ახალი ამბები

ლევან მურუსიძე: მოსამართლეთა არსებული კონტინგენტი უნდა შენარჩუნდეს

17 ივნისი, 2013 • • 1807
ლევან მურუსიძე: მოსამართლეთა არსებული კონტინგენტი უნდა შენარჩუნდეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა 16 ივნისის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, მოსამართლეთა სოციალური პირობების (შემოსავლის და დაზღვევის) გაუმჯობესებისთვის, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პირობა დადო.


როგორ აფასებთ იუსტიციის უმაღლესი წინა საბჭოს მუშაობას, რა შეცდომებს ხედავთ და რა იქნება ახალი საბჭოს, ასევე, პირადად თქვენი უმთავრესი პრიორიტეტები ამ თანამდებობაზე მუშაობის პროცესში?

უნდა გავითვალისწინოთ, საიდან დავიწყეთ. მე მახსოვს,  როდესაც  მოსამართლედ დავინიშნე, ძალიან მძიმე პირობებში იყო სასამართლო. ერთ ოთახში სამი მოსამართლე ვისხედით, [სასამართლოში] პატიმრების მიყვანის პრობლემა იყო, დარბაზების პრობლემა გვქონდა, მთელი რიგი პრობლემები იყო… წინა საბჭომ ბევრი რამ დაარეგულირა. რა თქმა უნდა, როდესაც რაღაცას საქმიანობ და აკეთებ, ყოველთვის რაღაც შეცდომებიც ხდება. მე მგონი, ძირითადი [შეცდომა], რაც იყო, ეს იყო ნაკლები კომუნიკაცია მოსამართლეებთან. წინა საბჭოს პერიოდში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, ამიტომ ჩემი მიზანია, რომ ახლა საბჭო იყოს უფრო ღია,  მთავარია, ყველა მოსამართლეს ჰქონდეს განცდა, რომ ისიც იღებს მონაწილეობას იმ მიზნის მიღწევაში, რასაც დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ჰქვია.

 

კომუნიკაცია მხოლოდ მოსამართლეებთან? აპირებთ თუ არა უფრო აქტიურ თანამშრომლობას იგივე არასამთავრობო სექტორთან?

 

რა თქმა უნდა. ჩემი პრინციპული მიდგომა არის შემდეგი: დღევანდელმა და წინა კვირას ჩატარებულმა კონფერენციამ აჩვენა, რომ მოსამართლეებმა მიიღეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, შესაბამისად, ჩვენ მომართული ვართ, რომ ვითანამშრომლოთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ვინც დაინტერესებულია აღნიშნული საკითხებით, მაგრამ ერთი საკითხიცაა, რომ სასამართლოს რეფორმა უნდა განხორციელდეს ახალი იუსტიციის საბჭოს მონაწილეობით, აუცილებლად… მის გარეშე ვერაფერი განხორციელდება და აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს უკლებლივ ყველა მოსამართლის ინტერესი. არ უნდა იყოს იმაზე საუბარი, რომ ეს მოსამართლე არ ვარგა, ის მოსამართლე უნდა წავიდეს და ასე შემდეგ. მოსამართლეთა არსებული კონტინგენტი უნდა შენარჩუნდეს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიღოთ ის ფაქტი რეალობად, რომ მოსამართლეთა კონფერენციამ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. ჯანსაღი კრიტიკა ჩვენთვის მისაღებია, მაგრამ რაც შეეხება ლანძღვას, ეს ლანძღვა განა იმიტომ არის მიუღებელი, რომ ამით ჩვენ პიროვნული პრობლემა გვექმნება – არა, უბრალოდ იმ დიად მიზანს ვერ მივაღწევთ, რასაც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა ჰქვია.

ვისი მხრიდან ლანძღვაზე საუბრობთ?

საერთოდ, საზოგადოებაში მუსირებდა აზრი სასამართლოზე და მოსამართლეებზე… ვინც დაინტერესდება ამ საკითხით, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მისაღებია კრიტიკა. ჩვენც ვიცით, რომ წარსულში ბევრი რამე ისე არ იყო, როგორც საჭირო იყო, მაგრამ ეს უნდა იყოს ჯანსაღი კრიტიკა და არ უნდა გასცდეს კრიტიკის ზღვარს. იმისთვის, რომ მივაღწიოთ მიზანს, უნდა იყოს კორექტული ურთიერთობა: დაფასება, ურთიერთპატივისცემა და, შესაბამისად, საერთო შედეგისთვის ძალების გაერთიანება.

თქვენ თავად ამბობთ, რომ ბევრი რამ ისე არ იყო, როგორც საჭირო იყო, საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებებსაც თვითონ ახსენებთ. არსებობს კონკრეტული საქმეები, რომელთა შესახებ გამოტანილ განაჩენებზე საზოგადოება დღემდე მძიმედ რეაგირებს, იგივე გირგვლიანი და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, მაინც ამბობთ, რომ მოსამართლეთა არსებული კონტინგენტი სრულად უნდა შენარჩუნდეს. რა არის თქვენი არგუმენტი?

არგუმენტი არის ის, რომ ჩემი აზრით, გარკვეული ლანძღვა-კრიტიკა განპირობებული იყო იმით და ჩვენი შეცდომაც იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენ არ ვცემდით ამაზე პასუხს. რა თქმა უნდა, იყო შეცდომები, მაგრამ ბევრი რაღაცას, რაზეც არის საუბარი, ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა და მე მაგაზე შემიძლია ვილაპარაკო: იყო კანონმდებლობის პრობლემა, არაეფექტური გამოძიება და სხვა. მოსამართლეს კანონმდებლობით ჰქონდა შეზღუდული უფლება… მაგალითად, როდესაც პროკურატურა შემოიტანდა საქმეს, მოსამართლეს ან გამამართლებელი, ან გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოეტანა. არასრულყოფილი გამოძიებას მოსამართლე დამატებით გამოძიებაში ვერ აბრუნებდა, ანუ მთელი რიგი პრობლემები იყო. თუ საპროცესი არ ფორმდებოდა, მოსამართლეს არ ჰქონდა იმის უფლება, რომ [ბრალდებულისთვის] მიესაჯა მინიმალურ ზღვარზე ნაკლები სასჯელი. კანონმდებლობით იყო შეზღუდული მოსამართლის ბევრი უფლება. ახლა ამის გადახედვა უნდა დაიწყოს. გარდა ამისა, იყო ძალიან ბევრი საქმე, თქვენ წარმოიდგინეთ, თითო მოსამართლეს ზოგს ეწერა 200, 300 და 400 საქმე, დარბაზები არ გვყოფნიდა. ეს ყველაფერი გათვალისწინებული უნდა იქნას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მოსამართლეთა კონფერენციამ მიიღო გადაწყვეტილება, ანუ მოსამართლეებმა მიიჩნიეს, რომ რეფორმა ამ შემადგენლობით უნდა განხორციელდეს. ამიტომ, ვინც ამ თემებით არის დაინტერესებული, ჩემი მოწოდება იქნებოდა, რომ ვითანამშრომლოთ და ვიმოძრავოთ ერთი მიმართულებით ქვეყნის საკეთილდღეოდ, იმისათვის, რომ მივიღოთ დამოუკიდებელი მართლმასჯუალება.

 

1 ოქტომბრის შემდეგ თუ შეცვლილა ერთი მოსამართლე მაინც?

 

არ შეცვლილა. მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ ვინმე შეცვლილიყო. მოსამართლეთა შეცვლა შეიძლება მოხდეს, თუ მოსამართლე სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს, ეს უკვე პროკურატურის კომპეტენციაა. რაც შეეხება დისციპლინურად, ჩემი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრის პოზიციაა, რომ თუ მოსამრთლე ეთიკის ნორმებს არ დაარღვევს, მის მიმართ პასუხისმგებლობა არ უნდა განხორციელდეს.

ხორციელდება თუ არა, თქვენი აზრით, დღეისათვის რაიმე სახის ზეწოლა მოსამართლეებზე პროკურატურის მხრიდან?

მე პირადად ადმინისტრაციულ საქმეებს ვიხილავ, მაგრამ იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებენ მოსამართლეები, მე მეეჭვება, რომ პროკურატურის მხრიდან რაიმე ზემოქმედება ხდებოდეს.

მოსამართლეთა კონფერენციის ფარგლებში ბევრი პოზიტიური განცხადება კეთდება სასამართლო სისტემაზე, დღეს არის თუ არა ქართული სასამართლო ისეთი, როგორიც დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა იყოს?

 

ლევან მურუსიძე
ლევან მურუსიძე

სასამართლო, რომ დემოკრატიული იყოს, ამას მარტო მოსამართლეთა ძალისხმევა არ ჰყოფნის. სასამართლო იმ შემთხვევაში იქნება დამოუკიდებელი, თუ… მარტო სასამართლოში არ არის საქმე, პოლიცია უნდა მუშაობდეს გამართულად და პატიოსნად, პროკურატურა უნდა მუშაბოდეს გამართულად და პატიოსნად, გამოძიების დონე უნდა იყოს ეფექტური. მთელი რიგი ფაქტორებია.

ასოციაცია საქართველოს მოსამართლეთა ერთობის თავმჯდომარე ნათია გუჯაბიძე ამბობს, რომ არც სადისციპლინო კოლეგიაში და არც ადმინისტრაციულ კომიტეტში სამოქალაქო სპეციალიზაციის მქონე მოსამართლეები ვერ მოხვდნენ. ის ფიქრობს, თუ სამოქალაქო სპეციალიზაციის მქონე მოსამართლის წინააღმდეგ დაიწყებს სადისციპლინო კოლეგია საქმის განხილვას, მნიშვნელოვანია, რომ პროცესში ამავე დარგის მოსამართლემ მიიღოს მონაწილეობა და არა მხოლოდ სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული კოდექსის მოსამართლეებმა…

მაგაზე მაქვს ორი პასუხი: ჩემი აზრით, მოსამართლის დისციპლინარულ პასუხისგებაში მიცემა უნდა შეიძლებოდეს, თუ ის დაარღვევს ეთიკის კოდექსს და ეთიკის კოდექსის განხილვას არ სჭირდება ვიწრო სპეციალიზაცია ან სისხლში, ან სამოქალაქოში და მეორე: ასეთი იყო კონფერენციის გადაწყვეტილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი