ეკონომიკა

ბიზნესგარემოს შემაფერხებელი ძირითადი ფაქტორები

22 მაისი, 2012 • 2044
ბიზნესგარემოს შემაფერხებელი  ძირითადი ფაქტორები

საქართველოს განვითარების კვლევითმა ინსტიტუტმა ქვეყანაში ბიზნესგარემოს მდგომარეობასა და კონკურენციის პოლიტიკის საკითხებზე კონფერენცია გამართა.   

კონფერენცია სასტუმრო “თბილისი მარიოტში” შედგა, რომელზეც  მოხსენებით ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორები დავითა ნარმანია და ქეთევან ლაფაჩი გამოვიდნენ.

 

დავით ნარმანიამ  ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების მთავარ მიზეზად დარგობრივი რეგულირება და კონკურენცია დაასახელა. .

 

„ბიზნეს-გარემოში ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა: დაბალ დონეზეა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ბოლო 10 წლის მანძილზე არ გაუმჯობესებულა. სამწუხარო ტრადიციად იქცა ადგილობრივი წარმოების განვითარების დაბალი დონე და იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.   მისი თქმით, ხელისუფლების არაადეკვატური რეფორმები ბიზნეს-გარემოს გასაუმჯობესებლად და საბანკო კრედიტებზე მაღალი განაკვეთები მნიშვნელოვნად აფერხებს ბიზნესის განვითარებას.  ბიზნესის განვითარებას ასევე აფერხებს  ხშირი საკანონმდებლო ცვლილებები და არამდგრადი საგადასახადო სისტემა.

 

ქეთევან ლაფაჩის შეფასებით,  ბიზნესის განვითარებას მნიშვნელოვნად უშლის ხელს ხშირი საკანონმდებლო  ცვლილებები, რაც მეწარმეთა უსაფუძვლო დაჯარიმებას იწვევს: „ ბაზარზე არსებობს მონოპოლიები და ოლიგოპოლიები, რაც ხელოვნურად დაწესებული მაღალი ფასების პირობებში მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მოსახლეობას. კანონი “თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ” მრავალრიცხოვან შეუსაბამობას შეიცავს“.

 

ქეთევან ლაფაჩის ინფორმაციით, გლობალური კონკურენტუნარიანობის 2012 წლის ინდექსში საქართველო 142 ქვეყანას შორის ადგილობრივი ბაზრის კონკურენტული გარემოს კუთხით 128-ე ადგილზეა, ხოლო ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტურობის კუთხით – 135-ზე;

 

„არ არსებობს საკუთრების დაცვის მინიმალური გარანტიებიც კი. საქართველო 142 ქვეყანას შორის საკუთრების უფლების დაცვის კუთხით 120-ე ადგილზეა. მათივე განცხადებით, დღევანდელ საქართველოში კონკურენციული პოლიტიკის როლი ეკონომიკური რეფორმების პროცესში საერთოდ უგულვებელყოფილია“ –ამბობს ლაფაჩი.   

მისი შეფასებით, მოქმედი კანონი “თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ”, სხვა ქვეყნების ანალოგიური კანონებისაგან განსხვავებით, არ ვრცელდება ბიზნესის შემზღუდავი პრაქტიკის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა ანტიკონკურენციული შეთანხმებები, მონოპოლიური საქმიანობა, საბაზრო ძალაუფლების კონცენტრაცია. საქართველოს ანტიმონოპოლიური ორგანო – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო, მიუხედავად ევროკავშირის მოთხოვნით განხორციელებული ინსტიტუციური რეფორმისა, მხოლოდ ნომინალურად არსებობს და ფაქტობრივად უმოქმედოა.

 

“საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ახალი საგადასახადო კანონი, რომელიც მიღებულია, მაგრამ მისი საბოლოო ტექსტი ჯერ კიდევ უცნობია, სტრუქტურული თვალსაზრისით, სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, შეიცავს მრავალ საკამათო დებულებას, რომელთა დამტკიცების შემთხვევაში ჩნდება საშიშროება, რომ საქართველოს მთავრობის ყოვლისმომცველი სტრატეგია კონკურენციის სფეროში, მიუხედავად მისი პროგრესული ხასიათისა, ქაღალდზე დარჩება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

მისივე თქმით, რეალურია საფრთხე, რომ  კონკურენტული პოლიტიკის გაჯანსაღების გარეშე, საქართველოს ბაზარი  კლანური პრინციპით განვითარდეს და გადაიქცეს უკვე დამკვიდრებული ძალების ანტიკონკურენტული ქმედების ასპარეზად, რაც უარყოფითად აისახება საზოგადოების კეთილდღეობაზეც, საინვესტიციო იმიჯზეც და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესზეც.

 

ნარმანიას შეფასებით, ამ ფაქტორების გამო  ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის ბრუნვა 16 პროცენტს შეადგენს. ამ სეგმენტში მოსახლეობის 42 პროცენტია დასაქმებული.

 

ნარმანია მცირე და საშუალო ბიზნესის შემაფერხებელ ერთ– ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად საბანკო კრედიტების ხელმისაწვდომობის პრობლემას ასახელებს. , „ჩვენთან მარჟა საბანკო კრედიტებზე არის საკმაოდ მაღალი. თუ ბანკმა საკრედიტო რესურსი 6 პროცენტად მოიზიდა, არსებული  გათვლებით, სასხის გაცემისას ამ მაჩვენებელს დაახლოებით 15 პროცენტი ემატება. ეროვნული ბანკის გათვლებით კი ბანკების მოგების მარჟა მხოლოდ 9,5 პრცენტია. ამოტომ საქართველო გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში, საბანკო სესხებზე ხელმისაწვდომობით 79 –ე ადგილზეა, “– ამბობს ნარმანია.   

 

ნარმანიას შეფასებით, ქვეყანაში ბიზნესგარემოს განვითარებას ხელს უშლის ბიზნესის ლიკვიადციისთვს დაწესებული 3– პროცენტიანი გადასახადი: „ ეს თანხა კომპანიის ბრუნვის 3 პროცენტია და იმდენად დიდი თანხაა, რომ ბიზნესკომპანიები ლიკვიდაციას გაურბიან. რამდენი კომპანია საქმიანობს ბაზარზე რეალურად, ამის გათვლა რთულია. ლიკვიდაციაზე დაწესებული მაღალი გადასახადის  გამო მკვდარი ბიზნესების რაოდენობა ხელოვნურად იზრდება“.       

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი