ახალი ამბები

ბაგა-ბაღების კვების ახალ მენიუში თბილისმა 1 200 000 ლარი დაზოგა

30 სექტემბერი, 2015 • • 3790
ბაგა-ბაღების კვების ახალ მენიუში თბილისმა 1 200 000 ლარი დაზოგა

“გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში, რაიონული პრინციპით, ერთობლივი ელექტრონული ტენდერები გამოცხადდა. ოთხი თვის კვების კომპონენტში დაახლოებით 1 მილიონ 200 ათას ლარამდე დაიზოგა”, – განუცხადა თემურ თოდრინავამ, თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნეტგაზეთს. 

 

მისივე განმარტებით, რაიონული პრინციპით, ჯამში, 210 ტენდერი გამოცხადდა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულებებს საბავშვო ბაღები ინდივიდუალურად, შესაბამისი პროდუქტის რაოდენობის მიხედვით აფორმებენ. აქამდე სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებები ინდივიდუალურად ახორციელებდნენ საკვები პროდუქტის შეძენას კომპანიებისგან.

 

რაც შეეხება თავად მენიუს, როგორც ბაგა-ბაღების სააგენტოში აცხადებენ, ახალი, 2015 სასწავლო-სააღმზრდელო წლიდან თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღისათვის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სპეციალისტების მიერ შემუშავებული იქნა ბავშვთა კვების რაციონი, რომელიც გასულ წლებთან შედარებით მრავალფეროვანია და მოიცავს ყველა იმ საჭირო საკვებ პროდუქტს, რომელიც აუცილებელია ბავშვის სრულფასოვანი ზრდა-განვითარებისთვის.

 

“პატარებს უნდა ჰქონოდათ არჩევანის საშუალება, თუ აღსაზრდელი პრეტენზიულია, აქვს არჩევანის უფლება, რა საკვები მიიღოს. იქამდე ყველა ბაღი ინდვიდუალურად ახორციელებდა მენიუს შედგენას, მომზადებას. კონკრეტული ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული.  თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღის კვების მენიუ ერთნაირი იქნება. კვირის თითეულ დღეს ბავშვებს სხვადასხვა სახის კერძს შეთავაზებენ”, – ამბობს თემურ თორდინავა. 

 

ქეთევან დადიანი, ექსპერტი კვების საკითხებში, რომელიც ასევე ჩართული იყო საბავშვო ბაღების კვების ახალი სტანდარტის შემუშავებაში, ამბობს, რომ 4-6 წლის ასაკში ბავშვმა 1581 კალორია უნდა მიიღოს, რასაც ახალი მენიუ ითვალისწინებს.

 

“აქცენტია ცილებზე, მათ შორის, ცხოველურ ცილებზე, ცხიმებზე. მენიუ მრავალფეროვანია ნაციონალური კერძების ხარჯზე. რაციონში არის მჭადი, ყველი, ლობიანი, ხაჭაპური, ჩიხირთმა. იქნება ბორშიც, ვეგეტარიანული წვნიანი, საქონლის, ქათმის წვნიანი, თევზი, ბოსტნეულის კერძები, დესერტი”, – ამბობს ქეთი დადიანი ტელეკომპანია GDS-სთან საუბარში. 

 

“მიზანი იყო, საბავშო ბაგა-ბაღებში ხარისხიანი პროდუქტი შესულიყო. ძალიან მკაცრი რეგულაციები ჩავდეთ ტენდერის პირობებში და შემდეგ ხელშეკრულებებში. ოდნავი გადაცდომის შემთხვევაშიც კი, მივიღებთ მკაცრ ზომებს. მაგალითად, ხორცპროდუქტები ბაღებში პირდაპირ სასაკლაოდან შედის”, – ამბობს თემურ თორდინავა. 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი