ახალი ამბები

ახალი სერვისი სასამართლო მტკიცებულებისთვის

1 აგვისტო, 2012 • 1122
ახალი სერვისი სასამართლო მტკიცებულებისთვის

აღნიშნული სერვისი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, დააფიქსირონ მათთვის მნიშვნელოვანი ფაქტი და მიიღონ შესაბამისი ოქმი, რომელსაც მტკიცებულად გამოიყენებენ. 

 

მოქალაქის მიერ ფაქტის დადასტურების თხოვნით აღსრულების ბიუროსთვის მიმართვის შემდეგ აღმასრულებელი ადგილზე აფიქსირებს კონკრეტულ სიტუაციას – ფაქტს; აღწერს ფაქტებს ოქმში, რომელიც თავისუფალია რაიმე შეფასებისაგან; გამოიყენებს ტექნიკურ მოწყოფილობებს, იღებს ნიმუშებს, როდესაც ეს აუცილებელია და დაურთავს ყველა მიღებულ მასალას ოქმს, რომელიც ამტკიცებს ფაქტის არსებობას.

 

„ფაქტების კონსტატაციის“ სერვისი მნიშვნელოვნად შეამცირებს სასამართლო პროცესების ხანგრძლივობას მტკიცების სტადიის ხარჯზე; ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების  დაცვის გაძლიერებას და მოახდენს უფლებათა წინასწარ განზრახული  დარღვევის  პრევენციას”, – აცხადებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

 

ფაქტების კონსტატაციის სერვისით მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს: ქონების გაქირავებამდე მისი მდგომარეობის ასახვისათვის; სამეზობლო დავებისას – წყლის ჩამოშვებისას, საერთო სარგებლობის კიბით, სხვენით ან გზით სარგებლობის ხელისშეშლის შემთხვევაში; ჩუქების; გაყრის; ქონების გაყოფის; მემკვიდრეობით მიღების დროს ქონების სრული ინვენტარიზაციისათვის; შესრულებული სამუშაოს აღწერისთვის, მაშინ, როდესაც დამზადებული ნივთი ან საქონელი არ აკმაყოფილებს კონტრაქტის პირობებს; საავტორო უფლებების დაცვისათვის; პირატული პროდუქციის გაყიდვის დაფიქსირებისათვის; განქორწინების პირობების შეუსრულებლობისას; სტიქიური უბედურების ან სხვა სახის ავარიულ სიტუაციებში ზარალის შესახებ დადასტურებული ფაქტის დასადგენად; დაკვეთის შესრულების დროში უმიზეზოდ გაწელვისას და ა.შ.

 

ანალოგიური სერვისი უცხოეთში  აპროპირებული მეთოდია და  მრავალ ქვეყანაში (მათ შორის საფრანგეთი, ბელგია, ჰოლანდია, ლიტვა, ტუნისი) გამოიყენება, როგორც მტკიცებულება სასამართლო პროცესზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი