კომენტარი

ანნა რეხვიაშვილის წერილი 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით

19 მაისი, 2013 • • 1389
ანნა რეხვიაშვილის წერილი 17 მაისის  მოვლენებთან დაკავშირებით

გარდა ძალადობისა და აგრესიისა სრულიად „ქართველი ერისა“, გარდა გარდაუვალი სიკვდილისა, ჩემმა მეგობრებმა რომ ჩახედეს თვალებში, გუშინ ორი ძალიან ძალიან შემაშფოთებელი რამე გახდა ნათელი ჩემთვის:

 

ხელისუფლებამ ადამიანების კონსტიტუციური უფლების დაცვას (წაიკითხეთ, როგორც დემოკრატიის განმტკიცება) საპატრიარქოსთან გარიგება არჩია.

 

გაცხადდა, რომ მხოლოდ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი კი არ არის „მოძალადე“ ეკლესია, მოძალადე და აგრესორი თვითონ საპარტრიარქოა.

 

მეორე პუნქტის განხილვას ბევრ დროს არ დავუთმობ, და თუ ეჭვი გეპარებათ, რომ ყველა ეკლესიის ყველა მღვდელი, და არა მხოლოდ მმკ,  2 კვირა ამზადებდა „თავის მრევლს“ ორგანიზებული აგრესიისთვის (და ეს არ იყო ქართველი ერის წამიერი გაბრაზება), ბასილ კობახიძის ეს სტატია იხილეთ.

 

მინდა პირველ პუნქტზე მოგიყვეთ, იმაზე, რაზეც მე ვიცი, და რაც შეიძლება ბევრისთვის უხილავი დარჩა. ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი და არაფერი ყოფილა შემთხვევითი. მარტივად, სახელმწიფო ეკლესიას გაურიგდა. გუშინ  მობილიზებული პოლიციის მიზანი იყო: 1)არ შემდგარიყო აქცია (რომ არ გაბრაზებულიყო საპატრიარქო) და  2) ჩვენ გადავრჩენილიყავით ძალადობას (რომ არ გაბრაზებულიყო  „ევროპა“, და ვერ მიმხვდარიყო ვერავინ, რომ სახელმწიფომ არ შეასრულა საკუთარი პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველეყო აქციის მშვიდობიანი ჩატარება).

 

აი, როგორ მოხდა ყველაფერი. მთელი აქციის მოსამზადებელი პერიოდი გვირეკავდა და გვხვდებოდა რაც კი საქართველოში დაცვა არსებობს, ყველაფრის მაღალჩინოსანი. ყველა ერთიანად გვპირდებოდა, რომ ჩვენი აქციის დაცულობას საფრთხე არ ემუქრებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ ხელისუფლება თავის ვალს შეასრულებდა. ამაზე ლაპარაკობდა პრემიერი, და საქართველოს იუსტიციის მინისტრი. მგონი, ყველა „დეპარტამენტის“ უფროსის ნომერი პირადად მქონდა  ჩაწერილი. უცნაურს კი გავდა ეს ყველაფერი, და იმდენად უცნაურს, მეგონა კიბო მჭირდა და კარგად იმიტომ მექცეოდნენ, მაგრამ ოპტიმისტი ვარ და დავიჯერე ჩვენს ქვეყანაში დაუჯერებელი რამ – დავიჯერე, რომ სახელმწიფო თავის საქმეს აკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაღალჩინოსნები მუდმივად ამოწმებდნენ, რამდენი ადამიანი ვიქნებოდით ზუსტად, მიუხედავად იმისა, რომ 3-ჯერ შეგვაცვლევინეს აქციის დრო, მეგონა, ყველაფერი ჩვენთვის კეთდებოდა. მეგონა, ხელისუფლებას არ სურდა, ეკლესიას გადაეწყვიტა დემოკრატიის ბედი. შევცდი.

 

17 მაისს აქციაზე რომ მივედით, 12 საათზე მთელი კეთილგანწყობა გაქრა. დაგვხვდა განერვიულებული პოლიცია, არაორგანიზებული და არამეგობრული. მთელი თავისუფლების მოედანი გადაკეტილი იყო და იქ არავის უშვებდნენ. მათ შორის არც ჩვენი აქციის მონაწილეებს. არც ჩვენთან სურდათ დიდად ლაპარაკი. რომ მივედით, მაშინვე გვითხრეს (ან როგორ ვერ მივხვდი, რა სულელი ვარ!), დროზე ავტობუსებში ჩასხედით და რიყეზე გადაიყვანეთ აქცია, ხალხს ვეღარ შევაკავებთ პირველ საათზეო. 12 საათი იყო. პირველ საათამდე უამრავი ადამიანი აპირებდა მოსვლას და, ცხადია, მათ იმ ბრბოსთან ვერ დავტოვებდით, ყველა უნდა მოგვეგროვებინა და მერე გადაგვეწყვიტა, რას ვიზამდით. ვიკითხე, თუ ერთი საათი შევაკავებთ „ხალხს“ (პირველ საათამდე), კიდევ 20 წუთი რატომ ვეღარ შეაკავებთ-მეთქი (აქცია სულ 20 წუთი გაგრძელდებოდა). არ მიპასუხეს. მაშინ ვერ მივხვდი, რომ არავინ აპირებდა არავის შეკავებას. ვერ მივხვდი, რომ პოლიციას არც იარაღი ჰქონდა თან, არც ფარი, საერთოდ არც არაფერი ამ აბობოქრებული ხალხის მასის გასაკავებლად, რომ ბარიკადა, ბარიკადა სულაც არ იყო. არც უნდა ყოფილიყო. ვერ მივხვდი, რატომ გვიყურებდა ყველა პოლიციელი  ამრეზით. ვერ მივხვდი, რომ ჩვენი აქცია არ უნდა შემდგარიყო. სათითაოდ ვაგროვებდი ყველა აქტივისტს ერთ ადგილას, როგორც დაგვაბარეს. თურმე მარტო იმიტომ, რომ მერე პოლიციელებს ცხოველებივით შეეყარათ ავტობუსებში „პიდარასტოს“ ძახილით, და იქიდან გაექცუნებინათ. პრინციპში თვითონვე გვითხრეს, წადით, აღარ დაგიცავთო. ვერ წარმოვიდგინე.

 

ზუსტად ასე მოხდა. პირველს რომ 10 წუთი აკლდა მღვდლები ორგანიზებულად მივიდნენ ბარიკადებთან. დაბარებულებივით. ხალხი გაყვა. ბარიკადთა 3 რიგიდან ორი უპრობლემოდ გაუხსნეს, მესამე კი ვითომ „ხალხმა შეანგრია“, იყო ერთი ვუუუუუუუუუუუუუ… და არანაირი წინაღობა. მეგონა, რომ ყველას, ყველას, ვინც სათითაოდ შევიყვანე იმ „დაცულ ადგილას“, სათითაოდ დახოცავდნენ. მაგრამ არა. პოლიციამ „კარგად იმუშავა“ და სასწრაფოდ არეკა ყველა წინასწარგამზადებულ ავტობუსში და გააქცუნა (და მაინც კინაღამ ამოხოცეს ბოლო “მარშუტკაში” ადამიანები). არაფერი შემთხვევით არ მომხდარა, პოლიციისგან „ხალხის“ და მღვდლების შეკავების ერთი მცდელობაც არ ყოფილა. აქცია ზუსტად მაშინ ჩაიშალა, როცა უნდა დაწყებულიყო. რომ მითხრეს, სახლებში წადითო, არაფერი აღარ იქნებაო, მაშინღა გავაცნობიერე, რაც მოხდა. ცრემლები წამომივიდა. მოგვატყუეს…

 

გეგმა შესრულდა. ჩვენი უსაფრთხოება ”დაიცვეს” და აქცია ჩაიშლა. ალბათ მღვდლების გახელებული ბრბო და თვითონ მღვდლები ამის შემდეგ წესიერად რომ მოქცეულიყვნენ, ყველას ეგონებოდა, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა და ხელისუფლებამ „ყველაფერი გააკეთა“. მაგრამ, მთელი დღე რომ ქალაქში კრიმინალთა ჯოგები „გადამალულ“ გეებზე ნადირობდა, ერთმანეთს ურტყამდა, იმუქრებოდა და არავინ სჯიდა, არავინ ცდილობდა კანონის დაცვას, მაშინღა გაცხადდა, რომ თუ არეულობის ორგანიზატორი ეკლესიაა, კანონის დაცვა არავის ადარდებს.

 

დასკვნები თავად გამოიტანეთ.

 

ტექსტი პირველად  გამოქვეყნდა “იდენტობის” ოფიციალურ ვებ–გვერდზე

მასალების გადაბეჭდვის წესი