ახალი ამბები

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრად დიმიტრი ჯაიანი ინიშნება (VIDEO)

19 სექტემბერი, 2013 • 3098
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრად დიმიტრი ჯაიანი ინიშნება (VIDEO)


ყოლბაიამ აფხაზეთის ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ვასილ ხორავა წარადგინა, ეკონომიკის მინისტრად – ავთანდილ ძაგანია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად – ქეთევან მაკარაძე, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარედ – დავით გვაძაბია, იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარედ – გივი კაცია, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარედ – ვალერი ბასარია, რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად – კონსტანტინე კუჭუხიძე, განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრად – აბესალომ მიქელაძე, ზემო აფხაზეთის საკითხებში ა/რ მინისტრად – მევლუდ ჯაჭვლიანი. ეს უკანასკნელი ამავე პოზიციას წინა მთავრობაშიც ინარჩუნებდა.


დიმა ჯაიანმა ახალ თანამდებობაზე თავისი გეგმების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი უწყების ქვემდებარე დაწესებულბებში დევნის დაწყებას და თანამშრომლების სამსახურიდან მასობრივ გათავისუფლებას არ აპირებს, თუმცა გასულ წლების გამო “ვიღაცამ რაღაცა უნდა იგრძნოს”:


დიმა ჯაიანი საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას
დიმა ჯაიანი საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას

“კულტურასა და განათლებაში ყოველთვის გამორჩეულად დიდ წარმატებას აღწევდნენ ხოლმე აფხაზეთში მოღვაწე ადამიანები. სამწუხაროდ, უკვე მე–20 წელია ჩვენ დევნილობაში ვიმყოფებით, მაგრამ ის მთავარი ბირთვი, რომელსაც გამსახურდიას თეატრი ჰქვია, სიმღერის და ცეკვის ანსამბლი და კიდევ სხვა ბევრი, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამ ადამიანებს მიხედვა სჭირდებათ. ისინი ძალიან ნიჭიერები არიან. იყო რაღაც გარკვეული ბოლო წლები… გაუგებარი რაღაცები, მაგრამ მე არ ვარ ის კაცი, რომ ვიღაცას შურისძიებით რაღაცა ვუპასუხო, თუმცა ცუდი რაღაცებიც იყო, არ უნდა დავმალოთ ეს, მაგრამ რა არის, იცით, ჩვენ ისე რომ მოვიქცეთ, როგორც ისინი, მაშინ იმათ უნდა დავემსგავსოთ. ამიტომ, არ იქნება არავითარი დევნა, ეს ადამიანები, რომლებიც მოღვაწეობდნენ, გააგრძელბენ მოღვაწეობას, მაგრამ ადამიანები, რომლებიც 10 წლის განმავლობაში საქართველოს ისეთ გზაზე აყენდბენენ, რომელიც გაუგონარი რამ არის, ისინი აუცლებლად დაისჯებიან. დაისჯებიან როგორ, ვთქვათ, ადამიანი არის დირექტორი, ის ჩამოქვეითდება ქვევით, თორემ ის არ წავა სამსახურიდან. ვიღაცამ რაღაცა უნდა იგრძნოს. ადამიანები, რომლებიც კეთილსინდისიერად მსახურობდნენ, იყვნენ, ვთქვათ, ნაციონალური პარტიის რიგებში, არავის არ ვერჩით. ადამიანს, რომელსაც დანაშაული არ აქვს ჩადენილი, ის იმუშავებს, აუცილებლად გააგრძელებს მოღვაწეობას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანები, რომლებიც ცოტა გაუგებარ სიტუაციაში იყვნენ, ისინი, დასჯას არ ვგულისხმობ, რომ გავანადგურებთ და დევნა იქნება მათზე, მაგრამ ჩამოქვეითდებიან”, – განაცხადა ჯაიანმა.

 

მთავრობის ახალი შემადგენლობა აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, რომლის სხდომა ხვალ, 20 სექტემბერს გაიმართება. საბჭოში 26 დეპუტატია და მთავრობის დასამტკიცებლად საჭიროა თანხმობა განაცხადოს მათმა ნახევარმა.

 

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ ვახტანგ ყოლბაიას, როგორც ნინო ბურჯანაძის თანაგუნდელისა და პარტია “დემოკრატიული მოძრაობის” გენერალური მდივნის, დანიშვნას დევნილების ნაწილი აპროტესტებდა.


მასალების გადაბეჭდვის წესი