საზოგადოება

დავა საქართველოს მუსლიმებს შორის

22 იანვარი, 2013 • 1813
დავა საქართველოს მუსლიმებს შორის

“საქართველოს მუსლიმური თემი შორსაა ერთიანობისგან, ზედაპირულად ეს არ არის თვალშისაცემი, თუმცა, შიგნით მრავლადაა დაყოფისა და უნდობლობის ფაქტები” – ეს არის ამონარიდი კვლევიდან, რომელიც 2012 წელს უმცირესობათა საკითხების ევროპულმა ცენტრმა (ECMI) საქართველოში მუსლიმური თემის საკითხებზე გააკეთა.

კვლევის აღნიშნული ამონარიდი უკანასკნელ დღეებში საზოგადოებისთვის თვალსაჩინო ვითარებამაც დაადასტურა – მუსლიმთა ერთი ნაწილი, აჰლ აბუ ბეითის ორგანიზაციის სახელით, მუსლიმთა შეიხის, ვაგიფ აკბეროვის გადადგომას მოითხოვს.

 

“არ ვაღიარებთ და არ ვექვემდებარებით ამჟამინდელ შეიხს. 2 წლის წინ არჩევნები მუსლიმთა უმრავლესობის გარეშე იყო ჩატარებული. გვინდა სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული. ჩვენს სულიერ ლიდერად მირ ჰუსეინი ასადოვი ავირჩიეთ. გარდა იმისა, რომ მირ ჰუსეინს, ვაგიფ აკბეროვისგან განსხვავებით, სასულიერო განათლება აქვს მიღებული, 40 წლის მანძილზე სასულიერო პირია,”- ამბობს მუსლიმური შურას (საბჭოს) ხელმძღვანელი, აზიზ ნაბიევი.


“საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს” ალტერნატიულმა უწყებამ 2011 წლის ივლისში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სასულიერო საბჭოს წევრები შეარჩია. აღნიშნულმა საბჭომ კი – ალტერნატიული შეიხი, მირ ჰუსეინი ასადოვი, რომელიც მუსლიმთა კანონიერი სულიერი მოძღვარი არ არის.

 

თავის მხრივ, ვაგიფ აკბეროვი მუსლიმთა ამ რელიგიურ ორგანიზაციას ფუნდამენტალისტურ სახელმწიფოებთან კავშირში და საქართველოში საკუთარი გავლენის დამკვიდრებაში ადანაშაულებს.

 

უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის (ECMI) კვლევაში ნათქვამია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მთავრობას პოლიტიკური ინტერესი, გაეტარებინა რაიმე ღონისძიებები აზერბაჯანელი მოსახლეობის ინტეგრაციისთვის, არ ჰქონია.

“სწორედ ამ პერიოდში რეგიონში შემოვიდნენ უცხოელი მისიონერები და რამდენიმე სუნიტური და შიიტური რელიგიური ორგანიზაცია დააარსეს. ამ ორგანიზაციების უმრავლეოსობას კავშირები აქვს სხვა მუსლიმურ ქვეყნებთან. ქვემო ქართლში უმთავრესად, ეს არის ირანი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი და აქტიურია აჰლ ულ ბეითი.”

 

ამჟამინდელი სულიერი ლიდერის განცხადებით, მის წინააღმდეგ ბრძოლა სწორედ ირანული გავლენების საქართველოში დამკვირდებას უკავშირდება. გარდა ამისა, ის ბრალს სდებს აჰლ ულ ბეითის ორგანიზაციას იმაში, რომ ისინი  ირანიდან არაოფიციალურად ხელფასსაც იღებენ.

თუმცა აჰლ ულ ბეითის ორგანიზაცია უარყოფს თანხების მიღებას ირანიდან და ამას ოფიციალური სასულიერო ლიდერის პირად, საფუძველმოკლებულ ბრალდებად აფასებს.

 

მუსლიმური ორგანიზაციის ირანთან კავშირების შესახებ საქართველოში მუსლიმური თემის საკითხებზე კონორ პრასადის კვლევაც ადასტურებს, სადაც ნათქვამია, რომ “საზოგადოების ნდობა შეიხ აკბეროვის ანუ მუსლიმთა სამმართველოს მიმართ დაბალია. თუმცა მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა ადგილობრივმა აზერბაიჯანელმა, რომელიც თავიდან ახალი სამმართველოს წინააღმდეგი იყო, მეტი შეიტყო მის შესახებ და, ასევე, მთავრობის მოტივაციის შესახებ, შეესუსტებინა ირანის ზეგავლენა ქვეყანაში, გადაწყვიტა, რომ ეს არის პოზიტიური ნაბიჯი.”

 

“საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ბოლომდე ქვეყნის ღირებულებების ერთგული რჩება. როგორც ჩანს, ამ ორგანიზაციას ეს არ აწყობს,” – ამბობს ვაგიფ აკბეროვი, შეიხი, რომელსაც აზერბაიჯანელ მუსლიმთა ნაწილი არ ემორჩილება და უნდობლობას უცხადებს.


ხელმოწერების შეგროვება მისი გადადგომის მოთხოვნით აჰლ ულ ბეითის ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. პრეზიდენტის სახელზე საპროტესტო წერილიც შეიტანეს და დახმარებისთვის მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

წინაასაარჩევნო პერიოდში აღნიშნული ორგანიზაციის წევრები ამჟამინდელ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდნენ.

“მან გვითხრა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში რელიგიურ საკითხში ხელისუფლება ვერ ჩაერეოდა, თუმცა ეს საკითხი კანონიერად გადაწყდებოდა,”- ამბობს აზიზ ნაბიევი, მუსლიმური შურას (საბჭოს) ხელმძღვანელი.

 

შესაბამისად, ორგანიზაცია დახმარებისთვის მთავრობას დღესაც მიმართავს. ხელმოწერებს შეიხის ვაგიფ აკბეროვის გადადგომის მიზნით ისევ აგროვებენ და განცხადებით მიმართვას რეინტეგრაციის სამინისტროშიც გეგმავენ, მაგრამ, როგორც ირკვევა, მუსლიმთა რელიგიური საკითხების გადაწყვეტაში ხელისუფლება ჩარევას არ გეგმავს.

 

“ჩვენ არც ერთ გაერთიანებას მხარში არ ვუდგავართ და არც რომელიმეს წინააღმდეგ ვმოქმედებთ. ჩვენთვის მთავარია რელიგიური ჯგუფების შიგნით ერთიან პრინციპებზე მოხდეს შეთანხმება,” – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი, რეინტეგრაციის მინისტრი. 

 

თვალსაჩინო დაპირისპირება მუსლიმურ თემებს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველომ რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონი მიიღო. მაშინ საქართველოში მოღვაწე აზერბაიჯანელ მაღალჩინოსანთა მიერ (მათ შორის, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე, უსეინ იუსუპოვი და დეპუტატი, აზერ სულეიმანოვი) ოფიციალურად დარეგისტრირდა “საქართველოს მუსლიმთა სამმართველო”, ვაგიფ აკბეროვი კი დელეგატებმა მუსლიმთა სულიერ ლიდერად, შეიხად აირჩიეს. გარდა შეიხისა, ამავე დროს აირჩიეს ჯემალ პაქსაძე მთავარ მუფტად და იასინ ალიევი – იმამად. 

ახლად შექმნილმა სამმართველომ ბაქოში დაფუძნებული კავკასიის მუსლიმთა სამმართველო შეცვალა, რომელიც საქართველოში მცხოვრები მუსლიმების ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენდა.

 

“რელიგიური სამმართველოები, როგორიცაა კავკასიის მუსლიმთა სამმართველო და ახლად შექმნილი საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, თავისი არსით წარმოადგენს პოლიტიკურ და არა ისლამის საფუძველზე აღმოცენებულ ერთეულებს. საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შექმნას ბევრი მიიჩნევს საქართველოს მთავრობის მცდელობად, დააწესოს განსაკუთრებული კონტროლი აზერბაიჯანულ თემზე,”– ნათქვამია უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის (ECMI) კვლევაში. 


აზერბაიჯანელ მუსლიმთა ამჟამინდელი სულიერი ლიდერი, ვაგიფ აკბეროვი არც მუსლიმთა წინააღმდეგობის მიუხედავად და არც ხელმოწერების შემთხვევაში დაკავებული პოსტიდან წასვლას არ გეგმავს.

 

“არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ პოზიციის დათმობას. როგორ შეიძლება ვიღაც ამას მოითხოვდეს?! მე ვარ 10 წლით არჩეული, ვარ ოფიციალურად დარეგისტრირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. “ნაციონალების” მაჟორიტარი კი არ ვარ, რომ მითხრან, შენ ვიღაცის კაცი ხარ და ახლა წადი,”- აცხადებს აკბეროვი.

 

სულიერი ლიდერის არჩეული კანდიდატურის ვადის გადახედვაზეა საუბარი ECMI–ის კვლევის რეკომენდაციებშიც, სადაც წერია, რომ “ამ სიტუაციაში ათწლიანი ვადა მეტისმეტად გრძელია. ყველანაირი ზომები უნდა გატარდეს იმისთვის, რომ შემდეგი არჩევნები ჩატარდეს რაც შეიძლება გამჭვირვალედ და სამართლიანად, რაც საშუალებას მისცემს ყველა რელიგიურ პირს, თქვას თავისი სათქმელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.”

მასალების გადაბეჭდვის წესი