ახალი ამბები

სააკაშვილი: საქართველოში მოქმედი ვერტმფრენები პრემიერ–მინისტრის პირად საკუთრებაშია

15 სექტემბერი, 2013 • • 1520
სააკაშვილი: საქართველოში მოქმედი ვერტმფრენები პრემიერ–მინისტრის  პირად საკუთრებაშია

“როდესაც ლაპარაკობენ, რომ ვიღაცას ვერტმფრენები თავის თავისთვის უნდოდა, მინდა ვთქვა, დღეს საქართველოში მოქმედი ვერტმფრენები, ეს არის პრემიერ–მინისტრის პირად საკუთრებაში მყოფი რამდენიმე ვერტმფრენი, მაგრამ ეს არის მისი, დღეს მოქმედებს მარტო ვიღაცის პირადი ვერტმფრენები და მისთვის ეს არის გადაადგილების საშუალება.  ჩვენ გვინდოდა ვერტმფრენები საქართველოსთვის, რომ საქართველო გადაადგილებულიყო. ტურისტები გადაეყვანა, მაშველები გადაეყვანა, ხალხი გადაერჩინათ, ბოლოს და ბოლოს, ნაგავი გამოეტანათ მეტეოსადგურიდან. ასე რომ, ამ საკითხზე ჯიბრში კი არ უნდა ჩავუდგეთ ერთმანეთს, რაც ქონება გვაქვს უნდა შევინახოთ და გავუფრთხილდეთ და საქართველო უნდა განვითარდეს, ყველაფერი ემსახურება საქართველოს განვითარებას. ადვილია პროლეტარული ლოზუნგების გახსნა “ხალხს შია და რა დროს თვითმფრინავებია”  ხალხს ბევრს ძალიან უჭირს, ბევრი ადამიანი ტურიზმმა ამოასუნთქა მაღალმთიან რეგიონში. ტურიზმის ნაწილია ეს და ასევე ჩვენი ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების ნაწილია, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია”– განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, დაგეგმილი იყო 6 ახალი ევროკოპტერის შეძენა. ამაჟამდ საქართველოში ჩამოვიდა 3 ევროკოპტერი. პრეზიდენტის თქმით, კონტრაქტით გათვალისწინებული კიდევ 3 ევროკოპტერიც აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს და ქვეყანში, ჯამში, 8 ევროკოპტერი იქნება, რაც,  მისი განცხადებით, საქართველოსთვის ფლოტია:

 

“პრაქტიკულად ჩვენ გვყავს რუსული ვერტმფრენები, რომლის მარაგ ნაწილებს არ გვაძლევს რუსეთი და საქართველო იძენდა ახალი ვერტმფრენების ფლოტს. ხალხისთვის ადვილია თქვას, რომ – თქვენ რად გინდათ ვერტმფრენები. ხალხს ასე უჭირს. რა თქმა უნდა, ხალხს უჭირს, მაგრამ ხალხს ჭირდება საწარმოები, სოფლის მეურნეობაში დახმარება, ჩვენ ვართ მაღალმთიანი ქვეყანა და გვჭირდება ვერტმფრენები, იმიტომ, რომ ტურიზმი უნდა განვავითაროთ, სამაშველო ოპერაციები უნდა განვავითაროთ. ჩვენ ჯარს ჭირდება, ჩვენ პოლიციას ჭირდება”,– განაცხადა სააკაშვილმა. 

 

შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული “Super Puma”-ს ტიპის ვერტმფრენების გასხვისების აკრძალვის შესახებ.  ფრანგული ვერტმფრენების გაყიდვის გეგმის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ  გავრცელებული ინფორმაცია 9 სექტემბერს არ დაადასტურა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ:

 

„ეს სინამდვილეს არ შეეფერება. ჩვენ ვავითარებთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობებს და დარწმუნებული იყოს, როგორც პრეზიდენტი, ასევე, თითოეული მოქალაქე, რომ ჩვენი ამოცანაა გავხადოთ უფრო თანამედროვე ჩვენი შეიარაღება და ტექნიკა, მათ შორის საფრენი აპარატები“.

 

თუმცა  10 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მთავრობა მართლაც აპირებდა ამ ვერტმფრენების გაყიდვას:

 

“სამწუხაროდ, ვერტმფრენების გაყიდვა ვერ მოხერხდა. რეალიზაცია, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო იმ ფასად, რა ფასადაც იქნა შეძენილი. საბოლოო ჯამში, თუ ვერტმფრენები არ გაიყიდება, ჩვენ იმხელა ფასდაკლების გაკეთებას არ ვაპირებთ, რომ ამით ქვეყანას ზარალი მიადგეს. შესაძლოა მოინახოს მათი დანიშნულება ქვეყნის შიგნით. ჩვენ ვერტმფრენებს ამ ფასად, ალბათ, არ შევიძენდით. სასაზღვრო ძალებისა და ასევე შიდა მოხმარებისთვის უფრო დაბალფასიანი გაცილებით მეტი ვერტმფრენის შეძენა შეიძლება. ეს არის, რაც ჩვენ დაგვხვდა და სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ, ალბათ, ამ ვერტმფრენებს ქვეყნის შიგნით მოვიხმართ.”

 

ევროკოპტერი “სუპერ პუმა” ფრანგული წარმოების ვერტმფრენია, რომელიც გამოიყენება, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო დანიშნულებისთვის და მისი საცალო ფასი 15-დან 18 მილიონ დოლარამდეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი