ახალი ამბები

ივანიშვილის მიერ აგენტად შერაცხული ჩრდილელი “თბილავიამშენში” დანიშნეს

7 მარტი, 2013 • • 2683
ივანიშვილის მიერ აგენტად შერაცხული ჩრდილელი “თბილავიამშენში” დანიშნეს

პირველი, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლისთანავე გააკეთა, „ქართუ ჯგუფიდან“ ჩამოიშორა გიორგი ჩრდილელი. 

 

“მთელი მთავრობა, მთელი სახელისუფლო გუნდი გაოგნებული ხართ, თუ რატომ გაიგეთ ასე დაგვიანებით ინფორმაცია ჩემი პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების შესახებ. საქმე ის არის, მე ვისარგებლე ჩემს ორგანიზაციაში თქვენ მიერ დავერბოვკებული თქვენი აგენტის უფასო “მომსახურებით“, რომელსაც პერიოდულად ვარწმუნებდი, რომ პოლიტიკაში არასოდეს არ მოვიდოდი, რომ ეს სფერო საერთოდ არ მაინტერესებდა და მალე საქართველოსაც დავტოვებდი. თქვენი აგენტიც იჯერებდა ჩემს ნათქვამს და მერე თქვენც გარწმუნებდათ, რომ ჩემი მხრიდან პოლიტიკაში მოსვლა გამორიცხულია. თქვენც მშვიდად და არხეინად ბრძანდებოდით, ამიტომაც იყო შოკის მომგვრელი და თავზარდამცემი ჩემი განცხადება თქვენთვის,”- წერდა 2011  წელს ბიძინა ივანიშვილი. მისივე თქმით, ეს „აგენტი“ გიორგი ჩრდილელი იყო.

 

საჯარო რეესტრის 2013 წლის 26 თებერვლის ამონაწერის მიხედვით, ამავე დროიდან შპს „თბილავიამშენის“ აღამსრულებელ დირექტორად გიორგი ჩრდილელი ფიგურირებს.

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მფლობელების სურვილის მიხედვით, შპს „თბილავიამშენი“ 2010 წელს გადაეცა თავდაცვის სამინისტროს. მაშინ განმარტება გაკეთდა, რომ რადგან „თბილავიამშენის“ ძირითადი დამკვეთი იყო თავდაცვის სამინისტრო, კომპანიის აღნიშნული ნაბიჯი ორ სუბიექტს შორის ურთიერთობას გაცილებით გაამარტივებდა. ამის შემდეგ „თბილავიამშენი“ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდბარებაში მყოფი სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ნაწილი გახდა. 

 

„ნეტგაზეთმა“ კითხვით მიმართა თავდაცვის სამინისტროს, თუ რატომ დაინიშნა „თბილავიამშენის“ აღამსრულებელ დირექტორად გიორგი ჩრდილელი. სამინისტროდან გვიპასუხეს, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ „თბილავიამშენი“ სამართავად ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა და, შესაბამისად, საკადრო გადაწყვეტილებასაც აღნიშნული უწყება მიიღებდა.

 

ჩვენ ასევე დავუკავშირდით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თუმცა, ჯერჯერობით უწყებისგან ჩვენს კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ.

 

ოფიციალური დოკუმენტაციით ირკვევა, რომ გიორგი ჩრდილელი აღნიშნულ თანამდებობაზე ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ–ის, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, დიმიტრი ქუმსიშვილის 25 თებერვლის ბრძანების საფუძველზეა დანიშნული. თავად ქუმსიშვილი კი, მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოადგილეა.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ქართუ ჯგუფის“ ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ჩრდილელის საქმიანი პარტნიორი იყო წლების განამვლობაში.

 

ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2006 წლის თბერვლიდან 2011 წლის ოქტომბრამდე „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი იყო. რაც შეეხება გიორგი ჩრდილელს, წლების განამვლობაში იყო “ქართუ ჯგუფის” პრეზიდენტი და “ბანკი ქართუს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

მასალების გადაბეჭდვის წესი