ახალი ამბები

პრეზიდენტი 26 მაისს მოკლული პოლიციელის ოჯახში მივიდა

29 დეკემბერი, 2012 • • 1471
პრეზიდენტი 26 მაისს მოკლული პოლიციელის ოჯახში მივიდა

მიხეილ სააკაშვილი დათო მასურაშვილის დედასთან და ოჯახის სხვა წევრებთან საუბრისას პარლამენტის მიერ ამნისტიის შესახებ კანონზე ვეტოს დაძლევის საკითხს შეეხო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ქმედებით საქართველოს პარლამენტმა სამარცხვინო პრეცედენტი შექმნა. 

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

“საშიში დამნაშავეების, მათ შორის მკვლელების, ნარკორეალიზატორებისა და რუსეთის ჯაშუშების გათავისუფლებისა, რომელთა რიცხვშია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლის მკვლელიც”. 

ვლადიმერ (დათო) მასურაშვილი 2011 წლის 26 მაისის აქციის ორგანიზატორთა ესკორტის ერთ-ერთმა მანქანამ იმსხვერპლა, ამასთან, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლის მკვლელობისათვის მსჯავრდებული საქართველოს პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე სასჯელისგან გათავისუფლდა.

 

“მე დიდი ხანია უნდა მოვსულიყავი, როცა დათო შეეწირა ამ უბედურობას. ჩემთვის პირადი ტრაგედია იყო. უბრალოდ, ყველა პოლიციელის სიკვდილი მძიმეა.  დათოს, ვინც მასთან მუშაობდა, თბილად ახასიათებდნენ.  ეს იყო დიდი გლოვა ყველასთვის. თქვენ იცით, რომ მაშინ მისი მკვლელი დააკავეს.  გუშინ ვერ შევძელით შეჩერება, პარლამენტმა ჯიუტად, ვის ჯიბრზე ბოლომდე დაუდგენელია … იმიტომ, რომ გაუშვა გარეთ, არა მხოლოდ რუსეთის ჯაშუშები, არამედ სამშობლოს მოღალატეები ოფიციალურად. მათ შორის რუსები, ვინც დავიჭირეთ, პირდაპირ რომელთა ამოცანაც იყო საქართველოს ოკუპირება და დაპყრობა.  გაუშვა ასევე პოლიციელის მკვლელები. გაუშვა მკვლელები და ნარკობარიგები, რეალიზატორები. გაუშვა ის ხალხი, რომლებიც არ უნდა იყვნენ ჩვენს ეზოებსა და ქუჩებში. ყველა ქვეყანაში პოლიციელის მკვლელი ძალიან დიდი ხნით ხვდება ციხეში. უმეტესობაში არის უმაღლესი სასჯელი ამისთვის” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

 

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, პარლამენტმა სამარცხვინოდ გაუშვა დათო მასურაშვილის მკვლელი გარეთ: “ეს ისეთი დანაშაულია, რომელიც ტელეკამერებმა გადაიღო. ტელეკამერების წინ მოკვდა. ხვალ პოლიციამ, როცა მიდის ვიღაც დამნაშავესთან, რა უნდა იფიქროს, ნებისმიერ დამნაშავეს ეცოდინება, რომ წელიწადნახეავრი კომფორტულად იქნება და  გაუშვებენ გარეთ, ან საერთოდ გაუშვებენ”   

 

“სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი გამოდის კიდევ, ერთხელ რომ გაჯეჯილდება და საზოგადოება იქნება დაუცველი. პარლამენტარებს რა ენაღვლებათ, ისინი დადიან ბრონირებული მანქანით, ისინი თავის თავს დაიცავენ. თუ ბინას გაგვიტეხავენ, უნდა მოვეკიდოთ გაგებით და მაშინ პოლიციელებმა რატომ უნდა აღკვეთონ ეს” – განაცხადა სააკაშვილმა.

 

გუშინ პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება ქვეყნის მარცხად შეაფასა: “ეს არის დამნაშავეებისათვის დიდი სიგნალის მიცემა, მიდით, ბიჭებო, მიაწექით. ჯაშუშს რომ უშვებ, ეს არის სიგნალი ჩვენი მტრებისადმი, რომ საქართველო დაუცველია და მიდით, შეესიეთ და დაჯიჯგნეთ და ბოლომდე გაანადგურეთ. ეს ყველაფერი კეთდება ქართველების ხელით და საქართველოს მიერ არჩეული პარლამენტის ხელით. მათი დაჭერილი თითით.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი