ახალი ამბები

რობაქიძის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ყოფილი პოლიციელები დააკავეს

25 თებერვალი, 2013 • • 1088
რობაქიძის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ყოფილი პოლიციელები დააკავეს

ინფორმაცია “ნეტგაზეთს” დაუდასტურა პროკურატურის პრესამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ. მისი თქმით, დაკავებულებს ბრალს წაუყენებენ სისხლის სამართლის კოდექსის 371–ე პრიმა მუხლის მიხედვით.

 

აღნიშნული მუხლი გულისხმობს მართლმსაჯულებისათვის შეგნებულად ხელის შეშლას, რაც გამოიხატა მოწმის ან დაზარალებულის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემით, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. თუ მსგავსი დანაშაული პირის მიერ ჩადენილია არაერთგზის, მას 3–დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა პოლიციელებმა- მაიზერ ლიპარტელიანმა და ლევან ლობჟანიძემ, საქმეში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის ზურაბ მიქაძის მსგავსად, შეცვალეს ჩვენებები და განაცხადეს, რომ რობაქიძესა და მის თანხმლებ პირებს 2004 წლის 24 ნოემბერს, რობაქიძის მკვლელობის ღამეს იარაღი ნამდვილად ჰქონდათ, რამდენიმე კვირის წინ კი აცხადებდნენ, რომ ისინი უიარაღოდ იყვნენ და პოლიციელები მათ უმიზეზოდ გაუსწორდნენ. ლიპარტელიანმა და ლობჟანიძემ 2004 წლიდან დღემდე გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებები არაერთხელ შეცვალეს.

 

ჩვენებების შეცვლის გამო სოსო რობაქიძემ, ბუტა რობაიძის მამამ  22 თებერვალს პროკურატურისგან მოითხოვა ცრუ

ბუტა რობაქიძე
ბუტა რობაქიძე

ჩვენების მიცემის გამო აღნიშნული პირების დაპატიმრება, ხოლო თუ ეს არ მოხდებოდა, თავისი დაპატიმრება, რადგან გამოდის, რომ გამოძიებას მან მისცა არასწორი ჩვენება.

 

რაც შეეხება ბრალდებულ მიქაძეს, რომელმაც ასევე შეცვალა ჩვენება, როგორც იურისტები ამბობენ, მას პროკურატურა ამის გამო სამართლებრივ პასუხს ვერ მოთხოვს.

 

„საქმეში ბრალდებული პოლიციელები არ აგებენ პასუხს ცრუ ჩვენებისათვის, ვინაიდან ბრალდებულს აქვს უფლება მისცეს ჩვენება გამოძიებას და ის არ არის ვალდებული საკუთარი თავის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება. მას უფლება აქვს შემდეგ, გამოძიებას მისცეს საკუთარი თავისთვის სასარგებლო ჩვენება“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ იურისტმა არჩილ ჩოფიკაშვილმა, რომელიც ამავე დროს რობაქიძის თანმხლები პირის, გიორგი ქურდაძის ინტერესებს იცავს.

 

იურისტის თქმით, ეს არ ეხება იმ პოლიციელებს, რომლებიც რობაქიძის მკვლელობის საქმეში მოწმის სტატუსი აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი