიცინო დაწესებულებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, პროფესიულ ასოციაციებს, სადაზღვევო კომპანიებს და კვლევით ჯგუფებს.

 

საერთაშორისო ფონდმა “კურაციო” კვლევის შედეგები დღეს, 27 იანვარს გამოაქვეყნა.

 

“საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი” ეყრდნობა გამოკითხული 98 ექსპერტის შეფასებებს და მოიცავს 6-თვიან პერიოდს- 2013 წლის მაისიდან ოქტომბრამდე.


საერთაშორისო ფონდი “კურაციო” არის ანალიტიკური კვლევითი  არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ჯანდაცვის სფეროში მუშაობის 20-წლიანი ისტორია აქვს. როგორც ფონდში განმარტავენ, ფონდი ხელს უწყობს ჯანდაცვის სისტემის, ჯანდაცვის სფეროს მართვის, ფინანსური ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებას. 

 

“საერთაშორისო ფონდი “კურაციოს” კვლევები 1994 წლის შემდეგ სახელმწიფო პოლიტიკის ინფორმირებას ახდენს და ხელს უწყობს ჯანდაცვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას ქვეყანაში,”- აცხადებენ ორგანიზაციაში.  

მასალების გადაბეჭდვის წესი