ხელოვნება

გიო მგელაძე – SMS დაკარგული თაობიდან

15 მარტი, 2013 • 2636
გიო მგელაძე – SMS დაკარგული თაობიდან

საღამო „არა, მეგობაროს“ ჩვენებით დაიწყო.  თუმცა მანამდე გიო მგელაძემ საზოგადოებას უთხრა, რომ წიგნი  28 ნოველით და 2 პიესით  თვითონ არის. „მე, რომელიც ყველაფერშია“. და რომელმაც ნატურალისტურად აღწერა ყველაფერი, ეროტიკული სცენებიც კი. წიგნის რედაქტორი ბესო ხვედელიძე  ამბობს, რომ ეს არის „სარკაზმი და გულწრფელი ქართული პორნო“, ჟანრობრივად და თემატურად მრავალფეროვანი წიგნი, რომელმაც საზოგადოების ყველა მტკივნეული თემა მოიცვა და გააერთიანა.

 

გიო მგელაძე
გიო მგელაძე

თუმცა არა მარტო წიგნი, გიო მგელაძის კინოშემოქმედებაც იგივეს აკეთებს. ნუცა კუხიანიძე, გიორგი გურგულია და ლევან აბაშიძე ფილმში „არა, მეგობარო“ ერთად თამაშობენ, რომლის  გადაღების დროს ლევანი გაუჩინარდა. ომში წავიდა და  აფხაზეთთან ერათად დაიკარგა. დრო, რომელმაც გმირები და მსხვერპლები ერთდროულად შექმნა და თაობა, რომელსაც დღეს „დაკარგულს“ ვუწოდებთ. თუმცა, როგორც ერთხელ გიო მგელაძემ თქვა, თავს არ თვლის დაკარგული თაობის ადამიანად, რადგან დაკარგული სიტყვა არ არსებობს ქვეყნად და, მით უმეტეს, თაობა. თუმცა რეალობა მეტისმეტად ჰგავს მის  „არა მეგობარო“-ში განვითარებულ სიუჟეტს. ლევან აბაშიძის მიერ მდინარეში გადაყრილ ტყვიებს და თავად ბრმა ტყვიის მსხვერპლს.

 

“Imago Mundi”, რომლის პრემიერაც შედგა, გიო მგელაძის ბოლო ფილმია, რომელშიც ერთ-ერთ პერსონაჟს თვითონ თამაშობს თათა ბარამაიასთან ერთად. ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, რომლის უსიტყვო დიალოგის მომსწრე დარბაზში მყოფი მაყურებელი ხდება. ფინალი ტრაგიკულია, იმდენად მძიმე და სიცხადით სავსე, თათას პერსონაჟის უკან, შენს თავსაც გრძნობ და მთელს სამყაროსაც. ისევ იარაღი, ისევ ტყვიები, რომლებიც ამჯერად არა მდინარეში, გიოს თხოვნით, მის გულში უნდა მოხვდეს. იქნებ ეს 20 წლის წინ (,,არა, მეგობარო” 1993 წელს არის გადაღებული) გასასროლი ტყვია იყო, რომელიც დღეს გავარდა და ამჯერად არა მდინარეში, არამედ თათია ბარამაიას ფეხებთან აღმოჩნდა.  თუმცა, ისევ გიოს სიტყვები რომ გავიხსენოთ, ქვეყნად სიტყვაც კი არ იკარგება, და მით უმეტეს,  ტყვია, მდინარეში მყოფიც კი;  არც თაობა, რომელიც დღეს დაკარგულად ითვლება. მისი წარმომადგენელი დღეს გიო მგელაძეა თავისი შემოქმედებით. პირველად წიგნის კრებულით და წლების წინ ფილმებით: “Imago Mundi”, „ჩემი თვითმფრინავი, „შვიდი დღე ტიბეტში“, „ქეთევან დედოფალი“, „ატუ ალაბა“, „არა მეგობარო“. ამ უკანასკნელს კი soundtrack-ად დათო ევგენიძის და ირაკლი ჩარკვიანის კომპოზიცია „Emotions” აქვს. გიომ ჩვენებაზე  საგანგებოდ აღნიშნა, რომ ეს არის მუსიკა, რომელიც დათო ევგენიძემ გეგა კობახიძეს მიუძღვნა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი