ახალი ამბები

თინა ხიდაშელი ევროპის პარლამენტის დეპუტატთა ნაწილს ცილისმწამებელსა და არაადეკვატურს უწოდებს

6 ივლისი, 2012 • • 1156
თინა ხიდაშელი ევროპის პარლამენტის დეპუტატთა ნაწილს ცილისმწამებელსა და არაადეკვატურს უწოდებს

თინა ხიდაშელმა ”რუსთავი 2”–ის ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ მას საერთოდ არ სურს სერიოზული კომენტარი გააკეთოს ლიტველი დეპუტატის განცხადებაზე, რადგან ის არაადეკვატური და რეალობას მოწყვეტილია.

 

რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტში გამართული დებატებისას ვიტაუტას ლანდსბერგისმა საქართველოზე საუბრისას განაცხადა: 

 

”შეშფოთებული ვარ საქართველოში წინასაარჩევნო ვითარებით: სამი ფაქტორია, რაც იქცევს ყურადღებას იმ ფონზე, რომ არსებობს  ახალი სისხლისმღვრელი  ინტერვენციის საფრთხე. 

 

პირველი ფაქტორია რუსული ფულის ინტერვენცია, რათა მოქრთამონ პოლიტიკოსები და გაჭირვებული ხალხი და საქართველოს ევროპისკენ სწრაფვის პოლიტიკა შეცვალონ და პრორუსული პოლიტიკა დააბრუნონ. ეს სრულიად გაყალბებული საარჩევნო კამპანია უნდა შეიცვალოს ისე, როგორც ოლიგარქიული და კრემლის კავშირის პროპაგანდა, თითქოს არ არსებობს ქეყანაში თავისუფლება.   

რეალურად კი მიმდინარეობს ნაცისტური შეტევა არაქართველი, არაქრისტიანი, პრო-უმცირესობის მხარეს მყოფი მთავრობის წინააღმდეგ. ასეთი პოლიტიკა სურთ ლიბერალებს? დაე, რუსულმა ფულმა მოიგოს არჩევნები? ”

 

თინა ხიდაშელის განცხადებით, არ შეიძლება ვინმე ნაციზმში დაადანაშაულო, მით უმეტეს, ”ქართული ოცნება”, რადგან ვინც კი ნაციზმში დაუდანაშაულებიათ, ის საერთაშორისო ტრიბუნალებს გაუსამართლებიათ კიდეც. თინა ხიდაშელმა პრესკონფერენციაზე მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა ტელეარხებმა ცალმხრივად, ასევე, დამახინჯებული თარგმანით გააშუქეს ევროპარლამენტში საქართველოში მომავალი არჩევნების შესახებ გამართული დებატები. ამის დასტურად ხიდაშელმა დარბაზში მყოფებს ევროპარლამენტის დეპუტატების გამოსვლები აჩვენა და მათი შინაარსი შეადარა პროსახელისუფლებო ტელეარხების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს.

 

თინა ხიდაშელის თქმით, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ნამდვილად ისმოდა სააკაშვილის მხარდამჭერი და ივანიშვილის საწინააღმდეგო ფრაზები, თუმცა, იყო პირიქითაც.

 

”ევროპის პარლამენტში იყო გამოსვლები, სადაც გაისმა ბრალდებები რუსული ფულის, გაზპრომში ბიძინა ივანიშვილის წილის და მსგავსი არარსებული ამბების შესახებ. თუმცა, რაც ცალსახად უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ ყველა ეს გამოსვლა ეკუთვნოდა ერთ კონკრეტულ პოლიტიკური ოჯახის, კერძოდ, კონსერვატორების/სახალხო პარტიის წარმომადგენლებს, რომელთა წევრია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

თინა ხიდაშელის განცხადებით, ”ქართული ოცნების” ამოცანაა, რომ ევროპის პარლამენტის ყველა წევრს მიაწოდოს ინფორმაცია და არავის მისცეს უფლება, ისინი ყალბი ინფორმაციით კვებონ. ხიდაშელის განცხადებით, ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროპის პარლამენტის იმ პოლიტიკური ოჯახის სანდოობა (კონსერვატორების/სახალხო პარტიის) ეჭვქვეშ დგას, რადგან მათი წევრი – კრჟიშტოფ ლისეკი, ნაციონალური მოძრაობის მეგობარია და სააკაშვილს ის ღირსების ორდენითაც ჰყავს დაჯილდოვებული. თინა ხიდაშელის თქმით, ლისეკს მოუწევს ან ბოდიში მოიხადოს, ან წარმოადგინოს იმ ბრალდების დამამტკიცებელი დოკუმენტები, რომელიც მან ივანიშვილის მისამართით წარმოთქვა.

 

შეგახსენებთ, რომ დებატები საქართველოს შესახებ სტრასბურგში 4 ივლისს გაიმართა “ევროპის ლიბერალ-დემოკრატების ალიანსის” (ALDE) ინიციატივით, რომლის წევრია “საქართველოს რესპუბლიკური პარტია”. 

დებატებში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტარები სხვა პარტიებიდანაც, მათ შორის, “ევროპის სახალხო პარტიიდან” (EPP), რომლის შემადგენლობაშიც დამკვირვებელი წევრის სტატუსით საქართველოდან წარმოდგენილია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი