ახალი ამბები

კოტე კუბლაშვილი: ყოველთვის ვამბობდი, რომ არ გვყავს 100% – ით დამოუკიდებელი სასამართლო

12 დეკემბერი, 2012 • 1238
კოტე კუბლაშვილი: ყოველთვის ვამბობდი, რომ არ გვყავს 100% – ით დამოუკიდებელი სასამართლო

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის თქმით, ის ყოველთვის ღიად აფიქსირებდა, რომ მოსამართლეები არ იყვნენ გაბედულები და ქვეყანაში 100%- ით დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს. ამ და სხვა საკითხებზე ვრცლად მან საზოგადოებრივ არხზე, გადაცემა “აქცენტებში” ისაუბრა. 

 

“ყოველთვის ღიად ვაფიქსირებდი, რომ უზენაესს სასამართლოში ამოსულ საქმეებში მე ვხედავ, რომ მოსამართლეები არ იყვნენ გაბედულები და ცოტა გაბედულად რომ ემოქმედათ, შესაძლოა სხვაგვარი გადაწყვეტილება დამდგარიყო. მე ყოველთვის , მათ შორის საჯარო გამოსვლებშიც არაერთხელ დამიფიქსირებია, რომ ჩვენ არ გვყავს 100%- ით დამოუკიდებელი სასამართლო. გარდა ამისა, პირადად არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე ჩვენს მოსამართლეებთანაც,”- განაცხადა კუბლაშვილმა.

 

მისივე განმარტებით, ეს პრობლემა დამოუკიდებელი საქართველოს პირობებშიც ყოველთვის იდგა, თუმცა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ამ მხრივ სასამართლო რეფორმის ფარგლებში ნაბიჯ-ნაბიჯ დაიყწო მუშაობა, ცვლილებები აშკარა გახდა.

 

“ყველაფერი ერთბაშად ვერ მოხდებოდა და  გერმანიის, ამერიკის და ა.შ. სასამართლო სისტემების მსგავსი ვერ გვექნებოდა. 2005 წლიდან, სასამართლო რეფორმის დაწყებიდან ჩვენ ნაბიჯ- ნაბიჯ ვთავისუფლდებოდით იმ ზეწოლისგან და არადამოუკიდებელი სასამართლოსგან, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით დაგვრჩა. რომ შეადაროთ 2005 წლის მერე და ახლა არსებული სიტუაცია, როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება, თუმცა ჩვენ მართლაც მეტი უნდა გვესაუბრა სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე და აქ ჩემს პასუხისმგებლობასაც ვხედავ. იმ ხალხის, ვინც დადიოდა სასამართლოებში, გამოკითხვების შედეგად იკვეთებოდა, რომ 50% -ზე მეტი ენდობოდა სასამართლოს.”

 

კითხვაზე, რას ფიქრობს იმ საკითხზე, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სასამართლომ არაერთ გახმაურებულ საქმეზე არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ შეუფარდა მსჯავრდებულს, კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ბუნებრივი პროცესია.

 

“ვფიქრობ და ამას საერთაშორისო პრაქტიკაც აჩვენებს, რომ ხელისუფლების ცვლილების პერიოდში ყოველთვის იზრდება სასამართლოს დამოუკიდებლობა იმიტომ, რომ პოლიტიკური ცვლილებები სასამართლოს ცვლილებასაც არ იწვევს. ასეა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც. კარგი იქნება, თუ კიდევ მოხდება ხელისუფლების ცვლილებები და ისევ დამოუკიდებლად გააგრძელებს სასამართლო მუშაობას.”

 

ერთ-ერთი ფაქტორი, თუ რატომ იყენებდნენ მოსამართლეები სასჯელის უმაღლეს ზომას, კუბლაშვილის აზრით,  “ნულოვანი ტოლერანტობის” შესახებ ხელისუფლების პოლიტიკას უკავშირდება.  

 

“როდესაც ხელისუფლება “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკაზე საუბრობდა, შესაძლებელია მოსამართლეებიც იზიარებდენ ამას და სასჯელის უმაღლეს ზომას იყენებდნენ, თუმცა კანონს არ არღვევდნენ. ეხლა შეიძლება ეს აღარ მოხდეს, სულ სხვა განწყობაა, თან ეს კორპუსი გაიზარდა და კარგად ესმით, მოსამართლის დამოუკიდებლობა რას ნიშნავს.” 

 

კუბლაშვილმა სასამართლო სხდომებზე ვიდეოგადაღების აკრძალვის საკითხზეც ისაუბრა და თქვა, რომ იგივეს ფიქრობს ახლაც. 

 

“ასეთია საერთაშორისო პრაქტიკაც. არსად არ არის შემთხვევები, რომ ან პირდაპირი ტრანსლირება ხდებოდეს, ან მთლიანად მიმდინარეობდეს სასამართლო სხდომის გადაღება. გარდა ამისა, ყოველ სხდომაზე ეწყობოდა შოუ, რომელიც ტელევიზიების პირველი სიუჟეტი ხდებოდა. ამ პირობებში შეუძლებელი იყო დაგვეშვა ეს.  პირველ რიგში ეს მხარეებს აზარალდებდა, დღესაც იგივეს გავიმეორებ. უნდა გავითვალისიწინოთ მხარეთა ინტერესები. მათ მოყავთ მოწმეები, ეს კიდევ დამატებით ახდენს მათზე გავლენას.”

 
გარდა ამისა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც მოსამართლეებს შესაძლებლობას მისცემს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები იყვნენ.
 

“იმისათვის, რომ სასამართლო სისტემა კიდევ უფრო მეტად იყოს დაცული გარეგანი ჩარევებისაგან, რომ არ იყოს დამოკიდებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და იქ მოქმედი მოსამართლეების სტატუსის ცვლილება ნებისმიერი ახალი ხელისუფლების ნება-სურვილზე. ჩვენ შევალთ პარლამენტში წინადადებით, მოვამზადებთ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტს, რომლის შინაარსიც იქნება ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცვლილება იქნება აკრძალული და ყველა მოსამართლემ, რომელიც იქნება საბჭოში, უფლებამოსილების ამოწურვამდე უნდა იმუშაოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. თუკი ხელისუფლებას მართლაც სურს სასამართლოს დამოუკიდებლობა, ეს ამ პროექტზე მსჯელობის დროს გამოჩნდება.”

 

შეგახსენებთ, რომ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მი­ერ მომ­ზა­დე­ბული კა­ნონ­პრო­ექ­ტის მიხედვით, მოქ­მე­დი იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რებს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა უწ­ყდე­ბათ, რასაც კუბლაშვილი სა­კა­ნონ­მდებ­ლო წე­სით სა­სა­მარ­თლო­სა და მის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე დარ­ტყმად მიიჩნევს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი