ახალი ამბები

უსუფაშვილი: დაუშვებელია 4 წელიწადში ერთხელ დრამატული ცვლილებები საგარეო კურსში

30 იანვარი, 2013 • • 1137
უსუფაშვილი: დაუშვებელია 4 წელიწადში ერთხელ დრამატული ცვლილებები საგარეო კურსში

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ 18 იანვარს ყველა პოლიტიკურ ჯგუფს და ფრაქციას პარლამენტში წინადადებით მიმართა, რათა ერთობლივად შედგეს მუშაობა ინტერფრაქციულ შეთანხმებაზე საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით:


“თედომ ამ წერილს დაურთო კონკრეტული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია არა მხოლოდ “ქართული ოცნების” მიერ გაცხადებული საგარეო პოლიტიკური კურსი, არამედ ის, რასაც წინა ხელისუფლებაც იზიარებდა და ასევე, ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალა. ასე რომ, ეს პროცესი პარლამენტში დაწყებულია, არსებობს კონკრეტული პროექტი, რომელიც, როგორც გითხარით, 18 იანვარს გაეგზავნა ყველა ფრაქციას და თუ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან არის მზაობა ამ პროცესში ჩართვის, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. ასე რომ, ეს იქნება კანონის ფორმით, რეზოლუციის ფორმით, შეთანხმების ფორმით, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ საერთო სახელმწიფოებრივ საკითხებზე გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და ამ სტრატეგიის გაყოლა,” – განაცხადა უსუფაშვილმა.


მისივე თქმით, დაუშვებელია და არაფერი გამოვა საქართველოში სწორად და კარგად, თუ 4 წელიწადში ერთხელ დრამატული ცვლილებები იქნება, განსაკუთრებით საგარეო კურსში:


“ამიტომ, რა ფორმით მოხდება ეს, ამაზე ვიმსჯელებთ.. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების ეს განცხადება მიშნავს იმას, რომ ისინი თანახმა არიან ბატონი თედო ჯაფარიძის  წინადადება გავიზიაროთ და ინტერფრაქციულ ფორმატში გავიაროთ ეს საკითხები, რაც  მხოლოდ მისასალმბელია”.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ კანონპროექტის ინიციატივით გამოდის, რომელილც დღეს გია ბარამიძემ გააჟღერა. ბარამიძის თქმით, ბოლო პერიოდში წამოწყებულმა თემამ საქართველოს დსთ-ში გაწევრიანების შესახებ აჩვენა საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ კანონპროექტის შემუშავების აუცილებლობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი