ახალი ამბები

New York Times: საქართველო შენდება, მაგრამ რის ხარჯზე

11 მაისი, 2012 • • 1157
New York Times: საქართველო შენდება, მაგრამ რის ხარჯზე

გამოცემა New York Times აქვეყნებს ჟურნალისტ ჰელი სვითლენდ ედვარდის სტატია–მოსაზრებას სათაურით “საქართველოს კონსტრუქცია”, რომელშიც სტატიის ავტორი, ადგილობრივი ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დასკვნაზე დაყრდნობით, ქვეყანაში ბოლო დროს ტურისტულ ზონებში მესაკუთრეებისთვის საკუთრების ჩამორთმევის ფაქტებს ეხება.

კერძოდ, სტატიაში  საუბარია საქართველოს ტურისტულ რეგიონებში მიმდინარე აღმშენებლობის კვალდაკვალ საკუთრების ხელყოფის ტენდენციებზე.

ჟურნალისტი სტატიაში აღნიშნავს, რომ გასული ხუთი წლის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მიწის მესაკუთრეების  – ძირითადად ისეთ ადგილებში, სადაც ხელისუფლება დაინტერესებულია ახლის შენებით –   საკუთრება გადავიდა სახელმწიფოს ხელში.

ჟურნალისტი “საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველოს” ანგარიშიდან გამოყოფს ქონების “ჩუქება–მიტოვების” მეთოდებს.

კერძოდ, 2010 წლიდან, მას შემდეგ რაც საკუთრების ქონების ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო ქვეყანაში, გარკვეულ შეუსაბამობაში მოვიდა ძველ მონაცემებთან. რის გამოც მიწის მფლობელებმა აღმოაჩინეს, რომ მათი საკუთრება უკვე სხვისი საკუთრებაა. ხოლო სასამართლოში აღნიშნულის გასაჩივრების შემდეგ სასამართლომ სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყვიტა მესაკუთრეთა დავები.

ჟურნალისტი აქვე აღნიშნავს, რომ მსგავს ტურისტულ რეგიონებში ხდება ქონების “ჩუქება” და ამ გზით სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტი გია გვალავა კი ჟურნალისტთან აღნიშნავს, რომ მსგავსი ფორმით მიწის სახელმწიფოსთვის გადაცემა ეჭვებს აჩენს და ასეთ შემთხვევაში უმეტესწილად ქონების “ჩუქება” გარკვეული ზეწოლის შემდეგ ხორციელდება.    

“ეს სამწუხაროა. მაშინ, როდესაც შენდება პორტები, გზები, ტურისტული ობიექტები, მთავრობას დაავიწყდა, რომ პროცესი არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც მიზანი. ეჭვგარეშეა, რომ საქართველო რამდენიმე წელიწადში წარდგება როგორც  ახალი ქვეყანა. თუმცა, რის ფასად?” – შენიშნავს ჟურნალისტი სტატიის ბოლოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი