ახალი ამბები

ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრა დასრულდა

30 იანვარი, 2013 • • 1132
ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრა დასრულდა

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის დავით ბაქრაძის თქმით, ჯან ბუკიკიოსთან დეტალურად ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რომელიც დგას საქართველოს პარლამენტსა და ვენეციის კომისიას შორის. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ახალმა უმრავლესობამ რაც შეიძლება სწრაფად გაიზიაროს, რამდენად მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის რჩევა და კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობა.

 

“ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის თალსაზრისით, ასევე ქართული დემოკრატიის  განვითარების კუთხითაც. ვისაუბრეთ იმ კანონებზეც, რომლებიც დღეს განიხილება. ეს არის კანონი სასამართლოს შესახებ, აგრეთვე, ამნისტიის შესახებ, სადაც კომისია ითხოვდა დალოდებოდნენ მათ რეკომენდაციებს, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობამ მათი რეკომენდაციების გარეშე მიიღო ეს კანონი”–განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

 

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ჯან ბუკიკიოსთან საუბარი შეეხო საკონსტიტუციო ცვლილებებსაც.  ბაქრაძე ამბობს, რომ ახალმა ხელისუფლებამ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ვენეციის კომისიასთან, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა. 

 

ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ასევე ისაუბრა მიხეილ მაჭავარიანმა, რომლის თქმითაც, საპარლამენტო უმცირესობამ ვენეციის კომისიას გაუზიარა საპარლამენტო უმცირესობის წუხილი, თუ როგორ ახდენს აღმასრულებელი ხელისუფლება სასამართლოს დისკრედიტირებას:

 

“აღმასრულებელ ხელისუფლებას სურს მოაქციოს სასამართლო თავისი გავლენის ქვეშ და ამას არც მალავდა იუსტიციის მინისტრი თავის გუშინდელ სატელევიზიო გამოსვლაში. ეს კანონპროექტი ძალიან სახიფათოა, რადგან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და სასამართლოს გახდის ხელისუფლებაზე დამოკიდებულს”

 

მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, დამატებით შენიშვნებს უფრო დეტალურად იმ დროს წარუდგენენ, როდესაც ვენეციის კომისიის ექსპერტები საქართველოს შემდეგ კვირას ესტუმრებიან. 

 

უმცირესობასთან შეხვედრის შემდეგ ჯან ბუკიკიო საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება, რომელსაც დავით საგანლიძე, გუბაზ სანიკიძე და ზურაბ ტყემალაძე ესწრებიან. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი