ახალი ამბები

დაემატება თუ არა საპატრიარქოს სტუდენტების საგრანტო დაფინანსებაც?

27 დეკემბერი, 2012 • 1348
დაემატება თუ არა საპატრიარქოს სტუდენტების საგრანტო დაფინანსებაც?

კანონპროექტის შესაბამისად, საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი ენიჭებათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ამ კანონპროექტის განხილვსა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს და განსაკუთრებით ეს მუხლი არ მოსწონს:

 

“პირადად მე მის არც განხილვაში და არც კენჭისყრაში მონაწილეოაბს არ ვაპირებ, მიმაჩნია, რომ ეს კანონპროექტი არცაა სერიოზულად მომზადებული და ბოლომდე გააზრებული არაა. ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. რაც არ მომწონს აქ, არის ის, რომ ვიღაცას, რომელსაც არ ჩაუბარებია გამოცდები, სახელმწიფომ ფული არ უნდა გადაუხადოს”.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი აცხადებს, რომ ეს მუხლი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს სხვა რელიგიურ კონფესიებთან არსებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს:

 

“შემოთავაზებულია ახალი სისტემა სახელმწიფო სასწავლო გრანტების საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ დაწესებულებებზე. სახელმწიფო ბიუჯეტი ისედაც აფინანსებს საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროგრამებს, ახლა ხდება დამატებით სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება იმ სტუდენტებისა, რომლებიც არიან ჩარიცხულნი და რომლებიც ჩაირიცხებიან მომავალში საპატრიარქოს სასწავლებლებში. ამავდროულად, წარმოდგენილი კანონპროექტის განმარტებით, ბარათში წერია, რომ დამატებითი თანხის მობილიზება არ ხდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის პროგრამაში, ანუ ის თანხა, რომელიც გამოყოფილია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, უნდა მოაკლდეს მათ და გადაეცეს იმ ადამიანებს, რომელთაც პატრიარქის რეკომენდაციის საფუძველზე განათლების მინისტრი ჩარიცხავს საპატრიარქოს სასაწავლებლებში – ეს არის დისკრიმინაციული დამოკიდებულება.”

 

კანონპროექტის ავტორი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ ეს იყო საპატრიაქროს თხოვნა, ამ ტიპის ცვლილებები რომ შესულიყო კანონში:

 

“ეს ცვლილებები გამომდინარეობს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებული საკონსტიტუციო შეთანხმებიდან. იქ წერია, რომ ეკლესია და სახელმწიფო აღიარებენ განათლების მოწმობებს და ა.შ. ეს იყო საპატრიარქოს თხოვნა, რომ ასეთი ტიპის ცვლილება კანონში შესულიყო.

 

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო აკადემიის მიერ გაცემული დიპლომი არის არასრულფასოვანი, არავითარი ძალა არა აქვს, საქართველოს გარეთ განსაკუთრებით და მის მიერ მინიჭებულ სამეცნიერო ხარისხსაც არავითარი დატვირთვა არა აქვს საერთაშორისო თავლსაზრისით, აქედან გამომდიარე, საჭიროა ამ კანონპროექტის მიღება”, – აცხადებს ზვიად ძიძიგური.

 

ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, აპელირება იმაზე, რომ კონკორდატი ითვალისწინებს გარკვეული პრივილეგიების და დიპლომების აღიარებას, არ გამოდგება არგუმენტად:

 

“იმიტომ, რომ კონკორდატში არაფერია ნათქვამი და არც შეიძლება იყოს ნათქვამი იმაზე, სხვა რელიგიური კონფესიების მიმართ სახელმწიფოს რა დამოკოიდებულება ექნება, ხოლო კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორია – ის მოქალაქეც, რომელიც სწავლობს ღვთისმეტყველებას მართლმადიდებლურ ეკლესიასთან არსებულ სასწავლებელში და ისიც, რომელიც სწავლობს ღვთისმეტყველებას კათოლიკურ ეკლესიასთან არსებულ სასწავლებელში”.

 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის 2013 წლისთვის გამოყოფილი 25 მილიონი ლარიდან საგანმანათლებლო მიზნებისთვის 14,594.3 ლარი იხარჯება, რომელიც, როგორც ბიუჯეტშია გაწერილი, რამდენიმე სასულიერო სასწავლებელზე ნაწილდება. თუკი ძიძიგურის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში დამტკიცდება, ამავე სასულიერო სასწავლებლებს დაემატება სტუდენტებისთვის გამოყოფილი საგრანტო დაფინანსება.

 

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტით გათვალისწინებულია საღვთისმეტყველო უმაღლესი სასწავლებლების მიერ 2005 წლიდან დღემდე გაცემული დიპლომების აღიარების წესის დამტკიცება 2013 წლის 1 აგვისტომდე.

 

კანონპროექტის მიხედვით, საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე არ ვრცელდება კანონმდებლობით დადგენილი აკრედიტაციის წესები. კანონპროექტის ავტორის მოსაზრებით, აღნიშნული გამოწვეულია  საერო და საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებს შორის არსებული განსხვავებებით. თუმცა იგივე კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ 2015 წლიდან მსგავსი სასწავლებლების ავტორიზაცია სავალდებულო იქნება.

 

ამას გარდა, კანონპროექტის მიხედვით, საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების სფეროში კათალიკოს–პატრიარქს ენიჭება მსგავსი სასწავლებლის დაფუძნების, სწავლის საფასურის, ლექტორების დანიშვნისა და აკადემიური ხარისხის მინიჭების წესის განსაზღვრის უფლებამოსილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი