ახალი ამბები

ბერძენიშვილი ევროპულ ქარტიაზე: საქართველოს ვალდებულებების შესრულება მოუწევს [Video]

19 მარტი, 2013 • • 1413
ბერძენიშვილი ევროპულ ქარტიაზე: საქართველოს ვალდებულებების შესრულება მოუწევს [Video]

ბერძენიშვილის თქმით, ქარტიასთან დაკავშირებით ახალქალაქის საკრებულოში “რესპუბლიკელების” ფრაქციის გარკვეული ინიციატივიების მიუხედავად, ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხზე საუბარი გამოგონილია.

 

“აი, ახლა ამ წუთას საუბარი არის გამოგონილი იმიტომ, რომ არაფერი, არც ერთი ქაღალდი პარლამენტში არ შემოსულა და სანამ ქაღალდი არ შემოვა, ამაზე ლაპარაკი არ იქნება. რაც შეეხება ამ საკითხის დემონიზებას, მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ საქართველოს აქვს ვალდებულებები და თუკი ოდესმე საქართველო აპირებს ევროპისკენ სვლას, ამ მძიმე ვალდებულებების, მათ შორის მაჰმადიან მესხებთან დაკავშირებით, მათ შორის რეგიონალურ ენებთან და საერთოდ, ენის ქარტიასთან დაკავშირებით შესრულება მოგვიწევს. სხვა შემთხვევაში უარს ვიტყვით ევროპაზე.”

 

 

 

ბერძენიშვილი განმარტებებს აკეთებს მეგრულ და სვანურ ენებზეც. მისი მტკიცებით, ხელოვნურად არც ამ ენების მოკვლა შეიძლება და არც სხვა სტატუსის მიცემა:

 

“მე არ ვიცი, ვინმეს თუ უნდა რეგიონალურ ენად მეგრული ან სვანური. ეს ენები არსებობს, ბუნებრივია, ქართველური ენებია, ესაა ჩვენი სიმდიდრე,  ხელოვნურად მათი მოკვლა და ჩაკვლა არ შეიძლება, მაგრამ ასევე ხელოვნურად მათი გადაყვანა, ასე ვთქვათ, სხვა სტატუსში, ვფიქრობ, არ მოხდება. ეს საკითხი არ დგას და ეს არის ერთ-ერთი ის მომენტი, რომლითაც ხდება საკითხის დემონიზება.”

 

დეპუტატი მეგრული ენის დიალექტად გამოცხადების პრეცედენტსაც ეხმაურება:

 

“მე ვიცი, რომ საქართველოში არის ხალხი, რომელიც იმის შიშით, რომ რამე არ მოხდეს, ამტკიცებს, რომ მეგრული ენა არ არის, რომ მეგრული არის ქართული ენის დიალექტი. ეს ენათმეცნიერულად რამდენად სერიოზული მტკიცებაა, ეგ სხვა საკითხია. ვინც არ უნდა თქვას ეს, ეს ხუმრობაა ენათმეცნიერული თვალსაზრისით.”

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აფხაზურ ენაზეც საუბრობს. მისი თქმით, არავინ ფიქრობს იმაზე, რომ აფხაზური ენა გვჭირდება:

 

“საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით აფხაზური ენა აფხაზეთში არის სახელმწიფო ენა, ანუ მე თუ ხვალ დავაპირებ აფხაზეთში ცხოვრებას, აფხაზური ენა ისევე დამჭირდება, როგორც ქართული ენა და, სხვათა შორის, როგორც ჩანს, არც არავინ არ ფიქრობს მაგაზე იმიტომ, რომ არავინ არ სწავლობს ახლა აფხაზურ ენას, არსად არ ისწავლება საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთის გარდა, ბუნებრივია.”

 

რაც შეეხება მაჰმადიანი მესხების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას, ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ეს სამუშაო სიჩქარეს ვერ იტანს:

 

“ის კანონმდებლობა, რაც ჩვენ გვაქვს, არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებზეც საქართველოს აქვს აღებული ვალდებულებები. ვალდებულებები კი ძალიან მძიმეა. მდგომარეობა საქართველოში არ იძლეოდა საშუალებას, რომ სასწრაფოდ განგვეხორციელებინა ის, რაც ვიკისრეთ. აქ საშუალება არის მარტო ერთი, გავაუმჯობესოთ ვითარება ჩვენს ქვეყანაში და გავაუმჯობესოთ ის კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც ის ხალხი, რაღაც ნაწილი მაინც, თავის ისტორიულ სამშობლოში უნდა დაბრუნდეს. ეს არის ის სამუშაო, რა სამუშაოც ვერ იტანს სიჩქარეს და სისწრაფეს.”

 

ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ვალდებულებები, რომლებიც კონკრეტულ დროს უნდა განხორციელებულიყო, ქვეყნის განვითარების არასაკმარისი დონის გამო ვერ განხორციელდა:

 

“ვალდებულებები კი აღებული იყო ასე: ამ წლამდე ამას ვიზამ, იმ წლამდე იმას ვიზამთ. ამ წლამდე და იმ წლამდე, საქართველომ ვერ მიაღწია თვითონ, თავისთავად ქვეყანამ ვერ მიაღწია ვერც ისეთი ტიპის ეკონომიკურ განვითარებას და ვერც ისეთ სულიერ გამთლიანებას, რომ მართლაც მოეცალა მაგ საკითხისთვის. საკითხი გადადებულია.”

 

მისივე მტკიცებით, როგორც კი საქართველო უფრო მეტად ეცდება ევროპასთან დაახლოებას, მაშინვე ამ ვალდებულებებ შეგვახსენებენ:

 

“როგორც კი ჩვენ მოგვინდება უფრო მეტად მიახლოება ევროპასთან, ეს არის სამეზობლო პოლიტიკაში, ესაა სავიზო პოლიტიკაში, ესაა საბაჟო პოლიტიკაში, ესაა თავისუფალ ვაჭრობაში, იმ წუთას შეგვახსენებენ ჩვენს ვალდებულებებს და საქართველოს ექნება არჩევანი, რა გვინდა ჩვენ.”

 

ბერძენიშვილის განცხადებით, თუ საქართველო იტყვის, რომ მას არ უნდა ევროკაშირში, მაშინ სხვა გადაწყვეტილება იქნება მიღებული:

 

“აი, გუშინ მოვიდნენ ადამიანები “რესპუბლიკური პარტიის” ოფისთან და აპროტესტებდნენ და წამოცდათ ის სიბრძნე, ჩვენ არ გვინდა ევროკაშირშიო. ე.ი მათ არ უნდათ ევროკავშირში. თუ საქართველო იტყვის, რომ მას არ უნდა ევროკაშირში და არ უნდა ევროპაში, მაშინ სხვა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თუ გვინდა ევროკავშირში და ევროპაში, არა მარტო ჩვენ, არამედ სხვებსაც მოუწიათ საკმაოდ მძიმე კომპრომისების მოძებნა და მოგვიწევს, ალბათ, კომპრომისებზე საუბარი ისე, რომ არც ერთი წუთით არ ვუღალატოთ ჩვენს ინტერესებს, მაგრამ ამავდროულად გვახსოვდეს, რომ ჩვენს ინტერესში შედის, მაღალი ინტერესი არის ევროკაშირში ინტეგრირება და საერთოდ ევროპაში ინტეგრირება და მაღალი დაცულობა, მაგალითად, ნატოში ინტეგრირება, ეს ყველაფერი რაღაც ფასი ღირს და ერთ-ერთი ფასი არის დემოკრატია, მეორე ფასი არის ადამიანის უფლებები, მესამე ფასი არის სიტყვის შესრულება, პირობას რომ დადებ, მეოთხე ფასი არის თურქ მესხებთან გარკვევა იმიტომ, რომ ჩვენ უნდა გავერკვიოთ ამ საკითხში.”

 

ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო თავის ევროპულ არჩევანს არასოდეს შეცვლის:

 

“მე არა მგონია, რომ საქართველომ ის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო 15 საუკუნის წინ, ოდესმე შეცვალოს და ჩვენ ევროპაზე უარი ვთქვათ, მე არა მგონია, რომ ჩვენ ოდესმე არაევროპულ ქვეყნად ჩამოვყალიბდეთ.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი