ახალი ამბები

ქარტიის საბჭოს მოსაზრება “მოამბის” რეპორტაჟზე

30 აპრილი, 2013 • 1490
ქარტიის საბჭოს მოსაზრება “მოამბის” რეპორტაჟზე

საბჭოს ამ სიუჟეტის გამო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიმართა. იმის გამო, რომ სიუჟეტის ავტორი ჟურნალისტი არ არის ქარტიის ხელმომწერი, საბჭომ საქმის წარმოების წესის შესაბამისად, ვერ შეძლო საჩივრის განხილვა სტანდარტული პროცედურით, მაგრამ გამოაქვეყნა მოსაზრება აღნიშულ საკითხზე.

 

საბჭო მიიჩნევს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის 2013 წლის 23 აპრილის ეთერში გასული მასალების მიხედვით, შესაძლებელია არასრულწლოვნის ან მისი ოჯახის იდენტიფიცირება, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის დარღვევაა; ასევე, არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მისი პირადი ცხოვრების სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციის ტელეეთერით გათქმა დაუშვებელია და არღვევს მაუწყებელთა ქცევის კოდექსისა და აღიარებული ჟურნალისტური სტანდარტების მოთხოვნებს. და ამას გარდა, სიუჟეტში მოყვანილი ზოგიერთი ინფორმაცია დაუდასტურებელია და არ ჩანს, რომ ჟურნალისტმა ყველა ღონე იხმარა ამ ინფორმაციის დასადასტურებლად ან უარსაყოფად.

 

აღწერილობით ნაწილში საბჭო მიუთითებს, რომ სადავო სიუჟეტში მოთხრობილი იყო არასრულწლოვნის შესახებ, რომელმაც გაუპატიურების შედეგად ბავშვი გააჩინა: სიუჟეტში ჟურნალისტმა 2 ვერსია განიხილა: (1) გოგონა მოძალადე ბიძის მსხვერპლი გახდა და (2) არასრულწლოვანი სასწავლებელში უცნობმა გააუპატიურა.

 

საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სიუჟეტში ჟურნალისტმა აჩვენა 2 ექსპერტიზის დასკვნა, პირველი ადასტურებდა იმას, რომ გოგონა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იყო, მეორე დასკვნის მიხედვით კი, გოგონას შვილის ბიოლოგიური მამა გოგონას ბიძა არის. ჟურნალისტმა დაასახელა მუნიციპალიტეტი, რომლის ერთ-ერთ სოფელშიც განვითარდა ისტორია. გვაჩვენა რამდენიმე მეზობლის ღია ინტერვიუ და კადრები. ჟურნალისტი აღნიშნავდა, რომ ამ თემაზე მასალის მომზადება არასრულწლოვნის ოჯახის თხოვნით გადაწყდა. 

 

საბჭო მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა დაარღვია საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსი, ვინაიდან მუნიციპალიტეტის დასახელებით, მეზობლების ჩვენებით, იმ სასწავლებლის ხელმძღვანელის ღიად ჩვენებით, სადაც გოგონა სწავლობდა, სიუჟეტის ანონსში ძალადობაში ბრალდებული ბიძის გვარის დასახელებით, გაადვილებულია არასრულწლოვნის ან მისი ოჯახის იდენტიფიცირება.

 

საბჭო მიიჩნევს, რომ სიუჟეტის მომზადებისას დაირღვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის რამდენიმე მოთხოვნა. კერძოდ: მთელი სიუჟეტის განმავლობაში ტრიალებს სიტყვა «გონებაჩამორჩენილი», რომელიც ისმინება, როგორც «მოამბის» სტუდიიდან ჟურნალისტის ჩართვისას, ისე სიუჟეტში, რაც იმის ვარაუდის საბაბს აჩენს, რომ ჟურნალისტი სპეციალურად ამძაფრებს სცენარს, დაზარალებული გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის მითითებით. ჟურნალისტმა სიუჟეტში გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, სადაც გოგონას გონებრივ შეზღუდულობაზეა საუბარი, მოიყვანა შესაბამისი ციტატა დასკვნიდან. საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის 15.8-ე მუხლში ნათქვამია, რომ: “უნარშეზღუდულ ადამინებთან ურთიერთობისას განსაკუთრებული დელიკატურობის გამოჩენაა საჭირო, რომ მათი ღირსება არ შეილახოს.”

 

“რესპოდენტების სიმრავლისა და გარკვეული დოკუმენტაციის ჩვენების მიუხედავად, ჟურნალისტმა მაინც აუცილებლად მიიჩნია არასრულწლოვანთან ინტერვიუს ჩაწერა და სიუჟეტში მისი კომენტარის გამოყენება. გოგონას კომენტარი არანაირ ღირებულ ინფორმაციას არ სძენდა სიუჟეტს”, – მიიჩნევს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო.

მასალების გადაბეჭდვის წესი