ახალი ამბები

სააკაშვილი: უმრავლესობამ ევროპარლამენტისა და საქართველოს ერთობლივი დოკუმენტი დაბლოკა

26 თებერვალი, 2013 • 1268
სააკაშვილი: უმრავლესობამ ევროპარლამენტისა და საქართველოს ერთობლივი დოკუმენტი დაბლოკა

“როგორ ჩანს, პოლიტიკური ტემპერატურა საქართველოში მომატებულია. ეს ის არ არის, რაც მე მსურდა და მინდა. მე ვამჯობინებ, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და ეს ტემპერატურა იყოს დაბალი. მაგრამ, რადგან ის არის მაღალი და არის საფრთხე, რომ დუღილს მიაღწიოს, მინდა ამ ყველაფერზე ჩემი აზრი და მოსაზრებები გაგაცნოთ. მინდა გამოვეხმაურო იმას, რაც მოხდა დღეს ბრიუსელში, რაც ჩვენ გავატარეთ, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა, თუმცა, ვფიქრობ, ეს იყო ძალიან პრობლემატური საკითხი. პირველად ისტორიაში მოხდა ისე, რომ ევროპარლამენტის და საქართველოს ერთობლივი დოკუმენტი ჩავარდა, არ იქნა მიღებული საქართველოს დელეგაციის წინააღმდეგობის გამო.” 


პრეზიდენტის თქმით, რამდენიმე წლის წინ ასეთ დოკუმენტებზე საქართველო არც იოცნებებდა.


“ამ 8 წელში მივაღწიეთ იმას, რომ წელს ვილნიუსის სამიტზე ერთი ხელისგაწვდენაზე იყო ის, რომ საქართველოს მიეღო ევროკავშირის პერსპექტივა მოლდოვასთან ერთად. ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალში განვხილულიყავით, როგორც ევროკავშირის პოტენციური წევრები. პრაქტიკულად ჩვენ უვკე გადაწყვეტილი გვქონდა ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა საქართველოს მაცხოვრებლებისთვის. რაც მთავარია, საქართველო აღმოჩნდებოდა ბევრად უფრო უსაფრთხო და პერსპექტიულ გარემოში.”


სააკაშვილმა განაცხადა, რომ ასეთი დოკუმენტები, რომელიც ყოველთვის დიდი აპლოდისმენტებით მიიღება, მოულოდნელად საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ და უმრავლესობამ დაბლოკა. 

 

“მე მინდა ყველას შევახსენო, ის, რომ ამ გუმბათზე ხუთჯვრიანი დროშა ფრიალებს, რომ საქართველო დღეს თავისუფალი და დამოუკიდებელია, ქართველი ხალხის დიდი გმირობის გარდა, იმ ევროპელი ლიდერების დამსახურებაა, რომელიც სარეკეტო დაბომბვის საფრთხის ქვეშ მდგარ ქვეყანაში ჩამოვიდნენ, ხელი ჩაგვკიდეს მიტინგზე ქალაქის ცენტრში და გადაარჩინეს საქართველოს დამოუკიდებლობა. ამიტომ არ არის აბსტრაქტული კატეგორია, რას იტყვის ევროპა. ევროპისთვის სულერთი არ არის საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი და სულერთი არ არის, რა მოხდება საქართველოს შიგნით.”


პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელემედიის წარმომადგენელბს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სასაუბროდ დღეს, 26 თებერვალს შეხვდა. 


 

მასალების გადაბეჭდვის წესი