ახალი ამბები

გიგი უგულავას განცხადება

3 ნოემბერი, 2013 • • 1192
გიგი უგულავას განცხადება

“ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით ცენტრალური მთავრობის მხრიდან თბილისისა და თბილისელების უგულებელყოფას და პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მხოლოდ თბილისის დასჯას ემსახურებოდა. ცენტრალურმა მთავრობამ გააჩერა პრაქტიკულად დასრულებული შემოვლითი რკინიგზა, ახალი ხიდის მშენებლობა და უამრავი  მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც აუცილებელია თბილისის განვითარებისთვის. ასევე, შეუმცირა თბილისს ბიუჯეტი, რითაც საფრთხის წინაშე დააყენა თბილისის ტრანსპორტის, საბავშვო ბაღების, დასუფთავების და სხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუტების ეფექტური მუშაობა. საფრთხის წინაშე დადგა, ასევე, თბილისის საერთაშორისო ვალდებულება, ღირსეულად ჩაატაროს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი არსებითად წინამორბედის საქმის გამგრძელებელია, ვიმედოვნებ, რომ ცენტრალური მთავრობის ზემოაღნიშნული მავნე პრაქტიკა გადაიხედება.

 

მე,  როგორც თბილისის მერი, მზად ვარ თბილისელების ინტერესების სასარგებლოდ  ცენტრალურ მთავრობასთან ვითანამშრომლო იმისათვის, რომ დავძლიოთ თბილისში ეკონომიკური კრიზისი და კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ საბავშვო ბაღების, ტრანსპორტის, დასუფთავების, თბილისის კეთილმოწყობისა და ურბანული განვითარების სერვისები”.

 

შეგახსენებთ, რომ  2 ნოემბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მომავალ პრემეირად მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაკომპლექტებულ მთავრობას კი პარლამენტი  17 ნოემბრის შემდეგ დაამტკიცებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი