ახალი ამბები

კბილაშვილი: დავითაშვილის კრიტიკა არის ჯანმრთელი აღშფოთების შედეგი

18 თებერვალი, 2013 • 1175
კბილაშვილი: დავითაშვილის კრიტიკა არის ჯანმრთელი აღშფოთების შედეგი

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა დავითაშვილმა “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში უკმაყოფილება გამოხატა გამოძიების მიმართ იმის გამო, რომ ამ დრომდე ვერ მოახერხა საგამოძიებო უწყებებმა რეზონანსულ საქმეებზე თავიანთი დასკვნების დადება.

 

“მართალია, ეს სწორი კრიტიკაა, უბრალოდ, პრიორიტეტები გვქონდა სხვა”, – განაცხადა კბილაშვილმა.

 

მისივე თქმით, თავად კობა დავითაშვილის ცემისა და მის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტის გამოძიებაც დღემდე ვერ მოახერხა გამოძიებამ:

 

“ვიძიებთ, მაგრამ ბოლომდე არა გვაქვს მიყვანილი”.

 

კბილაშვილის თქმით, პროკურატურისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იქნება საკუთრების უფლების შელახვის ფაქტების გამოძიება:

 

“ათასობით ასეთი განცხადების შესწავლას ვიწყებთ”, – განაცხადა მთავარმა პროკურორმა.

 

კბილაშვილის ამბობს, რომ  კრიტიკულ მოსაზრებებს იზიარებს:

 

“საქმეები, რომელთა გამოძიებას საზოგადოება მომეტებულად მოელის, უფრო მეტი სისწრაფით უნდა განვახორციელოთ.”

 

მან დღესვე რამდენიმე გახმაურებული საქმის შესახებ გააკეთა მედიასთან კომენტარი: 

 

“ჩვენ რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს და რამდენიმე ეტაპად პირები ვამხილეთ, გავაგრძელებთ მუშაობას. გირგვლიანთან დაკავშირებით გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა და რამდენიმე დეტალი არის დარჩენილი, რომ დაზუსტდეს და შემდეგ ეს თემაც მოგვარდება.

 

გუნავასთან დაკავშირებით გამოძიება დასრულებულია, ფაქტები დადგენილი გვაქვს, სამართლებრივი შეფასების ნაწილია დარჩენილი და ძალიან მალე გვინდა, რომ ეს საქმე გამოვიტანოთ საზოგადოებისათვის. მე აქ გარკვეულ ნაწილში ვთქვი წინმსწრებად ის, რომ გარკვეული ფაქტები, რომლებიც დადგენილი არის მისი ბრალდების საქმეში ნარკოტიკთან და იარაღთან დაკავშირებით, გამოძიების შედეგად არ დასტურდება”.

 

არჩილ კბილაშვილის თქმით, ფოტორეპორტიორების საქმე რომ გადაისინჯოს, უნდა შეიცვალოს კანონი:

 

“რაზეც გაცხადდა, რომ მართლმსაჯულებაში ხარვეზების დამდგენი კომისია შეიქმნება და იმ კომისიას შეეძლება, მათ შორის, ფოტორეპორტიორების საქმეც განიხილოს, რადგან დღეს მოქმედი კანონი არ გვაძლევს ამის საშუალებას. იგივე ეხება ყველა სხვას, მაგალითად, შარაძის მკვლელობაში ბრალდებულ პირს თუ კიდევ სხვებს, რომლებიც აცხადებენ უკვე გამოტანილ განაჩენებზე პრეტენზიას. კანონის შეცვლის შემდეგ ყველას მიეცემა საშუალება თავიანთი პრეტენზიები კანონის ფარგლებში დააყენონ და კიდევ ერთხელ მიეცემათ შანსი, რომ მათ მიმართ გამოტანილი განაჩენები გადაისინჯოს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი