ახალი ამბები

ომბუდსმენი დაჩი ცაგურიაზე და ბექა ალადოშვილზე ფიზიკურ ზეწოლას ადასტურებს

23 სექტემბერი, 2012 • 1482
ომბუდსმენი დაჩი ცაგურიაზე და ბექა ალადოშვილზე ფიზიკურ ზეწოლას ადასტურებს

22 სექტემბერს, ღამის 10 საათზე საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდნენ, სადაც ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული დაჩი ცაგურია და ბექა ალადოშვილი მოინახულეს.

 

სახალხო დამცველის  რწმუნებულები გაეცნენ  დროებითი მოთავსების იზოლატორის გარეგნული დათვალიერების ოქმს, რომლის თანახმად დაჩი ცაგურიას იზოლატორში განთავსების დროს აღენიშნებოდა „მარჯვენა იღლიის მიდამოებში სიწითლეები. მაჯებზე სიწითლეები – ხელბორკილების კვალი. მარცხენა მუხლზე წითელი ფერის ფუფხები.“

  

“დაპატიმრებულების განმარტებით, დაკავებისას და დაკავების შემდეგ მათ მიმართ პოლიციის მიერ განხორციელდა სიტყვიერი და ფიზიკური ზეწოლა, რის შედეგადაც მიყენებული აქვთ სხეულის სხვადასხვა დაზიანებები, თუმცა მათ ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. დაპატიმრებულების გადმოცემით, ისინი თავს ამჟამად ნორმალურად გრძნობენ. 

სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა საქმის შესწავლისთვის საჭირო დოკუმენტაცია, რომლის მიღების შემდგომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება,” – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. 

 

შეგახსენებთ, რომ შსს უარყოფს, რომ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დაჩი ცაგურია პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს. დაჩი ცაგურიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია პირველად მისმა ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ გაავრცელა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, უფლედამცველი დაჩი ცაგურია დღეს იმის გამო დააკავეს, დაარღვია საზგაო მოძრაობის წესები, რის გამოც საპატრულო პოლიციამ ის გააჩერა, თუმცა ცაგურია არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და შუერაცხყოფა მიაყენა მათ.

 

მისი თქმით, დაჩი ცაგურია მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას პოლიციამ მანქანის გაჩერება მოთხოვა, თუმცა ცაგურია არ დაემორჩილა მოთხოვნას, მათ შეურაცხყოფა მიაყენა და ამის შემდეგ მოხდა მისი დაკავება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ცაგურიას დაკავებას არაფერი აქვს საერთო გუშინ, იუსტიციის სახლთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან, რის შემდეგაც 4 ადამიანი იქნა დაკავებული.

 

“თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენელი ჯაბა ჯიშკარიანი აცხადებს, რომ უფლედამაცველი დაჩი ცაგურია, რომელიც ორგანიზებას უწევდა საპროტესტო აქციებს – “არ აწამო”, მას შემდეგ, რაც პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ელბაქიძის დაღამრთზე მიდიოდა, როდესაც მას 4 მანქანა გადაეღობა და გაიტაცეს გაურკვეველი მიმართულებით.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს, ფილარმონიასთან აქციის დასრულების დროს დაჩი ცაგურიამ განაცხადა, რომ ჰქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა მისი დაკავება. ის გუშინ აქციიდან სახლში ტელევიზიის წარმომადგენელთან ერთად წავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი