ახალი ამბები

სოლიდარობის აქცია დეპუტატებისა და შშმ პირების მონაწილეობით

12 ივნისი, 2013 • • 1883
სოლიდარობის აქცია დეპუტატებისა და შშმ პირების მონაწილეობით

სოლიდარობის სპორტულ აქცია-ესტაფეტაში მონაწილეობა ორმა გუნდმა მიიღო. ამათგან ერთი – ეტლით მოსარგებლე პირებით დაკომპლექტდა, ხოლო მეორე – პარლამენტარებით. პარლამენტის შენობასთან ტერიტორია “კონუსებით“ და მცირე სახის დაბრკოლებებით მოაწყვეს. კონკურსის ამოცანა ამ ბარიერების გადალახვა იყო. ღონისძიებას  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დაესწრნენ აზერბაიჯანიდან.

 

როგორც  “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის” თავმჯდომარე გიორგი ძნელაძე ამბობს, აქცია ორ საკითხს მიეძღვნა:

 

“ერთი იყო, რომ შეზღუდული შესაძლებლობის პირებთან დაკავშირებით პარლამენტში ევროპული კონვენცია შემოვიდა რატიფიცირებისთვის. იურიდიულმა კომიტეტმა შეაჩერა მისი რატიფიცირება იმიტომ, რომ არ იყოს მხოლოდ დეკლარირებულად მიღებული, უბრალოდ მიღებისთვის მიღებული კონვენცია, არამედ თან ახლდეს პაკეტი ცვლილებებისა, რომელსაც ის იწვევს კანონმდებლობაში. მე ვფიქრობ, ეს არცთუ ისე ცუდი ნაბიჯია. სჯობს, კარგად მივიღოთ, სწორად მივიღოთ და ყველა ცვლილება მოყვეს, რაც საჭიროა.”

 

რაც შეეხება მეორე საკითხს, ძნელაძე განმარტავს, რომ აქციის მიზანია დეპუტატებისთვის ეჩვენებინათ, რამდენად რთულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ყოველდღიური ცხოვრება:

 

“ჩვენ ეს სოლიდარობის აქცია ჩავატარეთ იმიტომ, რომ პარლამენტარებისთვის ცნობილი გამხდარიყო, თუ რამდენად რთულია ეტლით მოსარგებლე ადამიანისთვის იმ გარემოში ცხოვრება, რომელშიც ჩვენ ვართ. ეს ბარიერები, რომელიც აქ მოვიტანეთ, ხომ სიმბოლურია? არის არქიტექტურული ბარიერები, არის ბარიერები განათლების მიღების დროს, არის ბარიერები საზოგადოებაში არსებობის დროს, არის ბარიერები დასაქმების დროს და ა.შ. ეს თუ საკუთარ თავზე არ გამოსცადეს, ძალიან რთულია ხომ, თუნდაც იმ 15 მეტრის გავლა?! ეს რომ საკატაო ინსტრუმენტი არ არის, ცხადია, ხომ?” 

 

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, აქციის მიზანი მიღწეულია:

 

“ამ მცირე ბარიერებით გვაჩვენეს, თუ რამდენი ბარიერი ხვდებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მე მადლობელი ვარ მათი, რომ ამ აქციით ჩვენს თავზე გამოვცადეთ ეს პრობლემები. “

 

მისივე თქმით, ევროპული ქარტია 4 წელია რატიფიცირებას ელოდება:

 

“ჩვენ ვაპირებთ რატიფიცირებას. ვთხოვეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ თანმდევი კანონპროექტები შემოიტანონ. ჩვენი კანონმდებლობა შესაბამისობაში უნდა მოვიყვანოთ საერთაშორისო კონვენციის ვალდებულებებთან და ჰარმონიზირებული კანონპროექტით შევქმნათ ჯანსაღი გარემო ამ კარგი ადამიანებისთვის.”

აქცია აპრლამენტთან
აქცია აპრლამენტთან

მასალების გადაბეჭდვის წესი