ახალი ამბები

ფოფხაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ვეტო სამართლიანია

11 ივნისი, 2013 • • 899
ფოფხაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ვეტო სამართლიანია

“ადვოკატთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ დეპუტატები ადვოკატების მოთხოვნას მხარს უჭერენ: 

 

ზაზა ხატიაშვილი და ეკა ბესელია
ზაზა ხატიაშვილი და ეკა ბესელია

“ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში კარგად ჩაიარა განხილვამ. ყველაფერი “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ სასარგებლოდ დაფიქსირდა. ყველა გამომსვლელი, ფაქტობრივად, აღიარებს იმას, რომ ადვოკატს უნდა ჰქონდეს უფლება სასამართლოს მიმართოს ჩხრეკისა და ამოღების თაობაზე. ყველა გამომსვლელი აღიარებს იმას, რომ ადვოკატს უნდა შეუნარჩუნდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლი, ანუ საგამონაკლისო მტკიცებულების წარდგენის უფლება, სასამართლო სხდომაზე. ანუ, ფაქტობრივად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ქალბატონ ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძის და ჩიორა თაქთქიშვილის პოზიცია, რომლებიც მხარს უჭერენ ადვოკატთა ასოციაციის პოზიციას. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მძიმე განხილვა გველოდება წინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. იმიტომ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აზრი მე უკვე გავიგე ზაქარია ქუცნაშვილის კომენტარიდან, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი არ ეთანხმება ადვოკატთა ასოციაციის პოზიციას.”

 

მისივე თქმით, ადვოკატთა კორპუსი მზად არის, ყველა წინადადება და შემოთავაზება მოისმინოს და ასევე, ღირსეულად დაიცვას თავისი პოზიცია.

 

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ კანონპროექტით დაცვის მხარის ინტერესები იზღუდება:

 

“ამ კანონპროექტით არათანაბარ პირობებში ვაყენებთ დაცვასა და გამოძიებას. ვადებს რაც შეეხება, დაცვას კიდევ უფრო უნდა გადაუვადდეს იმის შესაძლებლობა, რომ გამოითხოვოს მისთვის საჭირო მტკიცებულებები.”

 

ფოფხაძე ასევე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ვეტო სამართლიანია:


“ადვოკატთა ასოციაციამ ჩვენ სამართლიანი ხარვეზი შემოგვთავაზა და იმის გამო, რომ კანონპროექტში ეს ხარვეზი დოკუმენტურად გააფორმა პრეზიდენტმა, ეს არ უნდა გახდეს იმის მიზეზი, რომ შენიშვნების გათვალისწინებაზე ვთქვათ უარი.  ჩვენ უნდა დავეთანხმოთ ადვოკატთა ასოციაციას, უნდა დავეთანხმოთ იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი პრაქტიკა იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც ხდებოდა სასამართლო სისტემაში და ძიებაში და ნელ-ნელა გამოვასწოროთ ყველა ის ხარვეზი, რაც არის საპროცესო კანონმდებლობაში.”

 

პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის მიბრუნებული შენიშვნები ორ ძირითად საკითხს – კანონპროექტის რიგი მუხლების ძალაში შესვლის ვადებსა და დაცვის მხარესთან დაკავშირებულ უფლებებს ეხება. 

 

პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ჩხრეკა-ამოღების თაობაზე დაცვის მხარისთვის მინიჭებულ უფლებასთან დაკავშირებული მუხლი 2014 წლის 1 სექტემბრის ნაცვლად ერთი წლით ადრე – მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდეს. 

 

პრეზიდენტის კიდევ ერთი შენიშვნა მტკიცებულებათა საკითხს შეეხება. კერძოდ, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის თანახმად, 2014 წლის 1 სექტემბრიდან უქმდება “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” ჩადებული, დაცვის მხარის საგამონაკლისო უფლება, რომლის თანახმადაც, დაცვის მიერ ერთი ისეთი მტკიცებულების წარუდგენლობა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის უზრუნველსაყოფად, სასამართლოში არსებით განხილვაზე ამ მტკიცებულების დაუშვებლობას არ იწვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი