ახალი ამბები

ჟურნალისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

11 ივლისი, 2011 • 1451
ჟურნალისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტორეპორტიორები მივიდნენ კითხვებით,  რომლებიც აქვთ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტოგრაფებთან დაკავშირებით.

სამინისტროში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარეს უთხრეს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ადგილზე არ იმყოფება და ტელეფონით შეატყობინებენ, შეხვდება თუ არა ვანო მერაბიშვილი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს რწმუნებით აღჭურვილ წარმომადგენლებს.

ეს მოთხოვნა ერთ–ერთია, რომლითაც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა. ქარტია ასევე თხოვს შინაგან საქმეთა მინისტრს დაუყოვნებლივ მოეხსნას  გრიფი “საიდუმლო” დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმეს, დაუყოვნებლივ მოეხსნათ  ფოტორეპორტიორების ადვოკატებს დუმილის ვალდებულება,  რათა მათ დროულად და ამომწურავად მიაწოდონ ინფორმაცია მოქალაქეებს;

ქარტია ასევე ითხოვს,  საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქმის მასალების გაცნობის საშუალება მიეცეს წარმომადგენლობით საზოგადოებრივ კომისიას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტორეპორტიორები  13.00 საათზე შეიკრიბნენ. ფოტორეპორტიორები მივიდნენ მაისურებით, რომლებზეც გადახაზული ფოტოკამერები იყო გამოსახული.

ჟურნალ „ლიბერალის“ თანამშრომლებმა აქციაზე მოიტანეს „ლიბერალის“ დღევანდელი ნომრები, რომელშიც გამოქვეყნებულია 26 მაისს პრეზიდენტის ფოტოგრაფის ირაკლი გედენიძის გადაღებული ფოტოები.

შეგახსენებთ, დღეს დაკავებულმა ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ გაზეთ „ალიაში“ გამოაქვეყნა წერილი, სადაც ის აცხადებს, რომ 26 მაისს გადაღებულ ფოტოებს შეეწირნენ.

ჟურნალისტების გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან  სხვა პროფესიის მოქალაქეებიც მივიდნენ.

14.00 საათზე  აქციის მონაწილეები გაზეთ „ალიას“ მოწოდებით გაემართნენ ამერიკის საელჩოს შენობასთან, რათა გადასცენ წერილი ჯონ ბასს– აშშ–ს ელჩს საქართველოში.

ხვალ 19.00 საატზე ქარტიის ორგანიზებით საპროტესტო აქცია უკვე პარლამენტის შენობასთან გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი