ახალი ამბები

“სოკარის” პრეზიდენტი: დიზელი საქართველოს მთავრობის თხოვნით გავაიაფეთ

14 ოქტომბერი, 2013 • • 1868
“სოკარის” პრეზიდენტი: დიზელი საქართველოს მთავრობის თხოვნით გავაიაფეთ

ეს კომენტარი როვგან აბდულაევმა მარნეულის რაიონში ვიზიტისას, სოფლების გაზიფიკაციის პროცესის დათვალიერებისას გააკეთა. 

 

მისი თქმით, საწვავის ფასი ვერ შემცირდება იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოში ნავთობი ძვირდება:

 

როვგან აბდულაევი
როვგან აბდულაევი

“როგორ შევამციროთ ფასები მაშინ, როდესაც მსოფლიოში ნავთობი ძვირდება. ჩვენ საქართველოს მთავრობის თხოვნით გავაიაფეთ დიზელი საშემოდგომო სამუშაოების პერიოდში, თუმცა წლის ბოლოს ტარიფი საბაზრო ნიშნულს დაუბრუნდება. მაქსიმალურად ვმუშაობთ ამ კუთხით, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მსოფლიოში ფასები იზრდება”.

 

ტლეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ ბაზარზე ალტერნატიული მომწოდებლის შემოყვანაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მისი თქმით, შესაძლოა, ბენზინის და დიზელის შემოტანა თურქმენეთიდანაც დაიწყოს.

 

“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრეზიდენტს. მან თანხმობა განაცხადა, რომ კორიდორი უნდა იყოს გახსნილი. ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც ექნება საშუალება ნავთობის და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის, ეს შეეძლებათ. ეს როგორც საქართველოსთვის, ასევე აზერბაიჯანისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა კალაძემ.

 

საწვავზე ფასის შემცირების შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 2 ოქტომბერს, მედიასთან შეხვედრაზე ისაუბრა: 

„საქართველოში ტრანზიტით შემოსული ბენზინისა და ნავთობპროდუქტებიდან, რომლებიც საცალო ქსელშიც ხვდებოდა, რა თქმა უნდა, წილები ვიღაცების ჯიბეებშიც გადადიოდა და ფული კეთდებოდა. ამ მხრივ დიდი დრო დავხარჯეთ და გარწმუნებთ, მცდელობა არ დაგვიკლია. რაც ჯიბეებში გადადიოდა ადრე, ის სახელმწიფოს ხმარდება დღეს”, – განაცხადა ივანიშვილმა. 

მან აღნიშნა, რომ ამ პროცესში მნიშნვნელოვანია აზერბაიჯანი, რომელსაც, როგორც პრემიერმა აღნიშნა, უდიდეს პატივს სცემს- როგორც ქვეყანას, ასევე მის პრეზიდენტს. 

პრემიერის ინფორმაციით, მისი წარმომადგენლები – კახა კალაძე, „საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელი და „თანაინვესტირების ფონდის” მმართველი კომპანიის „ჯი სი ეფ პარტნიორების” 42%-იანი წლის მფლობელი უჩა მამაცაშვილი, ტრანზიტულ ტვირთებთან დაკავშირებით ბაქოში მოლაპარაკებებს მართავენ. 

„ჩემი წარმოამდგენლები იმყოფებიან ბაქოში და აგრძელებენ მოლაპარაკებებს. და ვფიქრობ, წარმატებებს ვაღწევთ, რამეთუ აქ არის ორივე სახელმწიფოს ინტერესი. შუა აზიიდან ტრანზიტის მოცულობა 2006 წლის შემდეგ ყოველწლიურად მცირდებოდა და ჩვენ ვაპირებთ ტრანზიტები აღვადგინოთ. აზერბაიჯანთან ერთად ტოტალურად ვახერხებთ გადალაგებას, რაც ორივე სახელმწიფოს ინტერესებში შედის. არის საკითხები, რომლებიც შეიძლება მხოლოდ მათ ინტერესებში შედიოდეს და თანხვედრაში არ მოდიოდეს ჩვენთან, ამასაც ფაქიზად ვექცევით და განმარტებებს ვაკეთებთ. ბენზინი უახლოეს პერიოდში გაიაფდება. შეიძლება ამ ვიზიტრის შემდეგაც, არ გამოვრიცხავ, მაგრამ არ მინდა დავასწრო მოვლენებს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ყველა ინვესტორს, მათ შორის აზერბაიჯანს, რომელთანაც, ვფიქრობ, ერთი ამოცანა გვაქვს ამოსახსენლი და მას სტრატეგიულ პარტნიორად განვიხილავ. მათ აქვთ კიდევ სხვა გეგმები ინვესტიციების”, – განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ფასები დაიკლებს, თუმცა ვერ განახევრდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი