ახალი ამბები

“ევროპის სახალხო პარტიის” დეკლარაცია საქართველოს შესახებ

15 მარტი, 2013 • 1385
“ევროპის სახალხო პარტიის” დეკლარაცია საქართველოს შესახებ

‘ევროპის სახალხო პარტია წუხილს გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად  ძალაუფლების დემოკრატიული გადაცემის შემდეგ ქვეყანაში უკან გადაიდგა ნაბიჯები კანონის უზენაესობის, სასამართლო და მედიის თავისუფლების კუთხით,” – ნათქვამია EPP-ის დეკლარაციაში.

 

პარტია რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გამოყოფს. მათ შორის არის დემოკრატიის ფუნქციონირება, სასამართლო და მედია. დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ აუცილებელია ყველა პოლიტიკური ძალისთვის თავისუფალი და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა.

 

ევროპის სახალხო პარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ არ გამოიყენოს შერჩევითი სამართალი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ასევე, თხოვს ქვეყნის ხელისუფლებას, სრულად გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანამდე, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების წესთან დაკავშირებით.

 

ევროპის სახალხო პარტია წუხილს გამოთქვამს, რომ შესაძლოა საქართველოში შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც მანამდე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენებსა და გადაწყვეტილებებს გადახედავს, რადგან ეს აღიქმება, როგორც პირდაპირი ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში.

 

ევროპის სახალხო პარტიის დეკლარაციაში საუბარია მედიის თავისუფლების აუცილებლობაზე, პარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. 

 

ევროპის სახალხო პარტიას ერთ-ერთი ყველაზე სოლიდული შემადგენლობა ჰყავს ევროპარლამენტში. აღნიშნული პარტიის შემადგენლობაში დამკვირვებელი წევრის სტატუსით საქართველოდან წარმოდგენილია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი