ეკონომიკა

რის ხარჯზე გაიაფდა შაქარი

16 აპრილი, 2013 • • 2832
რის ხარჯზე გაიაფდა შაქარი

კომპანია “ეი ენდ თი თრეიდინგი” ქვეყანაში ყავისფერი შაქრის იმპორტს ახორციელებს: “ჩვენ შემოგვაქვს ყავისფერი შაქარი და ვაფასოებთ პატარა შეფუთვებში. პროდუქტი შემოგვაქვს იტალიიდან. საქართველოში ყავისფერ შაქრზე მოთხოვნა დაბალია. ბაზარზე ძირითადი აქცენტი გაკეთებულია თეთრ შაქარზე. 2013 წლიდან ბაზარზე ბევრი იმპორტიორი შემოვიდა. ადრე ორი შემომტანი იყო. ბაზარი გაიხსნა ამ მიმართულებით და პროდუქციის სიჭარბემ ფასის ვარდნა განაპირობა,” – ამბობს კომპანის მენეჯერი.  

 

კომპანია “სამეფო ხარისხის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შაქარზე ფასის კლება კონკურენციამ განაპირობა: “აქამდე უკრაინიდან შეჩერებული იყო შაქრის იმპორტი. ეს პროცესი ხელოვნურად შეწყდა. ვის მიერ, ვერ ვიტყვი. ახლა ხორციელდება უკრაინული შაქრის იმპორტი და ბრაზილიურისაც. ბაზარზე 1 ტომარა შაქრის ფასი 55–56  ლარია. იგივე ფასი აქვს ადგილობრივ ნაწარმსაც.“


კომპანია “სამეფო ხარისხში” აცხადებენ, რომ ბაზარზე ოთხი წელია საქმიანობენ და დაფასოებული შაქრით სხვადასხვა ორგანიზაციებს ამარაგებენ, თუმცა ასეთი დაბალი ფასი პროდუქტზე 2008 წლის შემდეგ არ ახსოვთ: “ბაზარი ხელოვნურად გადაიკეტა 2008 წელს. მაშინ შაქარზე ზუსტად ეს ფასი იყო და მიწოდების შემცირების შემდეგ გაორმაგდა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ შაქრის ფასი ნელ–ნელა ძველ ნიშნულს დაუბრუნდა, რადგან  ბაზარზე მეტი მომწოდებელი შემოვიდა.”

 

კომპანია “სოფია პლუსი” შაქარს ბითუმად ყიდულობს და აფასოებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ შაქრის ფასმა სადისტრიბუციო კომპანიებისთვის კიდევ უფრო დაიკლო:  “ჩვენ ვყიდულობთ პროდუქტს ბითუმად. ფასს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დისტრიბუციას ვახორციელებთ. ჩვენ მოგების მარჟა 10–15 პროცენტია. მარკეტებში 1 კილოგრამი შაქრის ფასი 1,10 – 1,20 ლარია. შაქარი, რომლის დისტრიბუციასაც ვახდენთ, უკრაინიდან შემოდის.”

 

რატომ შეიზღუდა 2008 წელს უკრაინიდან შაქრის იმპორტი და რის საფუძველზე მოხდა კვლავ განახლება 2013 წელს? ამ შეკითხვით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მივმართეთ.

 

შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი ამბობს, რომ რაიმე ოფიციალური დოკუმენტი საქართველოში უკრაინიდან შაქრის იმპორტის შეზღუდვის ან დაშვების შესახებ უწყებას არ მიუღია. მოისწრაფიშვილის თქმით, საქართველოში შაქრის იმპორტი არ იზღუდება, ფასს კი ბაზარი არეგულირებს.     

 

2013 წლის მარტში ლონდონის ბირჟაზე ტონა შაქრის ფასმა  499,40 დოლარი შეადგინა. როცა 2011–12 წლებში ფასი თითქმის 100 დოლარით მეტი იყო. რაც შეეხება უკრაინას, დაფოსოებული 1 კილოგრამი შაქარი 5,80 გრივნა ღირს, რაც 12 პროცენტით დაბალი ფასია, გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. შაქრის საბითუმო ფასი 4,90 გრივნაა, ხოლო პროდუქციის იმპორტი უფრო დაბალ ფასში ხორციელდება.


საქართველოში ადგილობრივ ბაზარზე შაქარს “აგარა შუგარ ქვოლიტი” აწარმოებს.

 

კომპანიის გენერალური დირექტორი ალხენ ალიზადე ამბობს, რომ უკრაინიდან შაქრის ჭარბმა იმპორტმა მის  წარმოებას პრობლემები შეუქმნა: “უკარაინიდან შემოდის იაფი შაქარი. ჩვენ ვერ ვუწევთ მას კონკურენციას და იძულებული ვართ ფასი შევამციროთ. წარმოება ზარალზე მიდის. ფინანსურმა დანაკარგმა  1 მილიონი ლარი შედგინა.”


ალხენ ალიზადე ამბობს, რომ უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შაქარი  დემპინგურ ფასში გაყიდოს: ”1 ტონა შაქრის თვითღირებულება 750–800 დოლარია. ისინი ყიდიან 550–510 დოლარად. იმიტომ, რომ აქვთ ჭარბი წარმოება. უკრაინის მოხმარება არის 1 მლნ 800 ტონა. გასულ წელს აწარმოეს 2 მლნ 400 ტონა. 2012 წლის ნაწარმი ვერ გაყიდეს და რომ არ დაასაწყობონ, ფასი დასწიეს”.


“აგარა შუგარ ქვოლიტის” დირექტორის თქმით, მან  არ იცის, რატომ გადაწყვიტა საქართველოს  მთავრობამ უკრაინიდან შაქრის იმპორტის დაშვება: “ახლა საქართველოს ბაზარი ღია ყველასთვის. ჩვენთვის კი ჩაკეტილია სხვა ბაზრები, რადგან იქ საბაჟო გადასახადი მაღალია.”


ალხენ ალიზადე ამბობს, რომ  “აგარა შუგარ ქვოლიტში” 600 ადამინი მუშაობს: “არ გვინდა მათი სახლში გაშვება. ჩვენ დავწიეთ ფასი, რომ დარჩენილი პროდუქცია გავყიდოთ. ქარხანა უკვე ორი თვეა არ მუშაობს. თუ ფასს არ დავწევდით, ვერ გავყიდდით შაქარს.  უკრაინიდან შაქრის იმპორტი ბოლო სამ თვეში გაიზარდა. ფასი დავწიეთ და იმედი მაქვს, იმპორტი შემცირდება და მისი შემოტანა აღარ იქნება მომგებიანი.”  


“აგარა შუგარ ქვოლიტის” ხელმძღვანელმა საწარმოში შექმნილ პრობლემებზე სამთავრობო უწყებებს მიმართა: “ჩვენ მივმართეთ ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინიტროს, პარლამენტს, რომ ჭარბი იმპორტის გამო წარმოება შეგვეზღუდა. ჯერ კონკრეტული პაუხი არ მიგვიღია.”  


საქართველოს ფინანსთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება მხოლოდ მინისტრ ნოდარ ხადურს შეუძლია, რომელიც ამ დროისთვის საქმიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და, შესაბამისად, ამ ეტაპზე მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი