ახალი ამბები

კუკავა: მარგველაშვილი შეიძლება გახდეს “ქართული ოცნების” პრეზიდენტი

18 ივლისი, 2013 • • 1060
კუკავა: მარგველაშვილი შეიძლება გახდეს “ქართული ოცნების” პრეზიდენტი

სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” 12 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ლიდერები და წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებიც საარჩევნო კოდექსში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცვლილებების განხორციელებას ითხოვენ.

 

ამ დროისათვის ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მედიისთვის დახურულია. ჟურნალისტებთან კომენტარი პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამ გააკეთა:

 

“რამდენიმე დღის წინ ხელმოწერილი იყო ოპოზიციური და სახელისუფლებო პარტიების მიერ შეთანხმება საარჩევნო კოდექსის ერთი ნაწილის გაუმჯობესების შესახებ და უნდა გაგრძელებულიყო მოლაპარაკებები დანარჩენ ნაწილზე. თუმცა “ქართული ოცნების” პარტიულმა ცეკამ, დავით ბაქრაძესთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება ამ მემორანდუმის დენონსირების შესახებ და ამჟამად მიმდინარეობს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა უსუფაშვილი–ბაქრაძის ფორმატში.” 

 

კახა კუკავას განცხადებით, მოლაპარაკების ამ ფორმატს ქართული საზოგადოება ვერ მიიღებს:

 

“მიმდინარეობს  საარჩევნო კოდექსის კიდევ უფრო გაუარესება. არ ხდება არც ერთი წინადადების გათვალისწინება საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ეს შეეხება როგორც ამომრჩეველთა სიას, ისე საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესს, პარტიების დაფინანსებას, საარჩევნო კამპანიის წარმოებას, მედიის თავისუფლებას. ყველა ამ საკითხში  რჩება ძალაში ყველა ის ნორმა, რომელიც მოქმედებდა შევარდნაძისა და სააკაშვილის რეჟიმის პირობებში.”  

 

“თავისუფალი საქარველოს” ლიდერი აცხადებს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მიიჩნევს, რომ ოქტომბერში ჩასატარებელი საპრეზიდეტო არჩევნები ვერ იქნება თავისუფალი და დემოკტარიული:

 

“ყველაფერი კეთდება არჩევნების გასაყალბებლად. ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების მიხედვით ვერ იქნება არჩეული ლეგიტიმური პრეზიდენტი. მარგველაშვილი შეიძლება გახდეს “ქართული ოცნების” პრეზიდენტი, ის  ვერ გახდება ქართველი ხალხის პრეზიდენტი, თუკი არ იქნება არსებითი საარჩევნო გარემო ჯანსაღი.” 

 

კითხვაზე, რამ განაპირობა ხელისუფლების გადაწყვეტილება, კუკავა პასუხობს, რომ გიორგი მარგველაშვილის რეიტინგი საკმაოდ დაბალია:

 

“თუ ნახავთ კვლევებს, გიორგი მარგველაშვილის რეიტინგი არ აჭარბებს 30 პროცენტს, მაშინ, როცა კონსტიტუციის მიხედვით არჩევნების მოსაგებად საჭიროა 51 პროცენტი. 21 პროცენტი ისე უნდა მოაგროვონ, როგორც 2008 წელს მოაგროვა მიხეილ სააკაშვილმა: სიების ფალსიფიკაციით და ოქმების გადაწერით”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი