ახალი ამბები

ვინ მოაგვარა კონფლიქტი წინწყაროში

14 დეკემბერი, 2012 • 1231
ვინ მოაგვარა კონფლიქტი წინწყაროში

“შემიძლია მივულოცო ადგილობრივებს, რომ შეთანხმება მიღწეულია მთავრობის, სხვადასხვა რელიგური მიმდინარეობის, არასამთავრობოებისა და ადგილობრივების მონაწილეობით და რომლის შედეგადაც მუსლიმ თემს მიეცა საშუალება მიიღოს მონაწილეობა პარასკევის ლოცვაში. ჩემთვის, როგორც ამერიკის ელჩისთვის, მიზეზი, თუ რატომ ვიმყოფები აქ, არის ის, რომ აშშ-ისთვის რელიგიის თავისუფლების თემა ძალიან მნიშვნელოვანია,” -განაცხადა დღეს, 14 დეკემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ჩასულმა აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა.

 

აშშ-ის ელჩი წინწყაროში მუსლიმთა ტრადიციული ლოცვის დროს ვითარების გასაცნობად ჩამოვიდა. ადგილობრივ მუსლიმებს სამლოცველოშივე გაესაუბრა და მათგანაც მოისმინა, რომ კონფლიქტი, რომელიც, დაახლოებით 3 კვირის წინ დაიწყო, უკვე ამოიწურა. 

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ბოლო სამი კვირის მანძილზე ადგილობრივ მუსლიმებს პირველად მიეცათ ლოცვის მშვიდობიანად ჩატარების შესაძლებლობა. თუმცა, ვინ და რა შეთანხმების შედეგად უზრუნველყო მუსლიმთა მშვიდობიანი ლოცვა, გაურკვეველია. ადგილობრივები კონფლიქტის მოგვარების შესახებ ბევრს არ საუბრობენ. მხოლოდ იმას ამბობენ, რომ სოფელში მცხოვრები მუსლიმები და ქრისტიანები დასხდნენ და საკითხი მშვიდობიანად გადაწყვიტეს.

 

მუსლიმები ლოცვაზე
მუსლიმები ლოცვაზე

 
“იყო გაუგებრობა, მაგრამ მეზობლურად მოვილაპარეკთ. შეთანხმება არის, რომ 2 დღესასაწაულზე და მიცვალებულის დაკრძალვის დროს შეუძლიათ ლოცვაზე სხვა ადგილებიდან ჩამოსვლა. აქამდე ისინი მოსულები იყვნენ დასახმარებლად. ყველას აქვს თავისი სალოცავი, მაგრამ თუ შემთხვევით მოვიდნენ, ლოცვა არ შეეზღუდებათ ჩვენთან. სხვა მხრივ, საკმარისი ვართ სოფელში, – ამბობს ნადიმ ხოზრევანიძე.

 

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავჯდომარე ტარიელ ნაკაიძე კი ამბობს, კონფლიქტის მოგვარებას საფუძვლად პრემიერ-მინისტრის განცხადება დაედო, სადაც ივანიშვილი ამბობს, რომ რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება ყველა ამ ქვეყნის მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა და  ხელისუფლება არ დაუშვებს ვინმესთვის ამ უფლების შეზღუდვას. 

 

“კონფლიქტი ამოწურულია. სოფლის მოსახლეობა შეხვდა ერთმანეთს, ისაუბრეს და შერიგდნენ. მნიშვნელოვანია პრემიერის განცხადება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ კონფლიქტის მოგვარებას. კონფლიქტი მოგვარდა ისე, როგორც დემოკრატიულ ქვეყანას შეშვენის,” -განაცხადა ნაკაიძემ.

 

ის ამბობს, რომ გარკვეული შეთანხმება, რომ მხოლოდ ადგილობრივებს შეუძლიათ ლოცვა ადგილობრივ სამლოცველოში, პრობლემას არ შექმნის, ვინაიდან წინწყაროში სალოცავად სხვა რაიონებიდან არც ჩადიან. 

 

“ნიგვზიანის მოვლენებშიც იკვეთებოდა ის, რომ თითქოს ბათუმიდან დადიოდენენ მომლოცველები.”

 

მუსლიმთა სამმართველოს აღმასრულებელი დირექტორი კი აზუსტებს, რომ დაპირისპირების შეჩერება საპატრიარქოში გამართულმა შეხვედრამ უზრუნველყო.

 

“ეს შეთანხმება მოხდა საპატრიაქროსა და მულიმთა სამმართველოს შორის. საპატრიარქოში პატრიარქი და სამმართველოს უფროსი ჯემალ პაქსაძე დასხდნენ და ამოწურეს კონფლიქტი. შესაბამისად, სამლოცველო დარჩება ადგილობრივებს,”- ამბობს რე­სან გო­გი­ტი­ძე.

 

დღესვე ირკვევა, რომ წინწყაროში მეჩეთი არ აშენდება და მისი აშენება არც იგეგმებოდა.

 

“მეჩეთზე არც ყოფილა საუბარი. მეჩეთის გრანდიოზული მშენებლობის საშუალება არც გვაქვს ადგილობრივ მუსლიმებს,” -ამბობს ტარიელ ნაკაიძე. 

 

დღესვე წინწყაროში იმყოფებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებიც, რომლებიც შეთანხმების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ფლობენ, თუმცა ფაქტს, რომ დღევანდელი ლოცვა მშვიდ გარემოში ჩატარდა, დადებითად აფასებენ.

 

“ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს წინა ფაქტებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა. ნიგვზიანის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალადობის მუქარებს. ამ ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება და ეფექტური ღონისძიების გატარება იმ მხირვ არის მნიშვნელოვანი, რომ შემდგომში საქართველოში არც ერთი რელიგური მიმდინარეობის წარმომადგენლებს არ გაუჩნდეს იმის შიში, რომ უფლებები შეეზღუდებათ,”- ამბობს სოფო ბენაშვილი, ომბუდსმენის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 

 

წინწყაროში ადგილობრივ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის რელიგიური კონფლიქტის მოგვარების შესახებ პირველი განცხადება უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა 10 დეკემბერს გააკეთა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი