ახალი ამბები

გუბერნატორი: რუსები სამუშაოებს აგრძელებენ, თუმცა დიცში პანიკა არ არის

30 მაისი, 2013 • • 1214
გუბერნატორი: რუსები სამუშაოებს აგრძელებენ, თუმცა დიცში პანიკა არ არის

როგორც მან “ნეტგაზეთს” განუცხადა, დიცის მოსახლეობა სოფელში რჩება და სოფლიდან მოსახლეობის გადინება არ შეინიშნება.

“ჩემი ინფორმაციით, მოსახლეობა იქ რჩება. არ მგონია, სიმართლესთან ახლოს იყოს გავრცელებული ინფორმაცია, რომ მოსახლეობა სოფელ დიცს ტოვებს. ამ დროისთვის იქ სიმშვიდეა. რუსები თავის სამუშაოებს აგრძელებენ, თუმცა იქ არანაირი პანიკა არ არის”, – ამბობს იგი.

მავთულხლართების ინსტალაციის პროცესი სოფელ დიცში
მავთულხლართების ინსტალაციის პროცესი სოფელ დიცში

 

ჩხეიძის ინფორმაციით, რუსმა მესაზღვრეებმა ე.წ. საზღვარზე, სადაც ცოტა ხნის წინ ძელები ჩაარჭეს, მავთულხლართების გაბმის პროცესს განაგრძობენ, თუმცა ადგილზე ინციდენტები არ მომხდარა. გუბერნატორის ინფორმაციით, ადგილი არ ჰქონია სროლებს.

მისივე თქმით, დიცში მუშაობენ საერთაშორისო დამკვირვებლები, ასევე, განთავსებულია პოლიციის პოსტები.

 

დღეს, 30 მაისს, სოფელ დიცში შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელები, შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ რამდენიმე დღის წინ რუსული საოკუპაციო ძალის მხრიდან უკანონოდ დაწყებული, მავთულხლართების გაბმისთვის საჭირო წინამოსამზადებელი სამუშაოები  მოინახულეს. აღნიშნული პროცესები 31 მაისს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე განიხილება.


შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა დავით სუჯაშვილმა განაცხადა: “რუსი მესაზღვრეების მიერ ხორციელდება საოკუპაციო ხაზის გადმოწევა 120-150 მეტრით ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე”. მისივე თქმით, ამ საკითხებზე 3 ივნისს შსს ინფორმაციას მიაწოდებს საქართველოში აკრედიტებულ ყველა დიპლომატიურ მისიას და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

შსს-ს წარმომადგენლების ვიზიტი დიცში
შსს-ს წარმომადგენლების ვიზიტი დიცში

 

შეგახსენებთ, რომ დიცში რუსმა მესაზღვრეებმა საოკუპაციო ზოლი რამდენიმე დღის წინ გადმოწიეს რამდენიმე ასეული მეტრით. ისინი ახალ “საზღვრებს” მავთულხლართებით ამაგრებენ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხვდა, დიცის რამდენიმე მოსახლის მიწის ნაკვეთი, სასაფლაო და სარწყავი სისტემა.


გუშინ, 29 მაისს რუსმა მესაზღვრეებმა დიცის მკვიდრი 24 წლის როსტომ სოსიაშვილი დააკავეს, რომელიც ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მისი გათავისუფლების მიზნით მუშაობა უკვე დაიწყეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომელთაც ინფორმაცია ქართულმა მხარემ მიაწოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, მესაზღვრეები ხელისუფლების ბრძანებებს ასრულებენ. საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ იგი დიცის საკითხზე საუბარს კარასინთან გეგმავს ივნისის დასაწყისში პრაღაში დაგეგმილ შეხვედრაზე, თუმცა კარასინის თქმით, იგი არ აპირებს განიხილოს ის საკითხები, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ეხება. ლავროვის მოადგილის თქმით, შეხვედრებზე მხოლოდ ის საკითხები განიხილება, რომელთან დაკავშირებითაც წინსვლის პერსპექტივები არსებობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი