ახალი ამბები

ბესელიას პასუხი კუბლაშვილს

28 თებერვალი, 2013 • • 1392
ბესელიას პასუხი კუბლაშვილს

ბესელია მიიჩნევს, რომ კუბლაშვილის განცხადება უპასუხისმგებლო და სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია:

 

“ბატონი კუბლაშვილის საპასუხოდ, როდესაც ის აკეთებს სრულიად უპასუხისმგებლო და სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულ და მათ შორის არასწორი ინფორმაციებით გაჯერებულ განცხადებას, რომ, ერთი მხრივ, არ შეიძლება თურმე მოსამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს მის მიერ გამოტანილი განაჩენის გამო. მეორე- ის ამბობს, რომ არ შეიძლება მოსამართლეები დაიბაროს პროკურორმა და ჩვენება ჩამოართვას. მესამე, ბატონი კუბლაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეების მიმართ, ორი მოსამართლეა, რომელიც უზენაეს სასამართლოშია გამწესებული, მათი თანამდებობაზე დანიშვნის დროს კანონი არ დარღვეულა.”

 

ბესელიას მტკიცებით, 2005 წელს, როდესაც კუბლაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო, ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ გვაჯავა გაასამართლეს მის მიერ გამოტანილი განაჩენის გამო:

 

“ის გახლდათ ფოთის საქალაქო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე, რომელსაც მსჯავრი დაედო უკანონო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისთვის. იყო სამი ეპიზოდი. ერთი ეხებოდა იურიდიული ფაქტის დადგენას და ორი -პირობითი მსჯავრის გამოყენებას. უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული მოსამართლე გაასამართლა იმის გამო, რომ თქვა, უკანონოდ იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი. მოსამართლეს ორი წლით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა და მოგვიანებით მას დაეკისრა ჯარიმა”.

 

ბესელია აცხადებს, რომ 2005 წლამდე იყო კიდევ ერთი ასეთი შემთხვევა:

 

“უფრო ადრე იყო კიდევ უფრო გახმაურებული საქმე. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების- ტურავას, გვენეტაძის, ისაევის და სხვების მიმართ, როდესაც იუსტიციის საბჭომ დისციპლინური წარმოების გზით უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლეები სწორედ ბატონი კუბლაშვილის დავალებით და მისი უშუალო ზემოქმედებით გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან და ამ მოსამართლეების საქმე გახლავთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და ახლა მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურა, სადაც შეიძლება საქართველომ აღიაროს დარღვეული უფლებები ამ მოქმედი მოსამართლეების.”

 

ბესელია ამჟამად ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის რევაზ ნადარაიასთან  დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებასაც შეეხო:

 

“2009 წელს, ვიდრე თავმჯდომარე გახდებოდა, იგი ასრულებდა მოსამართლის მოვალეობას და მან გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება. კერძოდ, ამნისტიის შესახებ კანონით, ეს არის 2008 წლის ამნისტიის კანონი, უნდა გავრცელებულიყო 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე. მოქმედმა მოსამართლემ ბატონმა ნადარაიამ ამნისტიის კანონის გავრცელების ნაცვლად ორი პირი, ჯაბა ნანეიშვილი და ბაჩანა ბერიშვილი გაასამართლა და ნაცვლად იმისა, რომ ისინი გაეთავისუფლებინა, შეუფარდა დაპატიმრება და მოგვიანებით მათ მიმართ გამოიყენა, დაპატმრების შემდეგ მათ მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და შეეფარდა ერთს ჯარიმა, მეორეს- თავისუფლების აღკვეთა. მოსამართლე, რომელმაც უკანონოდ აღუკვეთა ორ პირს თავისუფლება, ამის შემდეგ დაწინაურდა და გახდა სასამართლოს თავმჯდომარე.”

 

მისივე განმარტებით, ეს ფაქტი გახმაურდა და სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გააუქმა:

 

“სააპელაციო სასამართლომ დაინახა რა, რომ მოსამართლემ უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ორ პირს, ეს საქმე განიხილა სააპელაციო წესით განაჩენის გამოტანიდან მეორე დღესვე, რადგან ეს საქმე მაშინ გახმაურდა და იმისთვის, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა არ ყოფილიყო მსჯელობის საგანი და არ მომხდარიყო ამ ფაქტის გავრცელებაც, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბაჩანა ბერიშვილი გაათავისუფლა პატიმრობიდან, რომელიც ერთი თვე და ხუთი დღე იჯდა უკანონო პატიმრობაში, ხოლო მეორე პირი ჯაბა ნანეიშვილი გაათავისუფლა დანიშნული სასჯელისგან. ერთი და იმავე დღეს არის დაწერილი სააპელაციო საჩივარიც და არის სააპელაციო გადაწყვეტილებაც. რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა, თავმჯდომარემ იცოდნენ ამ ფაქტის შესახებ, მათ ეს დამალეს, გამოასწორეს მოსამართლის მიერ უკანონოდ გამოტანილი გადაწყვეტილება, თუმცა არ მისცეს ამ ფაქტს მსვლელობა.”

 

ბესელია აცხადებს, რომ ნადარაიას ქუთაისის სასამართლოს ამჟამინდელი თავმჯდომარე მფარველობდა:

 

“გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი და არის ინფორმაცია, რომ ბატონი ნადარაია არის ქუთაისის სასამართლოს ამჟამინდელი თავმჯდომარის ქვისლი, შესაბამისად, ის სარგებლობდა მისი მფარველობით  და ორივენი ერთად, ბუნებრივია, შეთანხმებული იყვნენ ბატონ კუბლაშვილთან და მის მოადგილესთან, ბატონ ჩინჩალაძესთან. მათ ურთიერთშეთანხმებით დამალეს მაშინ ეს ფაქტი და არც დისციპლინური წარმოება არ დაწყებულა მოსამართლეების მიმართ და არც პროკურატურას არ გადასცემია საქმე. ეს ფაქტი გახდა იმის საფუძველი, რომ ფოთის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ამ საქმის.”

 

ჟურნალისტის კითხვას, დადგება თუ არა დღის წესრიგში კუბლაშვილის იმპიჩმენტის საკითხი, ბესელია პასუხობს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია:

 

“თუ დადგინდება, რომ მას აქვს კანონი დარღვეული და ის მონაწილეობდა უკანონო ქმედებებში, თუ დადგინდება, რომ სასამართლოს თავმჯდომარე არღვევდა კანონს, ბუნებრივია, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველა ერთნაირად აგებს პასუხს.”

 

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თვმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა, უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას მიერ მისი იმპიჩმენტის შესახებ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა.  

 

“პოლიტიკოსს უფლება აქვს, რომ გააკეთოს უსაფუძვლო გნცხადებები. მაგრამ მე არ მაქვს უფლება არასერიოზული გნცხადებების გაკეთების. ზოგიერთი პოლიტიკოსი ამას იყენებს და ასეთ გნცახდებებს აკეთებს. რაც შეეხება თემას, რომელიც დღეს სასამართლო სისტემას აწუხებს, ეს გახლავთ ის საკითხები, რომლებიც საინტერესოა ყველასთვის, კერძოდ, მართლმსაჯულების სისტემაში მონაწილე პირებისათვის. აღმკვეთი ღონისძიებები არის  პრაქტიკული საკითხი, რომელიც დგას სასამართლოს წინაშე. საჭიროა განვიხილოთ ეს საკითხი პოკურატურასთან და არასამთავრობოებთან ერთად, რატომ იღებს აღმკვეთი ღონისძიების გადაწყვეტილებას სასამართლო.”

მასალების გადაბეჭდვის წესი