ახალი ამბები

მარგველაშვილი: არსებული სისტემის შენარჩუნება დანაშაულებრივი იქნებოდა

11 აპრილი, 2013 • 1226
მარგველაშვილი: არსებული სისტემის შენარჩუნება დანაშაულებრივი იქნებოდა

 

“იმ ვითარებაში, როდესაც საარსებო მინიმუმი არის 133 ლარი, ხოლო საშუალო შემოსავალი- 141 ლარი და ამ ორ მონაცემს შორის განსხვავება არის 8 ლარი, აი, ამ პირობებში ამხელა თანხა ამოდიოდა ჩვეულებრივი მოქალაქეების ჯიბიდან. თანაც ეს არ არის საბაზრო პროდუქტი, ეს არის პროდუქტი, რომლის ყიდვის არჩევანიც ადამიანს არ აქვს. მან ან უარი უნდა თქვას შვილის განათლებაზე, ან არა და ისეთ მდგომარეობაში უნდა იყოს, როგორშიც მე ვნახე გუშინ რუსთაველი მოსწავლეები, რომლებსაც უხდებოდათ ცალკე ქაღალდის შოვნა, ცალკე ქსეროქსის პოვნა და ასეთი სახელმძღვანელოებით სწავლობდა რუსთავის 19 000 მოსწავლიდან 3 000 მოსწავლე”

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება პირველ რიგში იმას ემსახურება, რომ საქართველოში ბავშვისა და მშობლის უფლება არ დაირღვეს:

“ხელისუფლებაში მოსვლის პირველი წუთიდან მე ღია განცხადება გავაკეთე იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმძღვანელოს ფასი უნდა იქნას დაკლებული. ეს არ არის დამალული პოლიტიკა. სექტემბერი გახდა მშობლებისთვის ეკონომიკური კატასტროფის თვე, აგვისტო კი გახდა წამების თვე”, – განაცხადა მარგველაშვილმა. მისი თქმით, მხოლოდ სოციალურად დაუცველთა დახმარების სქემამ არ გაამართლა, ამიტომ უფასო წიგნი უნდა მიიღოს ყველა ბავშვმა, მიუხედავად სოციალური სტატუსისა:

“ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელშიც რაღაც ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ გაგვაჩნია, ერთ–ერთი ასეთი ვალდებულება არის ის, რომ სკოლა უნდა იყოს უფასო. ამ სკოლებში უფასო სწავლებაზე რომ ვსაუბრობთ, არის სამი ძირითადი კომპონენტი. ეს არის შენობა, ეს არის მასწავლებელი და ეს არის სახელმძღვანელოები. ეს სამი კომპონენტი ემსახურება ბავშვის განათლებას.  

რატომ არ უნდა გადავახდევინოთ რომელიმე მილიონერს ფული იმაში, რომ, დავუშვათ, დადის პარკში და სუნთქავს იქ ჰაერს, ან რატომ არ უნდა გადავახდევინოთ ფული იმაში, რომ გზით სარგებლობს? არსებობს სიკეთეები, რომლებიც ყელასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი და საქართველოში ამის დიფერენციაციის ერთადერთი ფორმა იყო კერძო სკოლა და საჯარო სკოლა”, – განაცხადა მარგველაშვილმა. მისი თქმით, კერძო სკოლა არის ფასიანი და იქ უფრო შეძლებული მოსახლეობის სეგმენტია წარმოდგენილი, თუმცა არსებობს კერძო სკოლებში სოციალურად დაუცველთა ჯგუფი, რომლებისთვისაც წიგნები ასევე უფასო იქნება.


მინისტრის განცხადებით მომავალში იგეგმება სახელმძღვანელოების დახვეწა. მათ შორის ზომაში წიგნების დაპატარავებაც:


“ამ დახვეწაში არა მხოლოდ ავტორი მონაწილეობს, არამედ მონაწილეობს დამკაბადონებელიც, მხატვარიც, კორექტორიც და ა.შ. ყველა ამ ადამიანის შრომა ადეკვატურად დაფასდება და ეს დაფასება არ მოხდება ადამიანების წამების და მათი ეკონომიკური გაღატაკების ფონზე”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი