ახალი ამბები

იპოთეკარებისგან დაზარალებულების გამოსახლება შესაძლოა შეჩერდეს

16 ივლისი, 2013 • • 1213
იპოთეკარებისგან დაზარალებულების გამოსახლება შესაძლოა შეჩერდეს

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, „კანონპროექტის მიღების მიზეზია ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ იპოთეკური სესხების დაფარვის შეუძლებლობა, რამაც შეიძლება ათასობით ადამიანის უსახლკაროდ დარჩენა გამოიწვიოს“.

 

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ცვლილებები შედის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“, რაც სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონში დამატებების შეტანას გულისხმობს. კერძოდ, ცვლილების  თანახმად , 2014 წლის თებერვლამდე სააღსრულებლო პროცედურები შეჩერდება იმ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებზე, რომლებზეც საკუთრება მოპოვებულია სესხის და/ან იპოთეკის ხელშეკრულებიდან, მათ შორის, სესხის და/ან იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე აუქციონზე ქონების შეძენით.

 

„აღსრულების შეჩერება საშუალებას მოგვცემს შევქმნათ მსგავსი პრობლემების მქონე პირთა ერთიანი ბაზა და მოვახდინოთ მათი დიფერენცირება,“ – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

 

როგორც გედევან ფოფხაძე ამბობს, დღეს, 16 ივლისს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას გამართავს:

 

„პროექტში გათვალისწინებულაი აუქციონების შეჩერებაც, თუმცა არ ვიცი, საბოლოო რედაქცია როგორ იქნება. ინიციატივა პრინციპულად გულისხმობს იმას, რომ შეჩერდეს ის აღსრულებები, რომლებიც ქვეყანაში დღეს მიმდინარეობს, განპირობებული მძიმე სოციალური ფონით, და მიიღო რაღაც არაადამიანური და არაჯანმრთელი ხასიათი,”– ამბობს გედევან ფოფხაძე.

ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

მასალების გადაბეჭდვის წესი