ახალი ამბები

ცესკომ პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე 3 პირს უარი უთხრა

11 სექტემბერი, 2013 • 1392
ცესკომ პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე 3 პირს უარი უთხრა

“სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დადასტურდა, რომ ზურაბ სისუაშვილი არის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, იგი ერთდროულად არის საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, შესაბამისად, მას უარი ეთქვა რეგისტრაციაზე”, – აცხადებენ ცესკოში. მათივე თქმით, უარი ეთქვათ ასევე კანდიდატების მსურველებს, ავთანდილ იოსელიანსა და მერაბ სულიაშვილს, ეს უკანასკნელი ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირია:

 

“მერაბ სულიაშვილი არის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, იგი ერთდროულად საქართველოს და რუსეთის მოქალაქეა. ავთანდილ იოსელიანი კი მხოლოდ რუსეთის მოქალაქეა და შეწყვეტილი აქვს საქართველოს მოქალაქეობა, შესაბამისად, ორივე პირს უარი ეთქვა საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე”, – განაცხადა ცესკოს სპიკერმა, ეკა აზარაშვილმა.

 

ამ პირების გარდა ორმაგი მოქალაქეობის გამო უარი უკვე ეთქვა სალომე ზურაბიშვილს, გიორგი გახოკიას და ტარიელ ხვედელიძეს. 

 

ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოფიციალურად რეგისტრირებულია 6 კანდიდატი. ესენი არიან მიხეილ–გელა სალუაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, შალვა ნათელაშვილი, ნესტან კირთაძე, გიორგი ლილუაშვილი და სერგო ჯავახიძე. დანარჩენ მსურველთა მონაცემებს კი ცესკო განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი