ახალი ამბები

პრეზიდენტობის მსურველი: საქართველოში სულელური კაპიტალიზმი დასრულდება

24 ივლისი, 2013 • • 1210
პრეზიდენტობის მსურველი: საქართველოში სულელური კაპიტალიზმი დასრულდება

საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც ავალიანის კანდიდატურა წარადგინა, ცესკოში უკვე დარეგისტრირდა. კომუნისტების ლიდერი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ მისი განზრახვა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით სერიოზულია და ამ დროისთვის საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირებისთვის საჭირო 25 ათასი ხელმოწერის შეგროვების პროცესშია.

“ამომრჩეველს, პირველ რიგში, ვთავაზობ სიკეთეს და ბედნიერებას, რომელსაც დიდი ხანია საქართველო მოკლებულია. ჩვენი, კომუნისტების პოზიციები თქვენ იცით: ეს ქვეყანა ხალხმა კომუნისტების ხელმძღვანელობით ააშენა, 20–25 წლის წინ ხალხს ეს ყველაფერი წაართვეს და ჩვენი პოზიციაა, რომ წართმეული დაუბრუნდეს ხალხს. უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი სახელმწიფოებრივი სისტემა, რომელიც გარანტიას მისცემს ყველა მშრომელს, რომ იყოს სოციალურად დაცული, სოციალურად თანასწორი და თანაბარ პირობებში ცხოვრობდეს, ანუ სოციალური სამართლიანობა აღდგეს. არ უნდა არსებობდეს ის გაუგებარი და ამორფული სისტემა, რაც დღეს არის. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოში კაპიტალიზმი დასრულდება, კაპიტალიზმი სისულელეა, კაპიტალიზმი მთელ მსოფლიოში ინგრევა, საქართველოში კი ახლა გაგვახსენდა მის გზაზე დადგომა. ეს არის ლოგიკას მოკლებული და უჭკუო სისტემა… ჩვენ ვართ რადიკალურად საწინააღმდეგო მოსაზრების მქონე ამ საკითხზე, ოღონდ სიკეთით და ყოველგვარი სისხლისღვრის გარეშე ხალხმა უნდა მიაღწიოს ამ მიზანს [რასაც კომუნიზმი ჰქვია]. ამ მიზანს ვემსახურებით ჩვენ და სათავეში ვუდგავართ”, – აცხადებს საქართველოს მოქალაქე კომუნისტების ლიდერი.

ავალიანის განცხადებით, პირველი საკითხი, რაზეც გაპრეზიდენტების შემთხვევაში დაიწყებს მუშაობას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, რასაც რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით აპირებს.

ნუგზარ ავალიანი
ნუგზარ ავალიანი

“იყო ასეთი პიროვნება ჯონ მალხაზ შალიკაშვილი, რომელიც ამერიკაში მუშაობდა, მან თქვა 15 წლის წინ: ტერიტორიულ მთლიანობას თქვენ რუსეთთან კარგი ურთიერთობით დაიბრუნებთო. მხოლოდ და მხოლოდ რუსეთშია გასაღები, რაც არ უნდა ვიძახოთ, მის გარეშე ვერ გადაწყდება ეს საკითხი. ჩვენ რუსეთის მონობას არ ვგულისხმობთ და მორჩილებას, საუბარია ადამიანური, კეთილმეზობლური, ისტორიული, მართლმადიდებლური ურთიერთობების აღდგენაზე. ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს რუსეთთან, მაგრამ ვიღაც–ვიღაცები ჩადგნენ შუაში ოკეანის გაღმიდან და ეს ურთიერთობა დაანგრიეს, როცა ეს აღდგება, მერე ტერიტორიულად გამთლიანებაც შესაძლებელი იქნება”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დააყენებს საკითხს, რომ საქართველომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს და არც ერთ სამხედრო ბლოკში, მათ შორის არც ნატოში არ გაწევრიანდეს. იგი არ ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენა მომავალში კვლავ იქნება შესაძლებელი, რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, ავალიანი ფიქრობს, რომ ამ საკითხზე დაფიქრება ღირს:

“თუმცა კარგად უნდა დავუკვირდეთ: თუ რუსეთს უნდა, რომ ყველა გადაყლაპოს ამ კავშირში, მაშინ თავი უნდა შევიკავოთ, ხოლო თუ ეს ისეთივე ძმური კავშირია, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო, მაშინ შეიძლება დაფიქრება. როგორ, ევროკავშირში შესვლა თუ შეიძლება, ევროზიულ კავშირში რატომ არ შეიძლება?!”

კომუნისტი პრეზიდენტობის კანდიდატი ასევე აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში სტალინის კულტის აღდგენაზე დაიწყებს მუშაობას და მას შემდეგ, რაც საბჭოთა ლიდერის ძეგლს გორში აღადგენს, იგივე გაკეთებას სხვა ქალქებშიც შეეცდება:

“სტალიანი არის სავიზიტო ბარათი საქართველოსთვის, ასეთი პიროვნება სხვა სახელმწიფოს რომ ჰყავდეს, ალბათ მთელ მსოფლიოს თავს წაჭამდა, საქართველოში კი ლანძღავენ და ძეგლებს იღებენ, არ ვიცი, რა გვემართება: გეოპოლიტიკური სიბრმავეა, თუ პოლიტიკური სიბეცე”, – აცხადებს იგი.

 

ამ დროისთვის, ცესკოს განცხადებით, პრეზიდენტობის 23–მა მსურველმა (2–ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე ორმაგი მოქალაქეობის ქონის გამო) მიმართა. იმისთვის, რომ არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ, 25 ათასი ხელმოწერა უნდა წარადგინონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი