ახალი ამბები

მერაბიშვილი მოსამართლეს: მეეჭვება, ამდენი ზეწოლის შემდეგ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოთ

25 სექტემბერი, 2013 • 1265
მერაბიშვილი მოსამართლეს: მეეჭვება, ამდენი ზეწოლის შემდეგ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოთ

“მე განსხვავებით ჩემი კოლეგებისაგან პესიმისტურად ვარ განწყობილი თქვენს საბოლოო გადაწყვტილებასთან დაკავშირებით, ბატონო მოსამართლევ და ავხსნი იმ გარემოებებს, თუ რა განაპირობებს ჩემს პესიმიზმს. ჯერ ერთი, მე ძალიან არ მომხიბლა სიტყვათა გამოთქმამ – “მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ”, მაინცდამაინც ჩემს ყურებს არ სიამოვნებს და მე ძალიან ვდარდობ, რომ ასეთ სიტუაციაში აღვმოჩნდით დღეს. სტრასბურგის სასამართლოში განხილული იქნება “მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ”, – განაცხადა მერაბიშვილმა.

 

მისი თქმით, ხელისუფლება დაპირებებს არ ასრულებს და ტერორზე გადავიდა:

 

“რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში? დღეს ფაქტობრივად, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ელემენტალურად ერკვევა ციფრებში, იცის, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გარღვევა არის 650 მილიონი ლარი და მარტო შემოსავლების ნაწილში საქართველოს ბიუჯეტი ვერ მიიღებს მინიმუმ 500 მილიონს და ამას დაადასტურებს ნებისმიერი ელემენტალური განათლების მქონე ეკონომისტი. აქედან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლება დგას ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე, მისთვის შეუძლებელი ხდება არა მარტო გაცემული დაპირებების შესრულება, არამედ უკვე არსებული ვალდებულებების შესრულება დგას დღის წესრიგში და უკვე იანვრიდან საქართველოში სერიოზულად დადგება პრობლემები ფიზიკურად ხელფასების და პენსიების გაცემაზე.

 

რაც შეეხება უწყებებს, სამინისტროებს, მათი შესყიდვებისა და ხარჯების, ბენზინის და სხვა მომსახურების ხარჯები დიდი ხანია შემცირებულია და ყველა სახელმწიფო მოხელემ ეს იცის. ამიტომ, ხელისუფლებას ერთადერთი რამ დარჩენია, გააგრძელოს რეპრესიები, რასაც აგრძელებს დღესაც. უკვე აღარ ერიდება და იწყებს კონტროლს მასობრივი მედიასაშუალებების. “პირველ არხზე” რაც ხდება, ყველამ ვიცით, რაც ხდება “იმედზე” ყველამ ვიცით. როგორ ხდება სხვა მასობრივი მედია საშუალებების კონტროლის განხორციელება.

 

მიმდინარეობს ტერორი ოპოზიციის წინააღმდეგ. პირადად ჩემი, თითქმის ყველა ნათესავი ან სამსახურიდან გამოუშვეს, ან მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. აქ, დარბაზში არიან ადამიანები, ვინც პირადად განიცადა ეს ღონისძიებები, იგივე არის ასპინძის გამგეობასთან დაკავშირებით, იგივეა ადიგენის გამგეობასთან დაკავშირებით, ეს გრძელდება დღესაც. მე აღარ ჩამოვთვლი იმას, რომ საქართველოში პრაქტიკულად ყველა გამგებელი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი იყო, არის ან დაკავებული, ან გადამდგარი ნებაყოფლობით.

 

ამ ფონზე კარგი იქნება თუ გაითვალისინებთ, რომ თქვენმა უშუალო უფროსმა ბატონმა მოსამართლე გურულმა, უკვე მიიღო გადაწყვეტილება, მე ნაკლებად მესახება და წარმოუდგენლად მესახება, თქვენ შეძლოთ ამდენი ზეწოლისა და ამდენი ზემოქმედების შედეგად, ამდენი უკანონობის ფონზე მიიღოთ სამართლიანი გადაწყვეტილება.

 

თავისთავად, დღეს მე რომ ციხეში ვზივარ არ არის შემთხვევითი. გულახდილები ვიყოთ, ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოში ერთადერთი სპეცსამსახური უკუმპრომისოდ ებრძოდა რუსულ სპეცსამსახურებს. საქართველო, რომელიც პრაქტიკულად ოფიციალურად პროვინცია იყო რუსეთის, იმიტომ რომ რუსული სპეცსამსახურები საქართველოში იყვნენ ლეგალიზებული, იგივე ხაბურძანიას დროს, იქამდეც. თქვენ იცით, რომ უშიშროების მინისტრების დანიშვნა ხდებოდა მოსკოვთან შეთანხმებით. მარტო საქართველომ შეძლო ღირსეულად ებრძოლა რუსული სპეცსამსახურების წინააღმდეგ, საქართველოში იყო ყველაზე მეტი რუსი აგენტი დაპატიმრებული. დღეს, როცა ყველა ეს აგენტი გათავისუფლებულია, ანუ ვალდებულება, რომელიც აღებული ჰქონდა საქართველოს მთავრობას იმ სამსახურისათვის, რომელიც მან გაუწია დღვანდელ ხელისუფლებას, არის ორი: ერთი, განთავისუფლებინათ რუსეთის ყველა აგენტი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის მიუხედავად და მის ადგილზე ციხეში მოეთავსებინათ ის ადამიანები და ის ადამიანი, რომელიც იყო მომართული ამ ადამიანების დაპატიმრებისკენ. საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც უკომპრომისოდ ებრძოდა რუსეთს.

 

ბატონო პროკურორო, არ ვიცი თქვენ მუშაობდით თუ არა პროკურატურაში წინა წლებში, მაგრამ სწორედ პროკურატურის დიდი დახმარებით, მაშინდელი შს მინისტრის მუშაობის დროს, ჩვენ შევძელით და პრაქტიკულად საქართველოდან გავაძევეთ, ან დავაპატიმრეთ და გავათავისუფლეთ რუსული გავლენისგანსაქართველოს ხელისუფლება. ჩვენ შევასრულეთ ისტორიული მისია და მე ამ მისიის შესრულებისათვის თუ უნდა ვიჯდე ციხეში, მე მზად ვარ ვიჯდე ციხეში,” – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი