ახალი ამბები

რას შეცვლის 19 აპრილის აქცია საქართველოში

15 აპრილი, 2013 • 2031
რას შეცვლის 19 აპრილის აქცია საქართველოში

აქცია, რომელიც 19 აპრილს თბილისში გაიმართება, “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 21 თებერვალს დააანონსა და აქციაზე მოსახლეობის მიწვევის თვალსაზრისით რეგიონებში პიარკამპანიაც დაიწყო. აქციის დეკლარირებული მიზანია საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერა და რუსეთის პოლიტიკურ ორბიტაზე ქვეყნის შესაძლო დაბრუნების გამო პროტესტის გამოხატვა. მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ 19 აპრილისათვის დაგეგმილ აქციაში მონაწილეობა ქვეყნის ყველა პატრიოტმა უნდა მიიღოს, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათია–ანტიპათიებისა და პარტიული კუთვნილებისა.


ვინ არის აქციის ორგანიზატორი?


მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციის ჩატარების ინიციატორი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”, ვანო მერაბიშვილმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ აქციის ორგანიზებას აღნიშნული ოპოზიციური პარტია ერთპიროვნულად არ აპირებდა და ამ პროცესში სამოქალაქო ჯგუფების ჩართვასაც გეგმავდა. 11 მარტს გამართულ პრესკონფერეციაზე მან აღნიშნა, რომ დემონსტრაციის ორგანიზებით დაკავდებოდა სპეციალურად შექმნილი საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფის წარმომადგენლისაგან უნდა დაკომპლექტებულიყო. თუმცა მსგავსი საორგანიზაციო ჯგუფის პრეზენტაცია საზოგადოებას აღარ უნახავს. “ნეტგაზეთი” შეეცადა, რომ აქციის მიზნებისა და საორგანიზაციო საკითხების შესახებ ინტერვიუ უშუალოდ ვანო მერაბიშვილთან ჩაეწერა, თუმცა, როგორც პარტიის ცენტრალურ ოფისში გვითხრეს, იგი დაკავებულია და შეხვედრას ვერ მოახერხებს.


ვინ არის ამ აქციის რეალური ორგანიზატორი? – ამ კითხვით “ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთ ლიდერს, იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, დეპუტატ გიორგი ვაშაძეს მივმართეთ.


“თავიდან “ნაციონალურმა მოძრაობამ” წამოიწყო ეს ყველაფერი, მაგრამ, ალბათ, ხედავთ, რამდენი არასამათავრობო ორგანიზაცია და საზოგადოებრივი მოძრაობა უერთდება აქციას. სწორედ მათგან არის შექმნილი მიტინგის საორგანიზაციო ჯგუფი. პერიოდულად ხდება შეკრება და მიმდინარეობს სხვადასხვა საკითხზე მსჯელობა. “ნაციონალური მოძრაობა” აქციის ერთპიროვნული ორგანიზატორი არ არის”, – აღნიშნა ვაშაძემ.


იგი ადასტურებს, რომ მიტინგის საორგანიზაციო საკითხებში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც არის ჩართული და ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ეს უკანსკნელი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერია. პარტიაში ჯერჯერობით არ ამხელენ, აპირებს თუ არა პრეზიდენტი აქციის მიმდინარეობისას სიტყვით გამოსვლას. ჯერჯერობით არც დემონსტრაციის პროგრამის სხვა დეტალებს ასაჯაროებენ, თუმცა ცნობილია, რომ დემონტრსაცია 19 აპრილსვე დასრულდება.


რეგიონები და 19 აპრილი


ვაშაძე დარწმუნებულია, რომ აქციაში მონაწილეობის მისაღებად 19 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი შეიკრიბება. მისივე მტკიცებით, მოსახლეობა რეგიონებიდანაც აპირებს დედაქალაქში ჩასვლას. დეპუტატი ადასტურებს, რომ პარტია ამ ადამიანების ნაწილს თბილისში ტრანსპორტირების თვალსაზრისით გარკვეულ დახმარებას გაუწევს, თუმცა ეს არ იქნება არსებითი კონტრიბუცია:


“ძალიან ბევრი მსურველია რეგიონებიდან ჩამოსვლის, მაგრამ მათ ტრანსპორტირებას უნდა სერიოზული ხარჯები. ჩვენ, სამწუხაროდ, ყველას ჩამოყვანას ნამდვილად ვერ უზრუნველვყოფთ. ძალიან ვწუხავართ ამის გამო, მაგრამ, ფაქტობრივად, ვინც თბილისში ჩამოვა, ძირითადად ამას თვითორგანიზების მეშვეობით გააკეთებს. მხოლოდ ძალიან კონკრეტულ შემთხვევებში შევძლებთ ჩვენ, რომ სატრანსპორტო საშუალებებს ხელშეკრულებები გავუფორმოთ იმ მწირი ფინანსებიდან გამომდინარე, რაც გვაქვს. რეგიონებიდან მართლა ძალიან ბევრი მსურველია, მაგრამ ჩვენ ალბათ მათ მეათედზე მეტს ვერ შევძლებთ, რომ დავეხმაროთ. მიტინგის მონაწილეთა ძირითადი ნაწილი თბილისის მოსახლეობა იქნება”, – აღნიშნა მან.


მიმდინარეობს თუ არა ზეწოლა “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებზე?


გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლების დავალებით სამართალდამცველები “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებთან სახლში მიდიან და ზეწოლას ახდენენ – მოუწოდებენ, რომ აქციაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავონ, ასევე, სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან სხვადასხვა საჯარო უწყების იმ თანამშრომლებს, რომლებიც კოალიცია “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არ არიან, მათ ეუბნებიან, რომ 19 აპრილს აქციაზე არ მივიდნენ.


“მაგალითად, ისანში ძალიან ბევრი ჩვენი აქტივისტი მეუბნება, რომ მათზე არის პირდაპირი ზეწოლა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან. ღამ–ღამობით მიდიან მათთან სახლში და ეუბნებიან, რომ 19 აპრილს არ გავიდნენ აქციაზე. მე მახსოვს, როცა “ქართული ოცნება” ოპოზიციაში იყო, ამაში ჩვენ გვადანაშაულებდა ხოლმე და რას აღარ გვაბრალებდა. სინამდვილეში კი, ყველა ვხედავდით, რომ მათ აქციებზე ხალხი დადიოდა და არავის ამის გამო საჯარო სამსახურიდან არ ვუშვებდით. დღეს საჯარო სამსახურები კატეგორიულად გაფრთხილებულია, რომ პარასკევს თვითონ დეპარტამენტის უფროსები შეამოწმებენ, თუ სად იქნებიან და რას გააკეთებენ მათი თანამშრომლები”, – აღნიშნა ვაშაძემ და დასძინა, რომ ეს დაშინების პროცესი მოწმობს იმას, რომ ხელისუფლებას 19 აპრილის აქციის ძალიან ეშინია: “სწორედ ამ შიშის გადაფარვას ცდილობენ ისინი იმ იუმორისტული და ირონიული ტონით, რითაც ამ აქციის შესახებ საუბრობენ ხოლმე”.


სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების არსებობას შინაგან საქმეთა სამინისტროში უარყოფენ.


“მსგავსი ფაქტები არ ხდება. პოლიცია არის დეპოლიტიზებული. თუ ვინმეს რაიმე სახის კონკრეტული ინფორმაცია გააჩნია ამასთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ, რომ მოგვმართოს”, – აღნიშნა შსს–ს პრესსპიკერმა ნინო გიორგობიანმა “ნეტგაზეთთან” საუბარში.


კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ლევან ბერძენიშვილი კი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ მან არ იცის, გარდა იუმორისტული კონტექსტისა, როგორ უნდა ილაპარაკონ ზემოხსენებულ აქციაზე:


“მე საერთოდ არ ვსაუბრობ ხოლმე 19 აპირლზე, ეტყობა იმიტომ, რომ ძალიან მეშინია… იუმორისტულად, აბა, სხვანაირად როგორ უნდა შევხედოთ? ჩაატარონ, რაც გაუხარდებათ, პრობლემა არ გვაქვს, არ შევუშლით ხელს. თუკი ევროპასთან კავშირი სურთ, რაც უფრო მეტ ხალხს გამოიყვანენ [ქუჩაში], ჩვენც გაგვეხარდება”, – ამბობს იგი ვაშაძის იმ განცხადების კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც, “ქართულ ოცნებაში” 19 აპრილის აქციის შიში აქვთ.


საჭიროა თუ არა საქართველოში ევროატლანტიკური საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად აქციის ჩატარება?

ნაციონალური მოძრაობის” ოპონენტები კოალიცია “ქართული ოცნებიდან” მიიჩნევენ, რომ მას შემდეგ, რაც 7 მარტს პარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია პროდასავლური კურსის უცვლელობის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ევროატლანტიკური კურსის მხარდასაჭერად დაგეგმილმა დემონსტრაციამ აზრი დაკარგა. მმართველი გუნდის ლიდერები კატეგორიულად უარყოფენ ბრალდებებს იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნება” საქართველოს რუსეთის პოლიტიკურ ორბიტაზე აბრუნებს. ამ მოსაზრებას დეპუტატი ვაშაძე არ ეთანხმება და ამბობს, რომ  ბოლო დღეებში 2008 წლის ომის გამოძიების თემასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა 19 აპრილს პირიქით, გაცილებით უფრო  დიდი აზრი შესძინა.


“ვის წისქვილზე ასხამს ეს პოლიტიზებული გამოძიების ჩატარება წყალს 2008 წლის რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით? ან რა უნდა გამოვიძიოთ? ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრა, გვბომბავდა… პირდაპირ ვთქვათ, რომ არა ქართული შეიარაღებული ძალების სერიოზული წინააღმდეგობა, დღეს შეიძლება თბილისში რუსეთის მიერ ხელდასმული ხელისუფლება ყოფილიყო. ძალიან სამწუხაროა, როცა ახალი ხელისუფლება ამას, ფაქტობრივად, ხელს უწყობს და ისეთი საკითხის გამოძიებას იწყებს, რომელიც უკვე გამოძებულიც არის და საერთაშორისო შეფასებაც აქვს მიცემული. მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ ეს ტერიტორიები ოკუპირებულია. დღეს კი ჩვენ ხელისუფლებას სიმართლის დადგენა უნდა თურმე… ზუსტად ამიტომ 19 აპრილს გაცილებით მეტი ადამიანი მოვა… არ შეიძლება, ამით ვანგრევთ სახელმწიფოებრიობას და ქვეყანას და ამაში ჩვენ ყველანაირად შევუშლით ხელს არსებულ ხელისუფლებას”, – აღნიშნავს იგი.


დეპუტატის თქმით, აქციის უმთავრესი მიზანი იმის მოთხოვნა იქნება, რომ სახელმწიფომ უკვე არჩეულ განვითარების კურსს არ გადაუხვიოს.  

19 აპრილი შუალედური არჩევნების კონტექსტში


როგორც ცნობილია, 19 აპრილისათვის დაგეგმილი მიტინგიდან 8 დღეში, 27 აპრილს საქართველოს სამ საარჩევნო ოლქში  – ნაძალადევში, სამტრედიასა და ბაღდათში შუალედური საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. კითხვაზე, ხომ არ არის დაანონსებული საპროტესტო დემონსტრაციის ერთ–ერთი მიზანი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ, ერთი მხრივ, საკუთარი პოლიტიკური რეიტინგის გადამოწმება და მეორე მხრივ, არჩევნების წინ ძალის დემონსტრირება, ვაშაძე ამბობს, რომ ამ აქციის მიზანი ყველაფერი შეიძლება იყოს.


“მოდით, ასე ვთქვათ: ერთი მეორეს არ გამორიცხავს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი: ქვეყანა უნდა განვითარდეს სწორად და არ შეიძლება, რომ ამ განვითარების გზას გადაუხვიოს საქართველომ. ეს ყველაზე მნიშნელოვანია. გარდა ამისა, ადამიანები სხვადასხვა მიზნით მოდიან 19 აპრილს. მე ვიცნობ ძალიან ბევრს, რომელიც აქციაზე მოდის იმიტომ, რომ უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან; ბევრი გაჭირვებული ადამიანი მოდის იმის გამო, რომ  ხელისუფლებამ სიღარიბის დახმარება მოუხსნა; ადამიანების ნაწილი მოდის იმიტომ, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავს და ამჩნევს იმას, თუ რამდენად ღრმად შევდივართ კრიზისში; ძალიან ბევრი ადამიანი აქციაზე მოდის იმიტომ, რომ ხედავს, თუ როგორი არაპროფესიონალი მინისტრები გვყავს და როგორი უსაქმურობაა გამეფებული სამინსიტროებსა თუ იმ ადგილობრივ თვითმართველობებში, სადაც მართვის სადავეები “ქართულმა ოცნებამ” აიღო ხელთ; ძალიან ბევრი ადამიანი მოდის იმიტომ, რომ 5- ლარიანი უაზრო, ვითომ დაზღვევა გაუკეთეს, რომელშიც ჭრილობის სამედიცინო სახვევით გადახვევაც კი არ შედის და ამას აპროტესტებს; ძალიან ბევრი იმიტომ მოდის, რომ “ქართული  ოცნების” წინასაარჩევნო ტყუილებზე აგებულმა კამპანიამ დღეს თავი ნათლად იჩინა უკვე, საუბარია  საწვავის და კომუნალურ ტარიფებთან დაკავშირებით გაკეთებულ ცრუ განცხადებებზე; მოდის ძალიან ბევრი ტაქსის მძღოლი, რომელსაც ღამე მუშაობის ეშინია იმიტომ, რომ ერთ–ერთ ტაქსის მძღოლს ისნის რაიონის სასაფლაოზე ყელი გამოჭრეს. მიზეზი არის უამრავი და აი, ამ ბევრი ფაქტის გამო იკრიბება ხალხი 19 აპრილს”, – განაცხადა მან.


რუსეთის ფაქტორი


საპარლამენტო უმცირესობის წევრის თქმით, არ შეიძლება, რომ რუსეთის მიმართ ცრუ ილუზიები გაჩნდეს, კრემლში უნდა გაიგონ, რომ საქართველო არის ერთიანი რუსეთთან დამოკიდებულებაში.


“ჩვენ არ ვართ არავის მონა. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ პარტნიორები, მაგრამ ვერ ვიქნებით მისი მონა. მარტო მაშინ შეიძლება დალაგდეს რუსეთთან ურთიერთობები, როდესაც ისინი ძალას ნახავენ ჩვენში და ეს პროცესი, ფაქტობრივად, დაწყებული იყო  წინა ხელისუფლების დროს. თუნდაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის საკითხზე რუსეთმა საკმაოდ სერიოზული დათმობა გააკეთა, როცა თქვა, რომ შეიძლებოდა გაკონტროლებულიყო რუსეთ–საქართველოს საზღვარი, ამაზე წამოვიდა რუსეთი, მაგრამ დღეს ამაზე ლაპარაკი აღარ გვესმის, სამაგიეროდ ლაპარაკია იმაზე, როგორ შევიტანოთ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებები და როგორ “გავუპრავოთ” ჟირინოვსკის სოხუმში ან ცხინვალში სიარული. სწორედ ამიტომ მოვა ძალიან ბევრი ადამიანი და ძალიან სერიოზული მოთხოვნები გვექნება 19 აპრილს. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიზანია ის, რომ როცა გვეუნებიან, ნაციონლაური მოძრაობიდან  პარლამენტში მხოლოდ 50 კაცი ვართ და ჩვენ მხარს აღარავინ გვიჭერს, აი, დაინახევენ რამდენი ადამიანი გვიჭერს მხარს და რამდენ ადამიანს აქვს ხელისუფლებისაგან განსხვავებული მოსაზრებები. “ქართულ ოცნებაში” არ უნდა ეგონოთ, რომ ამ ქვეყანაში მარტონი არიან”, – აცხადებს ვაშაძე.


ექსცესებისა და ინციდენტების პრევენცია


“ნაციონალურმა მოძრაობამ” 19 აპრილის აქციაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის თხოვნით შს სამინისტროს უკვე მიმართა. ამასთანავე, პარტიამ განცხადება მერიაშიც შეიტანა და ეს უწყება საქმის კურსში ჩააყენა იმის თაობაზე, რომ 19 აპრილს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას აპირებს. როგორც “ნეტგაზეთთან” საუბარში შს სამინისტროს პრესსპიკერი ნინო გიორგობიანი ამბობს, ეს უწყება კანონით დადგენილ ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ აქცია მშვიდბიანად ჩატარდეს და მის მონაწილეებს საკუთარი პოზიციის გამოხატვის საშუალება მიეცეთ. გიორგობიანი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, რა ღონისძიებებს გეგმავს შსს იმისათვის, რომ შესაძლო ინციდენტები თავიდან აიცილოს. დეპუტატი ვაშაძე კი იმედოვნებს, რომ 19 აპრილს მათ წინააღმდეგ პროვოკაციებს არავინ დაგეგმავს.


“ჩვენ თვითონ ვიქნებით მაქსიმალურად მობილიზებული  იმისთვის, რომ ყოველგვარი პროვოკაცია ავირიდოთ თავიდან. იმდენი ადამიანი იქნება იქ,  რომ ვერავინ გაბედავს პროვოკაციას”, – აცხადებს იგი.

 

19 აპრილს შესაძლოს პროვოკაციაზე საუბრობს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაზეთ “ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში:

 

“როგორც მითხრეს, 19 აპრილს აპირებენ, რომ რამდენიმე მოქმედი პოლიციელი მიიყვანონ მერაბიშვილის მასკარადზე, მე მათი სახელები და გვარები ვიცი. მათი გეგმის მიხედვით, რამდენიმე მხარდამჭერი პოლიციელი (რომლებიც ან მათი ნათესავები არიან, ან მეგობრები, თქვენ იცით, რომ ვანო მერაბიშვილის ნათესავები დღემდე მუშაობენ სამინისტროში) მივა 19 აპრილს აქციაზე. ისინი დემონსტრაციულად გაიხდიან პოლიციელის ფორმას, ამოიღებენ პოლიციელის საბუთს და დახევენ… თუ მათ მსგავს სასაცილო სპექტაკლში მონაწილეობა საბოლოოდ აქვთ გადაწყვეტილი, მოვუწოდებ, ხვალვე დაწერონ პატაკი და წავიდნენ სამინისტროდან, რადგან პოლიცია არის თავისუფალი პოლიტიკისგან. გარდა ამისა, კანონით არის განსაზღვრული, რომ პოლიციელისთვის დაუშვებელია, მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მანიფესტაციაში”.

 

ღარიბაშვილის თქმით, აქციის ორგანიზატორებს დაგეგმილი აქვთ პროვოკაცია, რათა პოლიციამ ძალა გამოიყენოს:

 

“ვაცხადებ, რომ არ დავუშვებ რაიმე სახის პროვოკაციას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან კარგი პრევენციული გეგმა გვაქვს შემუშავებული და რისკები მინიმუმადე დაყვანილი, რომ იქ სასაცილო პროვოკაციები არ მოაწყონ, 8 თებერვლის მსგავსი, რაც ჩვენ “ეროვნულ ბიბლიოთეკასთან” ვიხილეთ”, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.


რა შეიცვლება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში 19 აპრილის აქციის შემდეგ, როგორი იქნება 20 აპრილის პოლიტიკური კონფიგურაცია?


გიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ 19 აპრილის მასშტაბური აქციის შემდეგ კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ ჩამოყალიბებული მთავრობა და პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობის და ოპოზიციის მოსაზრებების მოსმენას დაიწყებს.


“19 აპრილის შემდეგ ხელისუფლება გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს აღარ მიიღებს. მთავარია, ჩვენ ვაკონტროლოთ ხელისუფლება. ყოველდღიურად ასობით ადამიანი კარგავს სამსახურს, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს? მე დიდი იმედი მაქვს, რომ 20 აპრილიდან მთავრობის გამოფხილზება დაიწყება”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ 19 აპრილის აქციის შემდეგ ნაციონალური მოძარაობის პოლიტიკური პოზიციებიც გაძლიერდება.


ვაშაძის კოლეგა საპარლამენტო უმრავლესობიდან ლევან ბერძენიშვილი კი 19 აპრილის მიტინგის კონტექსტში “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური რეიტინგისათვის რისკების შემცველ ფაქტორებს ხედავს.


“რა თქმა უნდა, როცა ამხელა აქციას აანონსებ, სულ ცოტა ერთი მინისტრის გადაყენება მაინც უნდა მოახერხო და რაღაც უნდა შეძლო. თუ შედეგს ვერ მიიღებ, ეს, ალბათ, რამე რისკს შეიცავს, მაგრამ  ეს ჩვენი პრობლემა არ არის. ჩვენ ვგულშემატკივრობთ, რომ ნაციონალური მოძრაობა იყოს ჩვენი ოპონენტი პარლამენტში. მათი ძირითადი საქმიანობა, ჩემი აზრით, პარლამენტში უნდა იყოს, მაგრამ რადგან თვითონ გული ქუჩისკენ მიუწევთ, პრობლემა არ არის. გავიდნენ ქუჩაში და ნახონ…  ჩვენ დიდი დრო გავატარეთ ქუჩაში და მივესალმები ყველას, ვინც იმავე სკოლას გაივლის”, – ამბობს იგი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

ერთ-ერთი ვერსიით, 19 აპრილს შესაძლოა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” საპრეზიდენტო კანდიდატად ვანო მერაბიშვილი დაასახელოს, რომელიც პირადად ხელმძღვანელობს აქციის ორგანიზებას, რომელიც თბილისში ოთხ დღეში უნდა გაიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი