ეკონომიკა

სებ-ი “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ კვლევას აკრიტიკებს

19 აპრილი, 2012 • 1206
სებ-ი “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ კვლევას აკრიტიკებს

საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ კვლევას არ ეთანხმება.

სებ–ი ამ საკითხთან დაკავშირებით პირველ კომენტარს „ნეტგაზეთთან“ აკეთებს:

„ის, რომ ქართული საბანკო სისტემა ჯანსაღია, ამას არაერთი სტატისტიკური მონაცემი და გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებებიც მოწმობს. რაც შეეხება გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგს და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევას, უნდა ითქვას, რომ ხშირად რეალობასთან აბსოლუტურად შეუსაბამოა და გაკვირვებას იწვევს საერთაშორისო ანალიტიკურ ჯგუფებშიც,“ – განუცხადეს „ნეტგაზეთს“ საქართველოს ეროვნულ ბანკში.  

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საბანკო სფეროს კომპონენტში ქართულ ბანკებს ერთ–ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ. საქართველო სესხის აღების სიმარტივით 142 ქვეყანას შორის 79–ე, ხოლო საბანკო სისტემის სიჯანსაღით 104–ე ადგილზეა.

საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ საქართველოს საბანკო სისტემა მდგრადია, რადგან „კრიზისის დროსაც კი არ დამდგარა რომელიმე ქართული ბანკისათვის ფინანსური დახმარების საჭიროება, უფრო მეტიც, 2008 წლის  სამხედრო კონფლიქტის დღეებშიც ბანკებს საკმარისი ლიკვიდობა გააჩნდათ იმისათვის, რომ ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე დაეკმაყოფილებინათ დეპოზიტების გატანის მასშტაბური მოთხოვნა“. 

სებ-ის განმარტებით, ქართული საბანკო სექტორის მდგრადობის თემას კიდევ უფრო ამყარებს გავლენიანი გამოცემის, Financial Times-ის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი სტატია, სადაც ვკითხულობთ, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი  ერთ-ერთი ქართული კომერციული ბანკი FTSE-ის (საფონდო ინდექსი) ინდექსში განთავსებულ ბანკებთან შედარებით ყველაზე ნაკლებრისკიანია. ამავე სტატიაში მაღალი შეფასება აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს, როგორც სისტემის რეგულატორს. პოზიტიურადაა შეფასებული მარეგულირებლის ხარისხი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერაც.

რაც შეეხება კრედიტების ხელმისაწვდომობის თემას, ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ 2011 წელს ძალაში შევიდა რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რითაც მნიშვნელოვნად გაიზარდა სესხის უზრუვნელყოფის სახეები და საშუალებები (განსაკუთრებით მოძრავი ქონების ნაწილში) და, შესაბამისად, უფრო მეტი კლიენტისთვის გახდა სესხი ხელმისაწვდომი. 

ამავე თემაზე:

საქართველოს საბანკო სისტემა 104-ე ადგილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი