ახალი ამბები

რას მოელის მაია ფანჯიკიძე რუსეთთთან დიალოგისგან

10 დეკემბერი, 2012 • • 1136
რას მოელის მაია ფანჯიკიძე რუსეთთთან დიალოგისგან

მაია ფანჯიკიძემ ასევე განაცხადა, რომ აშშ–ის ელჩი, ასევე საქართველოს ყველა დასავლელი პარტნიორი, ვისაც ის ხვდებოდა 10–დღიანი საერთაშორისო ტურნეს დროს, მიესალმება საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის დაწყებას. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები შესაძლოა ბევრ საკითხზე გაიმართოს, თუმცა საქართველო არასდროს არ დათმობს ორ რამეს – ტერიტორიულ მთლიანობასა და სწრაფვას ევრო–ატლანტიკური სტრუქტურებისკენ.

ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმა ფანჯიკიძეს ჰკითხა, თუ რას მოელის საქართველოს ხელისუფლება საქართველო–რუსეთის შეხვედრებისგან, სადაც საქართველოს წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე იქნება, რუსეთის კი, სავარაუდოდ, სერგეი ლავროვის მოადგილე იგორ კარასინი. ამის პასუხად მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ პირველ რიგში მოსალოდნელია სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების აღდგენა, რომლის შემდეგაც შესაძლოა ეს მოლაპარაკებები გაღრმავდეს სხვა მიმართულებითაც.

 

მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე

“ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გამოიკვეთება საერთო ინტერესის სფეროები, რომლებმაც ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მიგვიყვანოს პოლიტიკურ დიალოგამდე. ხოლო პოლიტიკური დიალოგის ბოლოს ჩვენი მოლოდინი რაც არის, ეს ყველამ იცის – საქართველოს დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს არის საბოლოო მიზანი, მაგრამ არავის არა აქვს ილუზია, რომ ეს მალე მოხდება”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

ნინო ჟიჟილაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრს ასევე ჰკითხა, მისი აზრით, რას ელის რუსეთი ამ მოლაპარაკებებისგან, თუ არა საქართველოს უარს ნატოზე?

აღნიშნულთან დაკავშირებით მაია ფანჯიძემ განაცხადა: “მე მგონი, რუსეთმა ძალიან კარგად გაიგო ჩვენი განცხადებებისგან, რომ უარი ნატოზე არასოდეს არ ითქმება. ამიტომ მე ვერ წარმომიდგენია, რომ ისინი ამას ელოდნენ. მე ვფიქრობ, რუსეთი შეიძლება ელოდეს იმას, რომ ითამაშოს დადებითი როლი რომელიმე რეგიონში რაღაც საკითხების მოგვარებაში. ეს შეიძლება მისი საერთაშორისო პრესტიჟისთვის იყოს კარგი. მე ვიფიქრებდი, რომ სახელმწიფომ ეს შეიძლება მოინდომოს და ეს უნდოდეს, როდესაც მიდის მოლაპარაკებებზე ვიღაცასთან. იმის ილუზია, რომ საქართველო ოდესმე რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცევა და რუსეთის ორბიტაზე დაბრუნდება, არა მგონია, რუსეთს ჰქონდეს”.

მაია ფანჯიკიძემ ასევე განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში კონფლიქტის მხარეა რუსეთი, თუმცა საჭიროა პირდაპირი დიალოგის დაწყება ნდობის აღსადგენად აფხაზებთან და ოსებთან. საგარეო საქმეთა მინისტრის მოსაზრებით, საქართველომ უნდა დაანახოს აფხაზებსა და ოსებს, რომ ერთად ცხოვრება უკეთესია.

მასალების გადაბეჭდვის წესი