კომენტარი

გიორგი გახელაძე: სწავლის საფასურის საკითხი სამინისტრომ სწრაფად უნდა გადაწყვიტოს

27 ნოემბერი, 2012 • 1337
გიორგი გახელაძე: სწავლის საფასურის საკითხი სამინისტრომ სწრაფად უნდა გადაწყვიტოს

ბატონო გიორგი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, უმაღლესი სასწავლებლები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, როგორც განკარგონ სახელმწიფოს მიერ გაზრდილი დაფინანსება. როგორ ფიქრობთ, სად უნდა მიმართონ სასწავლებლებმა ეს ფული?


მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ უმაღლესმა სასწავლებლებმა თავად უნდა განკარგონ ეს თანხები, არის ბუნდოვანი და პასუხისმგებლურ და პროფესიონალურ მიდგომას საჭიროებს. გასაგებია, რომ სამინისტრომ მოიპოვა თანხა და მის განკარგვაზე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არც მინისტრი და არც სამინისტრო არ იღებს, რაც ცალსახად კარგია. თუმცა უნდა დასახელდეს კონკრეტული ვადა, მაგალითად, სამი კვირა და რომ ამ ვადაში შედგება სხვადასხვა მხარესთან კონსულტაციები და მხოლოდ აზრთა შეჯერების საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება, როგორ უნდა განკარგონ უმაღლესმა სასწავლებლებმა ეს თანხები.

 

არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ საკითხის განხილვის დროს სტუდენტური წარმომადგენლობების მონაწილეობა. ეს ბევრად გამჭვივრვალეს გახდიდა მიღებულ გადაწყვეტილებებს.

 

ამ პროცესის გაჭიანურება არ ივარგებს. დიდია მოლოდინი აბიტურიენტებშიც, ვინაიდან ეს საკითხები საგამოცდო სისტემასთან კავშირშია. თეორიულად გაჩნდა იმის საფუძველი, რომ გრანტის მოპოვების წესი შეიცვალოს, ამიტომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უმოკლეს ვადებში უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები.

 

ამჟამად, როდესაც გაორმაგებული დაფინანსების განკარგვის კონკრეტული მოდელი არ არსებობს, მისი განკარგვის სხვადასხვა მოდელზე შეიძლება საუბარი.

 

რა მოდელებზე შეიძლება იყო საუბარი?


აქ არის რამდენიმე ალტერნატივა. პირველი – ეს თანხა მიემართოს უმაღლესი განათლების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ, რაც ნიშნავს იმას, რომ საგრანტო დაფინანსების ბენეფიციართა რაოდენობას გაზრდის განათლების სამინისტრო, ამასთან, ძალაში დატოვოს სახელმწიფო გრანტის მაქსიმუმი, ე.წ. ჭერი. აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ მინისტრმა საუბრის დროს რამდენჯერმე  სცადა, რომ გაემიჯნა საგრანტო მოცულობისა და “ჭერის” საკითხი, რაც, რბილად რომ ვთქვათ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ნიშნავს, ეს ორი საკითხი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია.

 

აღნიშნული მოდელით უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა იზრდება და ამის მოლოდინიც საზოგადოებაში უკვე გაჩნდა. თუმცა ეს მოდელი უმაღლესი განათლების ხარისხის ზრდაზე გავლენას ვერ მოახდენს.

 

რატომ?


პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველოში 2009 წლიდან აკრედიტაციის პოლიტიკა ძალიან ლოიალური გახდა უმაღლესი განათლების ხარისხის მიმართ, რაც რეალურად არ უნდა იყოს.

 

თუ ჩვენ 2008 წელს მკაცრი სააკრედიტაციო პოლიტიკის შედეგად 31 აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი გვქონდა, ეს რიცხვი 62-მდე ავარდა. ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ მოიმატებს მათი რაოდენობა და ე.წ სადარბაზო სასწავლებლები, როგორც წლების წინ იყო, ისევ მომრავლდება. 

 

რომც არ მოხდეს ასე და სტუდენტთა ადგილების რაოდენობა არ გაიზარდოს, მაგრამ დარჩეს სახელმწიფოს მიერ დადგენილი ჭერი, წელიწადში 2250 ლარის ოდენობით, რომელიც ბაზარს, მათ შორის კერძო უმაღლეს სასწავლებლებს კარნახობს საფასურის განსაზღვრას, არის დაბალი, შეიძლება ითქვას, მინიმალური, რომელიც დღევანდელი ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით არ არის საკმარისი ხარისხიანი მომსახურებისთვის.

 

რაც შეეხება მეორე მოდელს, რაზედაც მინისტრი საუბრობდა, ეს გახლავთ სწავლის საფასურის შესაძლო გაზრდა. აქ გამოსავალი ასეთი იქნებოდა, გადაიხედოს და გაიზარდოს ჭერი და მიუახლოვდეს სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტის მოცულობას

 

აქ ხშირად იყო ნახსენები სიტყვა „გაორმაგება“ და ეს გაორმაგება არის პირობითი, დავუშვათ 2250 ლარიდან გაიზარდა 3500-მდე ან 6000-მდე ან სხვა ნებსიმეირ რაოდენობამდე, მაშინ ამ შემთხვევაში ბენეფიაციართა, ანუ გრანტის მიმღებთა რაოდენობა არ გაიზრდება.

 

მაგრამ ამ მოდელს აზრი ექნება, თუკი განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან ამას მოჰყვება სააკრედიტაციო პოლიტიკის გადასინჯვა და უმაღლესი განათლების მაღალ სტანტარტზე ირიენტირება. თუ არ მოჰყვება ეს ნაბიჯი, მაშინ ჩვენ მივიღებთ არანათაბარ და სოციალურად უსამართლო განათლებას.

 

მესამე ვარიანტი, რაზეც მინისტრი ბრძანებს, უნივერსიტეტმა თავად გადაწყვიტონ განკარგვის წესი, ეს ნიშნავს იმას, რომ საგრანტო მოცულობას კი არა, ვზრდით უმაღლესი განათლებისთვის განკუთვნილ ბიუჯეტს და მოსაფიქრებელი იქნება წესი, როგორ განაწილდეს ის ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებელზე, აკრედიტებულზე თუ არააკრედიტებულზე და ა.შ. პირადად მე დიდად მომხრე არ ვარ ამდაგვარი განაწილებისა.

 

რა უარყოფითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს ასეთ მოდელს?

 

საგრანტო წესით უმაღლესი სასწავლებლებისთვის მიმართული დაფინანსება ისედაც არსებობს. მაგალითად, შოთა რუსთაველის სახელობის სამეცნიერო ფონდი, სადაც არის განსაზღვრული გრანტები სამეცნიერო კვლევითი პროექტებისთვის, რაც მნიშვნელოვანია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის. ასეთი გრანტების მიღებით სასწავლებლები ვალდებულები იქნებიან, გააუმჯობესონ სწავლის ხარისხი. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი