ახალი ამბები

საპარლამენტო უმცირესობა მაია ფანჯიკიძის გადადგომას მოითხოვს

18 იანვარი, 2013 • 1208
საპარლამენტო უმცირესობა მაია ფანჯიკიძის გადადგომას მოითხოვს

მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე

“ჩვენ ვისარგებლეთ იმ შესაძლებლობით, რასაც იძლევა საქართველოს კანონმდებლობა და დავიბარეთ ქალბატონი მინისტრი უმცირესობის სხდომაზე. სამი ფრაქცია უნდა შევხვედროდით დღეს. თუმცა ჩვენთვის გაუგებარია ის მოტივაცია, რომლითაც მან გვიპასუხა, რომ ის ძალიან დაკავებულია და ბევრი შეხვედრები აქვს. არა მგონია, უფრო მნიშნელოვანი იყოს, ვიდრე უმცირესობასთან შეხვედრა, მისი დღევანდელი შეხვედრები. ყველაფერს სხვას რომ თავი დავანებოთ, ქალბატონი მინისტრი, გარდა იმისა, რომ საგარეო პოლიტიკაში  უშვებს შეცდომებს, არღვევს კანონს. კანონში პირდაპირ წერია, რომ მინისტრი ვალდებულია გამოცხადდეს ფრაქციის სხდომაზე და უპასუხოს ფრაქციის კითხვებს,” – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა.

გოგორიშვილის თქმით, ფანჯიკიძე საგარეო პოლიტიკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაიბარეს: 

 

“ბოლოდროინდელი მოვლენები, რომლებიც ჩვენს საგარეო პოლიტიკას უკავშირდება და ის სამწუხარო აქტები, რაც საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს საქართველოს ურთიერთობას, განსაკუთრებით ჩვენს მეზობლებთან და მთლიანად საერთაშორისო ასპარეზზე, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ, პირველ რიგში, გავერკვეთ სიტუაციაში და დავანახოთ ყველას და პირველ რიგში, საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრსა და უმრავლესობას, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი არის არაკომპეტენტური და მისი საქმიანობა პრობლემას უქმნის ქვეყნის ინტერესებს”.

 

გოგორიშვილის განმარტებით, მათ საგარეო პოლიტიკაში დაშვებული შეცდომების შესახებ განმარტებების მოსმენა სურდათ:

 

“ჩვენ გვინდოდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავით იმაში, რომ ის შეცდომები, რომლებიც დაშვებული იქნა, ამასთან დაკავშირებით რა მოხდა და კონკრეტული არგუმენტები მოგვესმინა. მინისტრმა ამის საშუალება არ მოგვცა. ჩვენ ვსვამთ მისი გადადგომის მოთხოვნას პრემიერ-მინისტრის წინაშე. ჩვენი სურვილი, რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო მასთან გასაუბრების საფუძველზე, შეუძლებელი გახდა, ამიტომ ჩვენი მოთხოვნა იმით, რომ მინისტრი არ გამოცხადდა, რა თქმა უნდა, არ იცვლება”.

 

მაია ფანჯიკიძე დღეს საპარლამენტო უმცირესობასთან არშემდგარ შეხვედრას გამოეხმაურა. მისი  თქმით, საპარლამენტო უმცირესობასთან მასაც ძალიან ბევრი კითხვა აქვს და ამიტომ ძალიან უნდოდა ამ შეხვედრის ჩატარება. 

 

“იმის გამო, რომ შეტყობინება ძალიან გვიან მივიღე და დღეისთვის წინასწარ მქონდა დაგეგმილი რამდენიმე შეხვედრა, რომელთაგან ერთ-ერთი ნოემბერშიც კი დაიგეგმა და დღეს საღამოს უნდა შედგეს, ამიტომ ქუთაისში ვეღარ გავემგზავრე,” – განაცხადა ფანჯიკიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი