ახალი ამბები

ადვოკატები ახალაიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვენ

20 თებერვალი, 2013 • • 1818
ადვოკატები ახალაიასთვის პატიმრობის გირაოთი  შეცვლას მოითხოვენ

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლმა ანი ნადარეიშვილმა ოფიციალური წერილით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და მას თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ბაჩო ახალაიას საქმის წინასასამართლო განხილვა უნდა გაიმართოს, უსაფრთხოების უზრუნველყოფა თხოვა.

 

აღნიშნული განცხადება ანი ნადარეიშვილმა ფეისბუქში, თავის გვერდზე გამოაქვეყნა. განცხადებაში წერია, რომ სასამართლო პროცეsზე დასასწრებად სასამართლოსთან მიდიან ახალაიას ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები და მხარდამჭერები. შესაბამისად, ანი ნადარეიშვილი შსს–სგან მათ მიმართ შესაძლო ძალადობისა და სხვა ექსცესების თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ღონისძიების გატარებას ითხოვს. ფეისბუქში შექმნილ სპეციალურ ღონისძიებაზე 140 ადამიანს აქვს აღნიშნული, რომ ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე მიდის.

 

დღეს, 20 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება ბაჩო ახალაიას, გენშტაბის ყოფილი უფროსის გიგი

ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია

კალანდაძის, მეოთხე ქვეითი ბრიგადის ყოფილი მეთაურის ზურაბ შამათავას და სხვების საქმის წინასასამართლო განხილვა.

 

“თავისუფლებისა და მხარდამჭერის ცენტრმა”, რომლის ხელმძღვანელიცაა ანი ნადარეიშვილი, რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ბაჩო ახალიასადმი წაყენებულ ბრალდებაში არსებული შეუსაბამობების ანალიზი. ახალაიას ადვოკატები და მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ პროკურატურის ბრალდება არის პოლიტიკურად მოტივირებული, მოწმეებმა კი ჩვენებები ზეწოლის შედეგად მისცეს გამოძიებას.

 

ბაჩო ახალაია, გიორგი კალანდაძე და ზურაბ შამათავა 7 ნოემბერს დააკავეს. სამივე მათგანს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატებაში ედებათ ბრალი, ხოლო ბაჩო ახალაიას დამატებით კიდევ ერთი მუხლით  (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) წაუყენეს ბრალდება.

 

გაერთიანებული შტაბის უფროსს გიორგი კალანდაძესა და მე-4 ბრიგადის მეთაურს ზურაბ შამათავას, მოსამართლის გადაწყვეტილებით, 20-20- ათასლარიანი გირაო შეეფარდათ, ახალაიას კი წინასწარი პატიმრობა.

 

აღნიშნული საქმე უკავშირდება ე.წ. ვაშლის გათლის ეპიზოდს. პროკურატურის ცნობით, 2011 წელს მეოთხე ქვეითი ბრიგადის რამდენიმე ჯარისკაცი დასჯის მიზნით მიყვანეს თავდაცვის სამინისტროში, ბაჩო ახალაიას კაბინეტში, სადაც მათ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

პროკურატურის ვერსიით, 2012 წლის 6 ნოემბერს, ბაჩო ახალაიას საქართველოში ჩამოსვლიდან 1 დღის შემდეგ, საქართველოს მთავარ პროკურატურაში შევიდა სამხედრო მოსამსახურის,  შოთა ბედოშვილის განცხადება, სადაც აღწერს, თუ როგორ მიაყენეს სამხედრო მაღალჩინოსნებმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

ახალაიას მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ბედოშვილმა პროკურატურაში განცხადება კი არ შეიტანა, არამედ აიყვანეს პროკურტაურაში და იქ დააწერინეს განცხადება. აღნიშნულის დასტურად იმას აცხადებენ, რომ პროკურატურამ ახალაიას ადვოკატებს არ გადასცა პროკურატურის მისაღებში დამონტაჟებული ვიდეოსათვალთავლო კამერის ჩანაწერები, სადაც აღებჭდილი იქნებოდა ბედოშვილის მიერ პროკურატურაში განცხადების შეტანის მომენტი. 

 

ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა რამდენიმე დღის წინ გამართულ პრეზენტაციაზე წარმოადგინეს ბედოშვილისა და სხვა ჯარისკაცების ჩვენებებს შორის არსებული შეუსაბამობები:

 

“ზემოაღნიშულის შემდგომ, იმავე დღეს დაკითხულ იქნა შოთა ბედოშვილი და დაკითხვაში მან განმარტა:

 ,,ასევე მისაღებში მიყოფებოდა სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი 3 სამხედრო მოსამსახურე, კერძოდ, ესენი იყვნენ ვაშლიჯვრიდან ჩვენთან ერთად ვაზიანში გადაყვანილი – დავით დარძული ბესიკ გოგლიძე და გიორგი კირვალიძე.’’ 

 

მაშინ, როდესაც  გიორგი კირვალიძე საკუთარ ჩვენებაში უთითებს შემდეგს: 

 

“მე ამიყვანეს მეხუთე სართულზე, სადაც დამხვდა ჩემივე თანამოსამსახურეები – ქათამაძე, ბედოშვილი, დალაქიშვილი და დარძული”. 


ბაჩო ახალაიას ბრალის დადგენილებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ მან თავის კაბინეტში სხვა პირებთან ერთად ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გიორგი კირვალიძეს მაშინ, როდესაც, ახალაიას ადვოკატების თქმით, კირვალიძე თავის ჩვენებაში ამობს შემდეგს:

 

“პირადად მე მინისტრის კაბინეტში არ შევუყვანივარ არავის, ჩემი აზრით, მე ვიყავი ბოლო და უბრალოდ გამოვრჩი”.

 

“ჩნდება კითხვა – რომელ სამართლებრივ ჩარჩოში ჯდება აღნიშნული ბრალი და არის თუ არა იგი კლასიკური მაგალითი პოლიტიკური დევნისა?”– აცხადებენ ბაჩო ახალაიას ადვოკატები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი