ახალი ამბები

აუდიტის სამსახური: შსს–მ 1 660 800 ლარი არამიზნობრივად დახარჯა 2011–12 წლებში

11 ივლისი, 2013 • 1127
აუდიტის სამსახური: შსს–მ 1 660 800 ლარი არამიზნობრივად დახარჯა 2011–12 წლებში

დარღვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია ჟურნალისტებს დღეს, 11 ივლისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თორნიკე შერმადინმა მიაწოდა.

მისი თქმით, აუდიტის შედეგად გამოვლინდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნების დარღვევის ფაქტები. გარკვეული შესყიდვები კომპანიებისგან განხორციელებულია გამარტივებული შესყიდვის გზით, რის მიზეზადაც სახელდებოდა შესყიდვის გადაუდებელი აუცილებლობა, მაშინ, როდესაც ასეთი აუცილებლობა არ არსებობდა.

 

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შპს “ალგორითმისაგან” 2011 წელს, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, სამინისტრომ შეიძინა 5 000 პლანშეტური კომპიუტერი 2 775 000 ლარად, ასევე, 2012 წლის იანვარში გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა “ალგორითმმა”, რომელიც იყო ერთადერთი პრეტენდენტი და ამ შემთხვევაში მისგან შეძენილია 2 000 ცალი პლანშეტური კომპიუტერი 1 100 000 ლარად. შპს “ალგორითმმა” შინაგან საქმეთა სამინისტროს პროდუქცია 30%–იანი ფასნამატით მიჰყიდა, რაც ჯამურად 749 000 ლარს შეადგენდა.

 

ასევე, შსს–მ 2012 წლის ივლისს, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, შპს საქართველოს ფოსტისაგან შეისყიდა 981 000 ლარის ღირებულების ავტოსანტრანსპორტო საშუალებები და სათადარიგო ნაწილები. საქართველოს ფოსტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან გაირკვა, რომ აღნიშნული პროდუქციის ფასნამატმა შეადგინა 360 000 ლარი.

 

აუდიტის შედეგად დადგინდა სხვა შესყიდვებიც, რომლებზეც ფასნამატი არაგონივრულად მაღალი იყო. მაგალითად, 2011 წლის სექტემბერში შპს “მეჯიკ კომპანისაგან” შესყიდულია სიჩქარის საზომი რადარები 2 049 900 ლარად, სადაც შპს “მეჯიკ კომპანისთვის” ფასნამატის სახით გადახდილია 551 800 ლარი.

 

აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით შს სამინისტროს მიერ არაეკონომიურად დახარჯულია 1 660 800 ლარი. სახელმწიფო აუდიტის სამსახური მასალებს შემდგომი მოკვლევისათვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნის.

 

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს შს სამინისტროს ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა. კომპანია “ალგორითმის” პრეზიდენტი მომღერალ ნინო ჩხეიძის მეუღლე გიორგი კორახაშვილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი