ხელოვნება

“კარამბოლაჟის” საფრანგეთისა და გერმანიის კულტურული “შეჯახება”

26 იანვარი, 2013 • • 1603
“კარამბოლაჟის” საფრანგეთისა და გერმანიის კულტურული “შეჯახება”

karambolage

25 იანვარს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში “კარამბოლაჟის” პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც გოეთეს ინსტიტუტმა და საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა ერთობლივად წარადგინეს.

საღამო გერმანიასა და საფრანგეთს შორის ელიზეს ხეშეკრულების გაფომების 50–ე წლისთავს ეძღვნებოდა. გოეთეს ინსტიტუტის ამჟამიდნელი  ხელმძღვანელის, დოქ. შტეფან ვაკვიცის თანახმად, ამ ხელშეკრულების ყველაზე თვალსაჩინო შედეგი ორმხრივი კულტურული პროექტებია. ერთ–ერთი ყველაზე მთავარი მიღწევა კი  – ტელევიზია “არტე”.

მისივე თქმით, უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში “არტესადმი” განსაკუთრებული ინტერესი იგრძნობოდა. ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად გაიმართა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში “არტეს” 10 დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც.

ამჯერად კი თბილისში გადაცემის ფრანგი ინიციატორი და პროდუსერი, კლერ დუტრიო მოიწვიეს, რომელიც 4 გერმანელ ქალბატონთან ერთად უკვე 10 წელია “კარამბოლაჟის” 12- წუთიან  გასართობ–შემეცნებით სერიებს ამზადებს.

“Karambolage” ფრანგული სიტყვაა დაწერილი გერმანულად და შეჯახებას, შეპირისპირებას ნიშნავს. თითქმის კულტუროლოგიური მნიშვნელობის გადაცემა, თუმცა მსუბუქი, მხიარული ინტონაციით, კრიტიკულ–ირონიულ დაკვირვებებს გვთავაზობს. “კარამბოლაჟს” აინტერესებს, როგორ ამოიცნობა ნაციონალობა, მაგალითად, ქსოვის მანერით – “ეს ხომ ისეთი ტრადიციაა, რომელიც დედიდან შვილს გადაეცემა, მიუხედავად ყველანაირი გლობალიზაციური პროცესებისა”. როგორ ხდება, რომ ყველა ფრანგი ბავშვი ჩიტის ხმას ერთნაირად ბაძავს, ყველა გერმანელი კი ასევე ერთხმად – ფრანგული ონომატოპიისგან განსხვავებით.

გადაცემის წარდგენისას გოეთეს ინსტიტუტის ხელმძღვანელმა შტეფან ვაკვიცმა წამოაყენა თეზისი, რომ “კარამბოლაჟის” ინსპირატორი და წინამორბედი, შესაძლოა, როლან ბარტის წიგნი “მითოლოგია” იყოს, რადგან მასში ყოფითი, ყოველდღიური საგნები კულტურულ ელემენტებად განიხილება.

თურმე ფრანგულ ენაში სიტყვა “უჯრა” (teroir) გამოწევას უკავშირდება, გერმანულში (Shublade) კი – შეწევას. ნატურმორტი ფრანგულად – “მკვდარ ბუნებას”  ნიშნავს, გერმანელები კი იგივე აზრის გამოსახტად სიტყვა  Stillleben–ს, “მშვიდ სიცოცხლეს” იყენებენ. საინტერესოა, ხომ არ მეტყველებს ეს ამ ორი ნაციის ბიო თუ ნეკროფილურ მისწრაფებებზე, თუმცა  “ეს მეცნიერთა გასარკვევი თემაა, ჩვენ კი ამ დისკუსიას კიდევ რამდენიმე წევრი შევმატეთ” – ჟღერს “კარამბოლაჟის” ერთ–ერთ გადაცემაში.

დაარსებიდან 6 წლის შემდეგ გადაცემის ავტორებმა საფრანგეთსა და გერმანიაში ემიგრირებული ერების მითოლოგიის გახსნაც გადაწყვიტეს და ახლა უკვე “კარამბოლაჟის” მოთამაშე ინტონაცია საფრანგეთის შემთხვევაში, ჩრდილო აფრიკის, გერმანიის კი – თურქული ემიგრაციის რიტუალებს, განმასხვავებელ ნიშნებსა და კულტურული ფონით გამოწვეულ გაუგებრობებს უპირისპირებს ერთმანეთს.

კარამბოლაჟის ერთ-ერთი სერია გერმანულ ენაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი